"არ შეიძლება ხალხს უპერსპექტივობის განცდა გაუჩინო" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება ხალხს უპერსპექტივობის განცდა გაუჩინო"

"რუსეთში ღვინის შეტანა და ფრენა აფხაზეთისა და ცხინვალის დათმობად ნამდვილად არ გვიღირს"

"როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, ჩარევისა და რაიმეს შეცვლის უფლება რომ მქონოდა, მერჩივნა, ეს გადაცემა ეთერში არ გასულიყო", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მოდელირებულ "ქრონიკაზე", რომელმაც მხოლოდ ქართველი საზოგადოება კი არა, მსოფლიო აღაშფოთა.

- ამ ფორმითა და შინაარსით გადაცემის გაშვება არამართებული იყო. საიდუმლო არავისთვის არის, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკური საფრთხის წინაშე დგას. რუსეთში ძალიან ხშირად საჯაროდ, ექსპერტებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით განიხილება სცენარი, უნდა მიიყვანოს თუ არა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში დაწყებული საქმე ბოლომდე და რა პირობებშია შესაძლებელი საქართველოში შემოსვლა.

ამაზე ქართველი ექსპერტები და ჟურნალისტებიც მსჯელობენ, მაგრამ არა იმ ფორმითა და შინაარსით, როგორიც "ტელეიმედმა" შემოგვთავაზა. არ შეიძლება ხალხს დაუცველობის, უპერსპექტივობის განცდა გაუჩინო, დააფრთხო ის ინვესტორი, ვისაც შესაძლოა საქართველოში კაპიტალის დაბანდება, ხალხის დასაქმება და ეკონომიკის განვითარება  უნდოდა, არ შეიძლება ჯარის შეურაცხყოფა. ვიმეორებ, გადაცემის ფორმა და შინაარსი მიუღებელი და არაკორექტული იყო.

-  "თაიმმა" "შოკის მომგვრელ სიცრუეთა ათეულში" პირველობა სწორედ "ქრონიკის" იმიტირებულ გადაცემას არგუნა. ცხადია, ეს ჩვენს ქვეყანას დადებითად არ წარმოაჩენს.

- როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი და პარლამენტის თავმჯდომარე, დაინტერესებული ვარ, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს, ხალხმა აკეთოს საქმე და ქვეყანა განვითარდეს. ამ გადაცემით კი ხალხს გაუჩნდა დაუცველობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის განცდა, რაც უპირველესად ხელისუფლებისათვის  არის ცუდი.

- გიორგი არველაძის განცხადებამ,  რომ პასუხისმგებლობას იღებს, გააჩინა კითხვა, რით გამოიხატება პასუხისმგებლობა, მხოლოდ განცხადებით?

- "იმედი" არის კერძო კომპანია და  მფლობელების გადასაწყვეტია, რა ზომებს მიიღებენ.არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობა. ერთი მხრივ, სამართლიანად ვამბობთ, რომ მედია თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფოს ჩარევისაგან და მეორე მხრივ, როდესაც რაღაც, თუნდაც სამართლიანად არ მოგვეწონება, ვითხოვთ სახელმწიფო ჩაერიოს და აღკვეთოს.

თუ სახელმწიფო ჩაერია, მედია თავისუფალი ვეღარ იქნება(?). ეს პირდაპირი გზაა მედიის თავისუფლების დასამარებისაკენ. გასაგებია იმ მოქალაქეთა ემოცია, ვინც დაიზაფრა და მოითხოვს, პასუხი აგონ გადაცემის ავტორებმა, მაგრამ  სახელმწიფოს რესურსი ამ შემთხვევაში ძალიან შეზღუდულია(?). სახელმწიფო ვერ და არ ჩაერევა კერძო ტელევიზიის მუშაობაში. ეს უნდა გააკეთონ ტელევიზიის მფლობელებმა და მარეგულირებელმა კომისიამ, რომელმაც ამ თემაზე უკვე იმსჯელა.

- იმიტირებულ "ქრონიკას" მოჰყვა ორი ფარული ჩანაწერი, რომლის ნამდვილობაში ბევრს ეჭვი არ ეპარება. პირველის თანახმად პრეზიდენტი გადაცემის მომზადებაში მონაწილეობდა.

- პრეზიდენტის პოზიცია ნათელი გახდა იმ საღამოსვე, როდესაც პრეზიდენტის პრესსპიკერმა "იმედში" გააკეთა განცხადება. ჩანაწერში ეჭვი რომ არ გეპარებოდეს, მისი ორიგინალი უნდა გქონდეს და ექსპერტიზა ჩაატარო.

ამ ჩანაწერის ორიგინალი კი რუსეთის რომელი უწყების რომელ უჯრაში ინახება, არავინ იცის. ამიტომაც განცხადება, ჩანაწერში ეჭვი არ გვეპარებაო, ან არაკომპეტენტურობაა, ან უპასუხისმგებლობა. ჩანაწერის ორივე მონაწილე, ბატონი  არველაძე და  ქალბატონი წამალაშვილი, კატეგორიულად უარყოფენ ამ საუბარს და არ გამაჩნია საფუძველი უფრო მეტად დავიჯერო რუსული სპეცსამსახურების ფაბრიკაციის სინამდვილე, ვიდრე ამ პირთა განცხადება.

თუ ჩვენი შიდა პოლიტიკის აგება იმაზე დავიწყეთ, რა ჩანაწერს გაახმაურებს რუსული ეფ-ეს-ბე რომელიღაც რუსულ საიტზე, კატასტროფამდე მივალთ. ჩანაწერის გაკეთება რუსეთისთვის ძალიან ადვილია, რადგან უცხოეთში დარეკვა რუსეთის გავლით ხდება, მას ძალიან იაფი ტარიფები აქვს სატელეფონო ზარების ტრეფიკზე, ამიტომ ყველა მობილური ოპერატორი რუსეთის გავლით მიდის. თუ რუსეთში ეცოდინებათ მათთვის საინტერესო ტელეფონის ნომერი, შეუძლიათ ნებისმიერი სატელეფონო საუბარი ჩაიწერონ.

წლების განმავლობაში იწერენ საქართველოდან გამავალ ზარებს. ჩაწერილი აქვთ არა მარტო სააკაშვილის, ჩემი ასეულობით საუბარიც. ძალიან ადვილია სატელეფონო საუბრის დამონტაჟება. შეგიძლია ადამიანს რაც გინდა, ის ათქმევინო. ახლა უცხოეთში რომ ვიყო და მირეკავდეთ, ეს ზარიც რუსეთის გავლით გავიდოდა. შეძლებდნენ ჩაეწერათ და ჩვენი საუბრის ფაბრიკაციაც გაეკეთებინათ. ასე რომ, ამ ჩანაწერების წარმომავლობის კვლევა-ძიებას თუ გავყევით, საქმის გასაკეთებელი დრო აღარ დაგვრჩება.

- მაგრამ მეორე ჩანაწერი პირველისაგან განსხვავებული იყო. მასში პრეზიდენტის წუხილი ჩანდა იმის გამო, რომ სიუჟეტის გასვლისას არ იყო წარწერა "იმიტაცია". ამის გავრცელება რაღად ენდომებოდათ რუსულ სპეცსამსახურებს?

-  მიუხედავად შინაარსისა, კარგად ჩანს პრეზიდენტი თუ ცუდად, ამ ჩანაწერებს არ მივიჩნევ დოკუმენტურ მასალად. მეორე ჩანაწერიც, სავარაუდოდ, რუსების ისეთივე ფაბრიკაციაა, როგორიც პირველი. ბატონმა რურუამ ვგონებ განაცხადა კიდეც, რომ პრეზიდენტთან ამ შინაარსის საუბარი არ ჰქონია.

- რას ფიქრობთ პარლამენტის ექსთავმჯდომარის მოსკოვში ჩასვლაზე. რატომ გაიმეორა ნინო ბურჯანაძემ ნოღაიდელის ნაბიჯი?

- გასაგებია, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოვაგვაროთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ უარი ვთქვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაინტერესებს, როდესაც ბატონი პუტინი ამბობდა, საქართველოსთან ურთიერთობა უნდა აღდგესო, რომელ საქართველოს გულისხმობდა? საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე გულისხმობდა თუ მთლიანად? ჰკითხეს თუ არა პუტინს პოლიტიკოსებმა, რომლებიც მას ხვდებიან, რომელ საქართველოს გულისხმობს? ჩვენს საქართველოსა და იმ საქართველოს შორის, რომელსაც პუტინი გულისხმობს, ძალიან დიდი განსხვავებაა. რუსეთში ღვინის შეტანა და ფრენა აფხაზეთისა და ცხინვალის დათმობად ნამდვილად არ გვიღირს.

ერთია ურთიერთობის მოგვარება, მეორე, რის ხარჯზე კეთდება ეს და მესამე - რა ფორმით. ურთიერთობა შესაძლოა ხელისუფლებებს შორის აღდგეს და არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ეს იგივეა, გასულ კვირას გარი კასპაროვთან შეხვედრისას რომ მეთქვა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოგვარება უნდა დავიწყოთ-მეთქი.

ამ პიროვნებისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვინ ჰკითხავს კასპაროვს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, როდესაც ის ოპოზიციაშია და ბერკეტები არა აქვს? ამიტომაც ოპოზიციის მოსკოვში სიარული უფრო საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილების ელფერს ატარებს.

- თბილისში "სააკაშვილის მსხვერპლთა" მემორიალის დადგმა იგეგმება. ამ იდეის ავტორთა აზრით, მემორიალი პარლამენტის წინ უნდა დაიდგას და თუ ამას ხელისუფლება შეეწინააღმდეგება, შესაძლოა, საზოგადოებასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაც მოხდეს.

- წესისა და რიგის დარღვევით ვერც პარლამენტის წინ და ვერც ვერსად ვერ დადგამენ მემორიალს. მემორიალის დადგმა გამოხატვის თავისუფლება არ არის. ვინც ეს არ იცის, ვეტყვი, რომ გამოხატვის თავისუფლებაა, ვისაც სურს გამოვიდეს ქუჩაში და კანონით განსაზღვრულ ფარგლებში მეგაფონით თქვას, რაც სურს.

მემორიალის დადგმისათვის კი საჭიროა მუნიციპალიტეტის თანხმობა და სხვა პროცედურები. აბა, მოინდომეთ და თქვენი სახლის წინ ტროტუარზე დადგით მემორიალი, თუ დაგადგმევინებენ. არის ხალხი, ვისაც უნდა, ეს ქვეყანა ისევ არეულ-დარეული იყოს. მათ არც არჩევნებს ჩააშლევინებს ვინმე და არც ქვეყანას წააყვანინებს უკან.