"ცოლებს თავი დაანებონ" - კვირის პალიტრა

"ცოლებს თავი დაანებონ"

"ეს იყო ტესტი სახელისუფლებო აპარატისთვის, თუ რამდენად ერთგულია  ბელადისა"

ყოფილმა "იმედელმა" პარლამენტარებმა იმიტირებული "ქრონიკა" ჟურნალისტური ეთიკის დარღვევად მიიჩნიეს. ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის აზრით, მოსახლეობის მოტყუების შემდეგ ლაშა ხარაზიშვილის ნათქვამმა ფასი დაკარგა, მას ნაკლებად დაუჯერებს მაყურებელი. ლევან ვეფხვაძე იმიტირებულ "ქრონიკას" მიყოლებული ფარული ჩანაწერების წარმომავლობასა და მათი გამომზეურების მიზეზებზე გვესაუბრა:

- ეს ინსცენირება მოქალაქეებზე კი არა, ჯარზე, პოლიციაზე, სახელმწიფო აპარატსა და  სააკაშვილის მხარდამჭერებზე იყო გათვლილი, იმის გასარკვევად, ჯარი ერთგულია თუ არა სააკაშვილის, რამდენად ადეკვატურია პოლიცია. ვფიქრობ, სააკაშვილს სურდა გაეგო იმ ჩინოვნიკების ვინაობა, ვინც  კრიზისის დროს პრეზიდენტის სურათს ჩამოხსნის კაბინეტიდან.

იმიტირებული "ქრონიკა"  ნახევარსაათიანი იყო, თორემ 1 საათს რომ გაგრძელებულიყო, ბევრი ჩამოხსნიდა სააკაშვილის სურათს, გამოცვივდებოდნენ ქუჩაში და ტაშ-ფანდურს გამართავდნენ, სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი აღარ არისო. ეს იყო ტესტი სახელისუფლებო აპარატისთვის, თუ რამდენად მონოლითური და ერთგულია  ბელადისა.

- საინტერესოა სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც იმიტირებულ "ქრონიკას" მოჰყვა, სადაც არველაძე ამბობს, რომ გადაცემაზე ტიტრის გაკეთების წინააღმდეგი სააკაშვილი იყო.

- ამ შემთხვევაში სუბიექტური ვიქნები. როდესაც არველაძე ეუბნება ეკა წამალაშვილს, მიშამ თქვა, ტიტრი არ დავადოთო, მე და თქვენ, ალბათ, ერთნაირად ვფიქრობთ, რომელ მიშაზეც არის ლაპარაკი. მეორე მხრივ, ამის სამართლებრივად დადასტურება ძნელია. თუკი ამ საქმეზე გამოძიება ჩატარდება, იურიდიულად ძნელი იქნება იმის დადასტურება, რომ არველაძე სააკაშვილს გულისხმობდა, თუმც მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა იცოდა ამ სიუჟეტის შესახებ და არველაძე სწორედ მასზე ლაპარაკობს.

- მეორე ჩანაწერში სააკაშვილი ნიკა რურუას ეუბნება, გადაცემაზე ტიტრი უნდა ყოფილიყოო. გამოდის, პირველი ჩანაწერი მეორე ჩანაწერის საწინააღმდეგოა.

- დიახ, მეორე პირველის იგნორირებას ახდენს. ვინც იმიტირებული სიუჟეტი დადგა, ეგონა, ხალხი გამოვიდოდა და პუტინის სურათებს დაწვავდა, მაგრამ ხალხი სააკაშვილის სურათის დასაწვავად იყო მზად.

- ქრისტიან-დემოკრატებმა ჩანაწერების საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეთ.

-  უმრავლესობის წევრების რეაქციიდან გამომდინარე, მეეჭვება, მაგრამ სააკაშვილის პასუხისმგებლობა სხვაგვარად მაინც დადგება.  "იმედის" სპეციალური რეპორტაჟით სააკაშვილმა აგური ჩაარტყა საკუთარ და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს; მათ, ვინც ფიქრობს, რომ მიშას გარეშე ქვეყანა დაიქცევა. 13 მარტს ჩვენზე ემოციურად მათ განიცადეს თავიანთი ლიდერის სიკვდილი.

სააკაშვილმა ამით თავის მხარდამჭერებს გააწნა სილა. პრეზიდენტი როგორც კალის ჯარისკაცებით, ისე თამაშობს თანაგუნდელებით. ამის გამო თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უნდა გამოუტანონ განაჩენი სააკაშვილს.

- თქვენი აზრით, ვინ გააკეთა მეორე ჩანაწერი, თუ რუსმა, გამოდის, სააკაშვილის  სასარგებლოდ იმუშავეს?

-  თეორიულად განვიხილოთ, ვის შეეძლო ორივე საუბრის ჩაწერა. პირველი: ვანოს, წამალაშვილს, არველაძესა და რუსებს - თანამგზავრიდან. ამ ოთხი სუბიექტიდან გამოქვეყნების მოტივაცია ვის ჰქონდა? არა მგონია, არველაძეს ხარაკირი გაეკეთებინა. მერაბიშვილს კი შეეძლო ამ ჩანაწერის გამოქვეყნებით არველაძის დასჯა, მაგრამ რადგან ეს პრეზიდენტზე პირდაპირი დარტყმა იქნებოდა, არა მგონია, მერაბიშვილს არველაძის გამო სააკაშვილი გაეწირა.  წამალაშვილს რომ გაეკეთებინა ეს ჩანაწერი, ის სამსახურში აღარ იქნებოდა, გამოაგდებდნენ. რჩებიან რუსები.

მეორე საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნების სურვილი, შესაძლოა, ჰქონოდათ სააკაშვილს, რურუას, ქართულ სპეცსამსახურებსა და რუსებს. რუსული სპეცსამსახურები უნდა გამოვრიცხოთ. ისინი სააკაშვილის სასარგებლოდ არ იმუშავებდნენ, რურუა და სააკაშვილი არა მგონია იმით ყოფილიყვნენ დაკავებული,  საიტ "სოროკა ნეტზე" როგორ შეეგდოთ ჩანაწერები. რჩება ქართული სპეცსამსახურები, ანუ პირველი ჩანაწერი გააკეთეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, მეორე - ქართულმა. ეს სპეცსამსახურების საინფორმაციო ომია.

- ლევან, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში  თქვენი ბიოგრაფია განთავსდა, სადაც ვკითხულობთ, რომ "მოქალაქეთა კავშირის" პრესმდივანი იყავით. იქვე ეწერა, უცნაურია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის მეუღლე ვიცე-პრემიერის (გია ბარამიძის) პრესმდივანიაო.

- კობა დავითაშვილის ცოლიც კი მუშაობს საქართველოს პარლამენტში. ცოლებს თავი დაანებონ, უღირსობაა ამაზე ლაპარაკი. ვინც ამას აქვეყნებს, ის რატომ ავიწყდება, რომ 1999 წელს დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე გია ბარამიძის შტაბის ხელმძღვანელები იყვნენ, როდესაც ის დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მაშინ პოლიტიკური შეხედულებების გამო უკვე წამოსული ვიყავი "მოქკავშირიდან". ზოგიერთებისაგან განსხვავებით, არავის გამოვუგდივარ და მერე არ გადავსულვარ ოპოზიციაში.