"ძალოვანმა სტრუქტურებმა თსუ-ში ბინძური თამაში წამოიწყეს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ლადო პაპავასთან
18-04-2016
"ძალოვანმა სტრუქტურებმა თსუ-ში ბინძური თამაში წამოიწყეს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ლადო პაპავასთან
ეს ჩემს წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია იყო. ისიც კი იკადრეს, რომ სტუდენტების ნაწილი საშიმშილოდ დაესვათ...

"თსუ-ში დაწყებული აქციები მართული იყო იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღემდე სამთავრობო სტრუქტურებში მყუდროდ არიან მოკალათებულნი"


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა აქციების ერთი ტალღა იმით დასრულდა, რომ უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ რექტორის თანამდებობიდან წასვლა მაისში დააანონსა. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ბუნდოვანი დარჩა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რეალურად, რა დგას უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების უკან. ამ საკითხებზე თსუ-ის ჯერ კიდევ
მოქმედი რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა ექსკლუზიურად გვესაუბრება.

- პირველ რიგში, გეტყვით, რომ თავს შევიკავებ ყველა ის ინფორმაცია გავასაჯაროო, რის შესახებაც დაზუსტებით ვიცი და ამას ერთადერთი მიზნით ვაკეთებ - არ მინდა, ჩემი განცხადებებით უნივერსიტეტს იმაზე მეტი ზიანი მივაყენო, რაც სხვადასხვა­ ჯგუფებმა თსუ-ის წინააღმდეგ უკვე იკადრეს. იმის
თქმას კი არ მოვერიდები, რომ
ყველაფერი სახელმწიფოში დამკვიდრებული მავნებლური კოაბიტაციის შედეგია. ქვეყანაში განვითარებული პროცესები, როდესაც ვერ გაიგებდი, ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" იყო თუ "ნაციონალური მოძრაობა", უნივერსიტეტზეც ერთი ერთში აისახა. დიახ, თსუ-ში დაწყებული აქციები მართული იყო იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღემდე სამთავრობო სტრუქტურებში მყუდროდ არიან მოკალათებულნი.

- რომელ სტრუქტურებზე საუბრობთ?

- ეს სწორედ ის ინფორმაციაა, რის გასაჯაროებასაც ამ ეტაპზე მოვერიდები. მოვა დრო და ამ ყველაფერზე აუცილებლად ვისაუბრებ. 2013 წელს უნივერსიტეტში ისტორიული არჩევნები ჩატარდა. მართალია, ამ პერიოდში პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილი გახლდათ, მაგრამ სხვადასხვა სტრუქტურები მას აღარ ემორჩილებოდნენ. ამასთან, "ქართული ოცნება" ეიფორიაში იყო, ხელისუფლების საშუალო და ქვედა რგოლები კი ახალ პატრონს ეძებდნენ და მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. სწორედ ამან განაპირობა, რომ უნივერსიტეტში მოსულიყო კაცი, რომელიც დამოუკიდებლად იმოქმედებდა და ზეწოლას არასოდეს დაექვემდებარებოდა. მსგავსი ისტორიული არჩევნები უნივერსიტეტში, სამწუხაროდ, მხოლოდ სამჯერ ჩატარდა, პირველად, როდესაც პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს რექტორად, მეორედ - ივანე ჯავახიშვილი, მესამე კი, რიგით 28-ე რექტორი, მე აღმოვჩნდი. დანარჩენი რექტორები სამთავრობო ინტერესებიდან გამომდინარე ინიშნებოდნენ, ან ჯერ ინიშნებოდნენ და მხოლოდ მერე აირჩეოდნენ.

- ზეწოლა ახსენეთ. ვის და რა კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ თქვენი რექტორობის პერიოდში?

- ყველაზე მწვავე ზეწოლა პირველად მაშინ ვიგრძენი, როდესაც შევიტყვე, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენება იგეგმებოდა.

- გაზგასამართ სადგურს ჩინოვნიკები ლობირებდნენ?

- რა თქმა უნდა, თუმცა ვიმეორებ, ამაზე მეტს დღეს ვერ ვიტყვი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, "ქართული ოცნების"­ მთავრობა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენებაზე ოდესმე ლიცენზიას თუ გასცემდა. ვერც იმას დავიჯერებდი, რომ კონკრეტულ ბიზნესს ამ მასშტაბის მხარდაჭერა ექნებოდა.

მაშინ გაზგასამართი სადგურის მშენებლობა სტუდენტებმაც გააპროტესტეს და საბე­დნიეროდ, ეს პროცესი შეჩერდა. მორიგი ზეწოლა კანცლერის არჩევნების წინ დაიწყო, ბევრს ვერ ვისაუბრებ, თუმცა ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში რექტორისგან დამოუკიდებელი ბინძური თამაში წამოიწყეს...

- უნივერსიტეტის რექტორობიდან გადადგომა იმის გამო გაიძულეს, რომ კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეთ?

- თანამდებობიდან მხოლოდ ჩემი სურვილის საფუძველზე წამოვედი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რადგან პროცესების უარესი სცენარით განვითარება იგეგმებოდა.

- სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება იგეგმებოდა?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგანაც თავს შევიკავებ. თუმცა, მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორ დაიწყო პროცესები - სტუდენტების ორი ჯგუფი გაერთიანდა მოთხოვნით, რომ "ოდეერები" უნივერსიტეტიდან წასულიყვნენ, მოგვიანებით კი ორივე ჯგუფმა ერთდროულად მოითხოვა რექტორის გადადგომა. თუმცა, როგორც კი თანამდებობიდან გადადგომა დავაანონსე, ყველა გაჩუმდა და "ოდეერის" საკითხიც არავის გახსენებია. აღმოჩნდა, რომ თურმე უნივერსიტეტში პაპავას პრობლემა იყო და არა "ოდეერების". დასკვნა მარტივია, რომ ეს ჩემს წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია იყო. ისიც კი იკადრეს, რომ სტუდენტების ნაწილი საშიმშილოდ დაესვათ...

- "ოდეერების" უნივერსიტეტში არსებობა­ ხომ თქვენც დაადასტურეთ? აქციების დაწყებამდე არ გქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი­ უნივერსიტეტში იყვნენ?
- "ოდეერის" საკითხი ფაქიზი თემაა. ბუნებრივია, შენი ქვეყნის უშიშროების სამსახურს პატივი უნდა სცე, შესაბამისად, დასაძრახი არაფერია იმაში, თუ ვინმე რომელიმე დაწესებულებაში მუშაობს, უბრალოდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ადამიანი სახელმწიფო უშიშროების სტრუქტურებში ნამუშევარია, ეს გამოუსწორებელი ნაკლია. სინამდვილეში, შენი სამშობლოს უშიშროების სამსახურში მუშაობა საამაყოც კი უნდა იყოს... "ოდეერი" პირობითი დასახელებაა, სინამდვილეში საუბარია უშიშროების თანამშრომლებზე, რომლებიც ამა თუ იმ დაწესებულებაში უშიშროების დავალებით არიან დანიშნული. კაცმა არ იცის, დღესაც არაოფიციალურად უშიშროების რამდენი წარმომადგენელი მუშაობს ამა თუ იმ დაწესებულებაში, მაგრამ ეს გამართლებულია, თუ ისინი არაჯანსაღ ვითარებას არ იწვევენ. უბრალოდ, ეს თემა ჩემი წასვლისთვის წარმატებით გამოიყენეს. 1926 წელს, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის რექტორობიდან სტუდენტებმა გააგდეს, რეალურად კი, სტუდენტების უკან იმდროინდელი უშიშროება, ე.წ. ენკავედე იდგა. სამწუხაროდ, 1926 წელსა და 2016 წელს შორის დიდი მსგავსებაა...

- თქვენი წასვლის შემდეგ, უნივერსიტეტში პროცესების განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?

- პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესებშია, რომ თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს. ამ პოსტზე 7 კანდიდატი იყო, თუმცა მათგან 2 - პროფესორები მერაბ ელიაშვილი და ინესა მერაბიშვილი ასაკის გამო კანდიდატობიდან­ მოიხსნა. როდესაც აკადემიურმა საბჭომ ეს არჩევნები გამოაცხადა, საბჭოს წევრებისთვის ცნობილი იყო, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელზე არ უნდა გავრცელებულიყო ასაკობრივი შეზღუდვა, რაც საბჭოს აცნობა თსუ-ის იურიდიულმა სამსახურმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმების შემდეგ. საარჩევნო კომისიამ კი მიიღო, ჩემი აზრით, არასამართლიანი გადაწყვეტილება და ასაკობრივი ბარიერი გაავრცელა რექტორის მოვალეობის შემსრულებელზეც. რექტორს კი არ გააჩნია რაიმე მექანიზმი, ზეგავლენა იქონიოს საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე. ამ სამწუხარო რეალობის გამო პირადად ვუხდი ბოდიშს მერაბ ელიაშვილსა და ინესა მერაბიშვილს. დარჩენილი 5 კანდიდატიდან კიდევ ერთი იმ მიზეზით მოიხსნა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ორწლიანი სტაჟი არ ჰქონდა. ეს მოთხოვნა კი იმის გამო დააწესა აკადემიურმა საბჭომ, რომ გარდამავალ და ამის გამო შედარებით ხანმოკლე პერიოდში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არ დაჰკისრებოდა გამოუცდელ ადამიანს. ამჟამად 4 კანდიდატია დარჩენილი, რომელთაგან 3, პროფესორები - ცირა ბარამიძე, ლევან გორდეზიანი და დარეჯან თვალთვალაძე უნივერსიტეტის თანამშრომელია, ერთი კი - გიორგი ანდრიაძე - საპატრიარქოს უნივერსიტეტს წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, ოთხივე კანდიდატს სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობა მოუწევს. სამწუხაროდ, არ ვარ დარწმუნებული, სახელმწიფო სტრუქტურებმა დაუშვან, რომ 2013 წლისგან განსხვავებით, რექტორის არჩევნები მათი ჩართულობის გარეშე გაიმართოს...

- სხვათა შორის, ხელისუფლებას "გაზპრომის" საკითხზეც დაუპირისპირდით. თქვენი "დასჯის" მიზეზი ესეც გახდა?

- "გაზპრომის" საკითხს ახლა არ შევეხები, თუმცა საკმაოდ ადეკვატური კითხვაა.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები