სანდრო კვიტაშვილი: "შესაძლოა, სააკაშვილი გუბერნატორის პოსტიდან გადადგეს" - კვირის პალიტრა

სანდრო კვიტაშვილი: "შესაძლოა, სააკაშვილი გუბერნატორის პოსტიდან გადადგეს"

ანტონ გერაშენკო: "მის ტყუილებს უკრაინა ვეღარ მოითმენს"

უკრაინას ახალი მთავრობა და პრემიერი ჰყავს. ე.წ. ქართველი რეფორმატორები აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ არიან. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა სანდრო კვიტაშვილმა უკვე დატოვა. დარჩება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად და რატომ ითხოვს პრეზიდენტ პოროშენკოსგან სახალხო ნდობით აღჭურვილი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას, ამ კითხვებს სანდრო კვიტაშვილი პასუხობს:

- უკრაინის პარლამენტმა პრემიერად გროისმანი აირჩია. რამდენიმე მინისტრი შეიცვალა, ნაწილი ძველი მთავრობიდან გადმოჰყვა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს დღემდე პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს.

- თანამდებობა შეინარჩუნა შს მინისტრმა, არსენი ავაკოვმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა.

- სააკაშვილის გუბერნატორობა არ ნიშნავს, რომ მის მოთხოვნებს ცენტრალური ხელისუფლება მაშინვე ასრულებს. ოდესაში რეფორმების გატარება იმიტომ ვერ შეძლო, რომ ხელისუფლებისგან არასაკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა. მეც ასეთ ვითარებაში ვიყავი - ჯანდაცვის კომიტეტში კანონების განხილვას ხელოვნურად აფერხებდნენ.

- სააკაშვილის გუნდს არც უკრაინის პრეზიდენტი უჭერს მხარს?

- უკრაინაში საპარლამენტო მმართველობაა - მხოლოდ პრეზიდენტის მხარდაჭერა გადამწყვეტი არ არის. ძველი სისტემაც ძალიან მყარია, სააკაშვილს საოლქო პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილებაც კი არ ჰქონდა.

- უკრაინულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილს გუბერნატორის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

- შესაძლოა, სააკაშვილი თავად გადადგეს გუბერნატორის პოსტიდან და ოპოზიციაში გადაინაცვლოს. მან პოროშენკოსგან სახალხო ხელისუფლების ჩამოყალიბება მოითხოვა, თუმცა მისთვის პრეზიდენტს პასუხი ჯერ არ გაუცია.

- თქვენ სააკაშვილს ღიად დაუპირისპირდით, მის გუნდში დარჩენას გეგმავთ?

- უკრაინის პოლიტიკურ ავანსცენაზე დარჩენას არ ვაპირებ. სააკაშვილის გუნდის წევრად კი არც თანამდებობაზე ყოფნისას აღმიქვამდნენ, მე მინისტრთა კაბინეტის წევრი ვიყავი და არა სააკაშვილის თანაგუნდელი.

ანტონ გერაშენკო, რადას წევრი: - უკრაინელი ხალხი მწარედ მოატყუეს. კარგად აწყობილი პიარტექნოლოგიების წყალობით სააკაშვილმა საზოგადოების ნდობა მოიპოვა, თუმცა ხალხს ფუჭი სიტყვების გარდა, რეალური ცვლილებები ვერ შესთავაზა. თუ წარმატებული რეფორმატორი იყო, რატომ ვერ ბრუნდება სამშობლოში? რატომ არ აძლევს მას ქართველი ხალხი ქვეყანაში ცხოვრების უფლებასაც კი? როგორც ჩანს, საქართველოში ფატალური შეცდომები დაუშვა, ამიტომ თავშესაფარს უკრაინაში ეძებს. მისი წარსული კარგად ვიცით, ამიტომ არც მის მიერ დაპირებული კარგი მომავლის გვჯერა. მან დაარბია ტელეკომპანია "იმედი", ებრძოდა ოპონენტი პარტიების ლიდერებსაც. ეს ქართველებმა ვერ მოითმინეს და ამას არც უკრაინაში დავუშვებთ. სააკაშვილმა მხოლოდ სკამის საკუთარ თავზე მორგება იცის. "ქართული გუნდის" საქმიანობითაც სამართალდამცავები მეტად ინტერესდებიან. სააკაშვილის ადგილი უკრაინულ პოლიტიკაში აღარ არის. ამ ვითარებას თავადაც კარგად აცნობიერებს და ცდილობს "წამებულის" როლი მოირგოს. სააკაშვილის ტყუილებს უკრაინა ვეღარ მოითმენს.

რუსუდან შელია