პოლიტიკური ”13” - კვირის პალიტრა

პოლიტიკური ”13”

"არც ერთი ჩანაწერი არ გახლავთ ფაბრიკაცია"

"მიშა თავისიანების დაგებულ ხაფანგს წამოეგო"

13 მარტის ცრუ განგაშმა და "იმედის" მიერ დათესილმა უიმედობამ არა მხოლოდ ქართველი, საერთაშორისო საზოგადოებრიობაც დაზაფრა.…შესაძლოა, ლირიკულ გადახვევაში ჩამითვალოთ, მაგრამ მომხდარმა გალაკტიონის ცნობილი ლექსი გამახსენა: "ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი". გამაოგნებელია, მაგრამ სააკაშვილის მოკვლის სცენარს ხან რუსული სპეცსამსახური გვიწერს, ხანაც - თვით სააკაშვილი!..

შესაძლოა, ბევრმა  არ იცის, რომ პრეზიდენტი ბავშვობაში მართლაც წერდა მსგავს სცენარებს, სადაც თვითონ მუდმივად მთავარი გმირი იყო, სიცოცხლეს კი ტრაგიკულად ასრულებდა, - ხან ხვრეტდნენ, ხან ახრჩობდნენ... ერთ დროს პატარა მიხეილი და მისი თანაკლასელები ამ ყველაფრის განსახიერებას თავადვე ცდილობდნენ. ამის შესახებ პრეზიდენტი თავის ლამის ადოლფ ჰიტლერის "მაინ კამპფად" მონათლულ წიგნში "გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის" იხსენებს.

გამოდის, სააკაშვილმა თავისი აღსასრულის "მინირეპეტიცია" ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიარა, საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და ახლა თვითშემოქმედებისთვის მეტი ასპარეზი მიეცა?! ასეა თუ ისე, საზოგადოების დიდ ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ დეზინფორმაცია ნაციონალურ-პროპაგანდისტულ "იმედს" თვითნებურად, სააკაშვილის თანხმობის გარეშე არ გაუვრცელებია.

KvirisPalitra.Geთქვენი ყურადღება ყბადაღებულ აუდიოჩანაწერებზე მინდა შევაჩერო. საუბარი სავარაუდოდ,  "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" გენერალურ დირექტორს, გიორგი არველაძესა და ტელეკომპანია "იმედის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების  ხელმძღვანელს შორის შედგა, სადაც ჟურნალისტი არველაძეს მაუწყებლობის ქცევის კოდექსის მე-13 მუხლზე მიუთითებს, - უსაფუძვლო ისტერიის გამომწვევი ინფორმაციის გაშვება ლიცენზიის შეწყვეტას იწვევსო.

არველაძე კი ცდილობს წამალაშვილი დაარწმუნოს, რომ ყველაფერი პრეზიდენტთან შეთანხმებულია. მოგვიანებით საიტზე მეორე ჩანაწერიც განთავსდა, სავარაუდოდ, სააკაშვილისა და ნიკა რურუას საუბარი. პრეზიდენტი კულტურის მინისტრს ეუბნებოდა, - "ცუდი მომავლის ქრონიკა" საკმაოდ რეალური იყო, მას თან უნდა დართვოდა სპეციალური მინაწერი, რომელიც საინფორმაციო გამოშვების იმიტირების თაობაზე ხალხს გააფრთხილებდა და პრობლემაც მოიხსნებოდაო... "კვირის პალიტრა" შეეცადა გაერკვია, ამ ერთი შეხედვით  ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებიდან რომელი იყო ნამდვილი.

"არც ერთი ჩანაწერი არ გახლავთ ფაბრიკაცია. პირველი ჩანაწერი შედგა გადაცემის  გასვლამდე, მეორე კი გადაცემის გასვლის შემდეგ, როცა უკვე პრეზიდენტმა საზოგადოების ცნობიერებაზე  ჩატარებული ექსპერიმენტის სავალალო შედეგი დაინახა და რურუას "სხვაგვარად" დაელაპარაკა. ცალკე საკითხია, როგორ და ვის მიერ განხორციელდა ამ სატელეფონო საუბრების ჩაწერა და მაინცდამაინც რუსულ საიტზე რატომ გამოქვეყნდა ორივე ჩანაწერი", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

სანდო წყაროს ინფორმაციით კი მცხეთასთან თურმე ტანკების მობილიზება და რუსების შემოჭრის უფრო რეალისტური ინსცენირების დადგმაც იგეგმებოდა (ერთი სცენარის მიხედვით ტანკების კოლონას დიღომში გრუხუნით უნდა ჩამოევლო, რაც შემოჭრას საკმაოდ რეალისტურად წარმოგვიდგენდა), რაც საბოლოოდ რომელიღაც "ჭკუათამყოფლის" აზრის გათვალისწინებით არ განხორციელდა.

ვის რაში სჭირდებოდა მსგავსი აურზაური?!

ლევან კიკნაძე (აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი): - ამას სპეცსამსახურის ენაზე ჰქვია "აქტიური ღონისძიება". ეს ნიშნავს, რომ რაიმე მოვლენასთან დაკავშირებით წამოსწევ თემას, თითქოს ეს მოვლენა "ხდება", და დაინახავ, რა რეაქციას გამოიწვევს. ამის მიხედვით გეგმავ უკვე შემდგომ ღონისძიებას. თემა თუ  მიჩუმათდა, "დამგეგმავი" თვლის, რომ მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

თუკი წინასწარ გახმაურებულმა "ამბავმა" დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მაშინ შესაძლოა იმავე ქმედებას ცოტა ხანში მართლაც ველოდოთ. იმიტირებული გადაცემა ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო ომზე მიანიშნებს. ახლა რაც შეეხება სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს, - არ გამოვრიცხავ, სპეცსამსახურის მიერ მათი ფაბრიკაცია მომხდარიყო. არც ისე რთულია განსაზღვრულ სიხშირეზე სიტყვათა წყობის დაშლა და მისი ხელახალი აწყობა.

არსებობს ასეთი ცნება, "ფონოსკოპიური ექსპერტიზა", რომელსაც შეუძლია გამოიკვლიოს გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრის ნამდვილობა. ამგვარი ექსპერტიზა საქართველოში არა, მაგრამ საზღვარგარეთ არსებობს. ამ დროს სპეციალისტები ყურადღებას აქცევენ, საუბრისას პაუზებს შორის რა მანძილია, ჩასმულია თუ არა ამ მანძილში ზედმეტი სიტყვა, ისმის თუ არა საუბრის გარდა ხმაური და სხვ.

ფაქტია, რომ ხელისუფლებას დიდად არ აღელვებს რუსულ საიტზე გამოქვეყნებული ჩანაწერების ნამდვილობის გარკვევა(?!).

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ეჭვობს, რომ სატელეფონო ჩანაწერები ვანო მერაბიშვილის განხორციელებულია.

- დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის პირველი ჩანაწერი ნამდვილი იყო, აბსოლუტურად  ბუნებრივად და ობიექტურად გადმოსცემდა რეალობას. მეორე ჩანაწერი  კი პირველის გადასაფარად გავრცელდა.

მგონია, ეს ჩანაწერები მერაბიშვილის მომზადებულია. ამ შემთხვევაში რუსული სპეცსამსახური არაფერ შუაშია, რადგან ხელისუფლებამ "იმედის" მოდელირებული "ქრონიკის" გაშვება თავად დაგეგმა და განახორციელა. საერთოდ, თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და სხვები "მეორედ მოსვლისთვის" ემზადებიან.

მათ ინტერესებში შედის, მსოფლიოს დაანახონ, რომ მიშა ცუდია, თვითონ კი დემოკრატიის მიმდევრები, ქვეყანაში რეფორმების განხორციელების მოსურნეები არიან. ვფიქრობ, გარემოცვის წევრებმა მოახერხეს და პრეზიდენტი დააჯერეს, რომ ასეთი იმიტირებული "ქრონიკის" გაშვება ყოველგვარი წარწერის გარეშე მისთვის კარგი იქნებოდა.

სინამდვილეში კი ამით სააკაშვილს საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე მოჭრეს თავი. დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაინახა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები, ის  უკვე გამოყენებულია...