ბაქრაძე - 15%, კვირიკაშვილი - 5%... - NDI მორიგი კვლევის შედეგს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

ბაქრაძე - 15%, კვირიკაშვილი - 5%... - NDI მორიგი კვლევის შედეგს აქვეყნებს

”ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) 2016 წლის მარტის კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციამ ქვეყნის მიმართულებასა და ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. (იხ: "მოსახლეობა უკმაყოფილოა ქვეყნის კურსით და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკით" - როგორია NDI-ის კვლევის შედეგები)

"NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა. მოქალაქეები, ამავდროულად, მიიჩნევენ, რომ არჩეული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან და ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას", - წერია ორგანიზაციის მიერ წარდგენილ დასკვნაში.

გამოკითხულთა უმრავლესობა (64 პროცენტი) მიიჩნევს, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში მხოლოდ საკუთარ ინტერესებს წარმოადგენს, მაშინ როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი დეპუტატი ამომრჩევლის ინტერესებს იცავს. გამოკითხვის თანახმად, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ამომრჩევლებიდან თითქმის არავის (2 პროცენტი) არ დაკავშირებია პარლამენტის წევრი ან მისი წარმომადგენელი, ხოლო მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედეზე ნაკლებმა (31 პროცენტი) იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი;

"მოქალაქეები ამბობენ, რომ პარლამენტი სათანადოდ ვერ ართმევს თავს მისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას – წარმოადგენდეს მოქალაქეების საჭიროებებსა და ინტერესებს. საკანონმდებლო ორგანოს წევრები და შენობაც კი, აღიქმება როგორც საზოგადოებისთვის მიუწვდომელი," - განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა.

კითხვაზე "ხვალ რომ არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას", მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს; მათ შორის გადაუწყვეტელია იმ ამომრჩევლების ნახევარიც, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას.

რესპონდენტების 16 პროცენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დაასახელა როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, 15 პროცენტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ემხრობა, 9 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 5 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას, 5 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი კოალიცია ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13 პროცენტი - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 4 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას და 3 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ ”ქართული ოცნება”, ხოლო 11% - ”ნაციონალური მოძრაობა”. კითხვაზე პასუხი არ იცის 43%-მა, 5% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია, 4% მიიჩნევს, რომ ”თავისუფალი დემოკრატები” გაიმარჯვებდა, პასუხად სხვას აცხადებს გამოკითხულთა 5%, აღნიშნულ პასუხში კი მოიაზრებიან პარტიები - ”პატრიოტთა ალიანსი”, ”ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიცია”, ”თავისუფალი საქართველო”, ”ლეიბორისტული პარტია”, ”გირჩი”, ”საქართველოს გზა” და ”ახალი მემარჯვენეები”.

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ''ნაციონალურ მოძრაობას' 'ხმას არასოდეს მისცემდა. კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არასოდეს, გამოკითხულთა 20% ''ნაციონალურ მოძრაობას'' ასახელებს, 19%- ''ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს'', 4%- ''ლეიბორისტულ პარტიას'', 4%- ''გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას'', 25% აცხადებს, რომ არ იცის რომელ პარტიას არ მისცემს ხმას არასოდეს, 10 % ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს. 9%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი მოსწონთ, გამოკითხულთა 15%-მა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დაასახელა, გამოკითხულთა 7%-ს ირაკლი ალასანია მოსწონს; 6%-მა - შალვა ნათელაშვილი, 5%-მა - გიორგი კვირიკაშვილი, 3%-მა კი - დავით სერგეენკო დაასახელა.

რაც შეეხება იმ პოლიტიკოსებს, რომელიც არ მოსწონთ, სიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს 4%-ით. გამოკითხულთა 3%-ს არ მოსწონს ეკა ბესელია; ასევე 3%-ს არ მოსწონს გიგა ბოკერია და გოგი თოფაძე, 2%-ს არ მოსწონს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი; აღნიშნულ კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გამოკითხულთა 42%-მა გასცა, უარი პასუხზე კი - 16%-მა განაცხადა.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურ თანამდებობას აღარ იკავებს. რესპონდენტთა მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირი, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა, ხოლო არც ერთ მოსაზრებას არ იზიარებს გამოკითხულთა 4%.

გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 25% კი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი და ამასთან ეკავოს ოფიციალური თანამდებობა.

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა 21%-მა საერთოდ არ იცის.

კითხვაზე, რამდენად იცით პარლამენტის საქმიანობის შესახებ - 7% აცხადებს, რომ იცის კარგად, 71 % აცხადებს, რომ მეტ-ნაკლებად იცის, ხოლო - 21%-მა საერთოდ არ იცის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 42 % საშუალოდ აფასებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27 % მის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 26 % კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.

"ჩვენს ბოლო კვლევებში გამოიკვეთა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ და არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას", - განაცხადა თორნტონმა.

იხილეთ ასევე: "ნაციონალური მოძრაობა" - NDI -ს: "სარკევ, სარკევ, აბა, მითხარ, ჩემი მსგავსი სხვა ვინ არის"?!