"მოსახლეობა უკმაყოფილოა ქვეყნის კურსით და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკით" - როგორია NDI-ის კვლევის შედეგები - კვირის პალიტრა

"მოსახლეობა უკმაყოფილოა ქვეყნის კურსით და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკით" - როგორია NDI-ის კვლევის შედეგები

”ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) 2016 წლის მარტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. დღეს ცნობილი გახდა გამოკითხვის პასუხები ქვეყნის მიმართულებასა და ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით, კვლევის პოლიტიკურ ნაწილს NDI მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.

"საქართველოს მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა ქვეყნის განვითარების კურსით, განსაკუთრებით კი ეკონომიკის მდგომარეობით. ამას გარდა, ისინი ხელისუფლებისა და პოლიტიკური ლიდერების მხრიდან შესაბამის რეაგირებას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ პოლიტიკოსები არ ზრუნავენ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. აუცილებელია, რომ საჯარო პირებმა და პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით საარჩევნო წელს, მოქალაქეებთან კომუნიკაციის გააუმჯობესებაზე იზრუნონ და ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების საკითხებზე საკუთარი სტრატეგია წარუდგინონ," - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობაში ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით მზარდი უკმაყოფილება შეინიშნება. მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა (42 პროცენტი) ან არ შეცვლილა (47 პროცენტი); მხოლოდ 10 პროცენტს მიაჩნია, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება (39 პროცენტი) ან საერთოდ არ ვითარდება (36 პროცენტი). ამასთან, უმეტესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს.

მოქალაქეებს განსაკუთრებით აწუხებთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია. ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი გამოკითხულთა უმეტესობისთვის სამუშაო ადგილებია. გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. 35% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი არის ფასების ზრდა/ინფლაცია, 30% - სიღარიბეს, 26% - პენსიებს ასახელებს, ხოლო ხუთეულის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტერიტორიული მთლიანობა სახელდება.

გამოკითხვის თანახმად, რუსეთთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად კვლევაში მონაწილე ადამიანების 12%-მა დაასახელა.

გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეები უკეთესობას ხედავენ ჯანდაცვის სფეროში. მოსახლეობის 51 პროცენტმა განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ამ სფეროში მდგომარეობა გაუმჯობესდა. 38 პროცენტმა კი აღნიშნა, რომ სიტუაცია ასევე გაუმჯობესდა სიტყვის თავისუფლების კუთხით.

კითხვაზე - ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ როგორია თქვენი და თქვენი ოჯახის მდგომარეობა, პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა - გამოკუთხულთა 10% ფიქრობს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. 47%-ის აზრით მდგომარეობა იგივე დარჩა, ხოლო 42% ფიქრობს, რომ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუარესადა.

კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული კურსი ევროკავაშირში გაწევრიანების შესახებ, რესპონდენტთა 77%-მა დადებითი პასუხი გასცა. შეკითხვაზე უარყოფითი განწყობა გამოკითხულთა მხოლოდ 14%-მა დააფიქსირა. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, ალიანსის წევრობას მხარს რესპონდენტთა 69 % უჭერს, 19% კი წინააღმდეგია.

შეკითხვაზე, რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის და ყაზახეთის მიერ, დადებითი პასუხი რესპონდენტთა მხოლოდ 20%-მა გასცა.

რაც შეეხება შეკითხვას, უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ, დადებითი პასუხი გამოკითხულთა 61%-ს აქვს.

რესპონდენტთა 9% არც ერთ აღნიშნულ კავშირში გაწევრიანებას არ ეთანხმება, კიდევ 9%-მა ”არ იცის”, 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ის ანგარიშის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ რესპონდენტთა 84 პროცენტი ინფორმირებულია, საიდანაც 72 აცხადებს, რომ აღნიშნულს ემხრობა.

კითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გამოკითხულთა 14%-მა აღნიშნა, რომ ”პროდასავლური”, 52%-ის აზრით, ”პროდასავლური, თუმცა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც”, 5% ფიქრობს, რომ ”პრორუსული”, 16%-ის აზრით კი, ”პრორუსული, თუმცა საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან”. 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნატო - 23%; ევროკავშირი - 13%; რუსეთი - 13%; აშშ - 10%; ევრაზიული კავშირი - 1%; აზერბაიჯანი - 1%; სომხეთი - 1%; კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ - გასცა 32%-მა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, გამოკითხულთა 47% რუსეთს მიიჩნევს. ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი - 47%; ”ისლამური სახელმწიფო”- 8%; აშშ - 7%, თურქეთი - 5%; ნატო - 2%; სომხეთი - 1%, ევროკავშირი - 1%; ევრაზიული კავშირი - 1%; სხვა - 2%; არ ვიცი - 27% და უარი პასუხზე 1%-მა განაცხადა.