"ეს პროცესი შეიძლება უსისხლო რევოლუციასთან გავაიგივოთ..." - კახა შარტავა 5-წლიან დუმილს არღვევს
18-04-2016
"ეს პროცესი შეიძლება უსისხლო რევოლუციასთან გავაიგივოთ..." - კახა შარტავა 5-წლიან დუმილს არღვევს
"ქვეყანაში უამრავი უკანა კარია, სადაც პრივილეგირებული პირები შედიან და თავიანთთვის სასარგებლო შედეგით გამოდიან. ამ დროს რიგითი მოქალაქე შედის ოფიციალურ კარში და ხელცარიელი გამოდის..."

"ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა საჯარო პოლიტიკურ სივრცეს დაუბრუნდა. იგი წლების განმავ­ლობაში დუმდა და მედიასაშუალებებისგან თავს შორს იჭერდა. რა მიზნით დაუბრუნდა კახა შარტავა პოლიტიკურ აქტიურობას, რის გამო აკრიტიკებს ხელისუფლებას? რატომ დატოვა "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია "ქართული ოცნება", საპარლამენტო­ უმრავლესობა
და თანამდებობები? რატომ მოხდა ეს არჩევნებამდე 6 თვით ადრე და რა ვითარება იყო მანამდე კოალიციის კულუარებში? კახა შარტავამ ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად უპასუხა.

- ამ ხნის მანძილზე მეც და რეზო შავ­იშვილიც შიდაპარტიული საქმეებით ვიყავით დაკავებული. უფრო ადრე "ეროვნულ ფორუმს" საზოგადო პროცესებში ჩართვა უწევდა და პარტიული საქმეებისთვის მაშინ­ ვერ მოვიცალეთ. შემდეგ
საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ისეთი­ არაფერი ხდებოდა, რაშიც ჩვენი მონაწილეობა­ საჭირო იქნებოდა, ამიტომ პარტიას მივხედეთ.

- 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თქვენ არ გსურდათ თანამდებობის მიღება და საერთოდ, პოლიტიკაში დარჩენა...

- ასეც იყო. უნდა გამოგიტყდეთ, რომ პოლიტიკური და სახელმწიფო საქმიანობა არასდროს მიზიდავდა. თავის დროზე შექ­მნილმა ვითარებამ განაპირობა, რომ ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკა არასდ­როს გვაინტერესებდა, პროცესებში ჩავერთეთ­. როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, რომ მაინცდამაინც ჩემი საჭიროება­ არ იყო, გავერიდე - გავედი საჯარო პოლიტიკური სივრციდან და პარტიის ყრილობის გადაწყვეტილება რომ არა, არც ვაპირებდი დაბრუნებას. პარტიის წინაშე ვალდებულება მაქვს.

- თქვენი პარტიული ბრძოლის მთავარი ამოცანა რა არის?
- პარტიის ამოცანაა, შედარებით მშვიდ გარემოში ერთხელ მაინც დამოუკიდებლად გამოცადოს თავისი შესაძლებლობები. ამის ფუფუნება პარტიას ადრე არ ჰქონია. დღეს ისეთი ვითარებაა, არ არის აუცილებელი მსხვილი გაერთიანებების შექმნა და პოლიტიკური ველის მონოპოლიზება. სავსებით შესაძლებელია მრავალპარტიული კონკურენციის არსებობა. ამასთან, არის პოლიტიკური საკითხები, რომლებიც პარტიის წევრებს აწუხებთ და ფიქრობენ, რომ გადასაჭრელია. მაგალითად, ის, რომ ქვეყანაში მაინც არ არის სამართლიანობის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ კოალიციამ ჩაანაცვლა წინა რეჟიმი, ის, რაზეც ეს რეჟიმი იდგა, მოხვეტა და ფაქტობრივად, მასზე დადგა!
აქედან გამომდინარე, ინტერესთა ჯგუფები უფრო გამრავლდა (ზოგი ახალია, ზოგი ძველი ან შერ­ეული), რამაც უსამართლობის გამოსწორებას ხელი შეუშალა.
შეიძლებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც თუნდაც იმ ხალხს დააკმაყოფილებდა, რომელთა ქონება სახელმწიფომ მიიტაცა­ და დღემდე მის საკუთრებაშია. ზოგიერთი საკითხი იმ პირთა საქმიანობის შესწავლას ეხება, ვინც ამ ხელისუფლებას სისტემაში დახვდა. გასარკვევია, რას აკეთებდნენ ისინი წლების განმავლობაში, როგორ მუშაობდნენ? ვფიქრობ, სისტემური ცვლილებისთვის კოალიციური და გარდამავალი ხელისუფლება ნაკლებად ეფექტიანი იყო. თუმცა შეეძლო მოემზადებინა საფუძველი, რომელზეც შემდეგი ხელისუფლება გააგრძელებდა მუშაობას.

"ქართულ ოცნებას", რომელიც ახლა პარტიად ყალიბდება, ჯერ კიდევ აქვს დრო იმ საფუძვლის მოსამზადებლად, რომელზეც ხვალ-ზეგ სამართლიანობა უნდა დადგეს. ეს პროცესი შეიძლება გავაიგივოთ სისტემური თვითწმენდის, უსისხლო და უდანაკარგო შიდა რევოლუციასთან. აუცილებელია შიდასახელისუფლებო რგოლების ტრანსფორმაცია, რესტრუქტურიზაცია და ა.შ. ამ პროცესის გარეშე სამართლიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ქვეყანაში უამრავი უკანა კარია, სადაც პრივილეგირებული პირები შედიან და თავიანთთვის სასარგებლო შედეგით გამოდიან. ამ დროს რიგითი მოქალაქე შედის ოფიციალურ კარში და ხელცარიელი გამ­ოდის... სახელმწიფო უნდა გადავიყვანოთ ერთი კარის პრინციპზე, სადაც უკანა კარი და სხვა შესასვლელები არ იარსებებს.

- თქვენი აზრით, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ხალხს დაპირებები შეუსრულა, თუ მათი დიდი ნაწილი ისევ შეუსრულებელია?

- მისი ერთ-ერთი დაპირება იყო პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებული პოლიტიკური სივრციდან მრავალპარტიულ, უფრო დემოკრატიულ სივრცეზე გადაყვანა. ის თავად უნდა გამხდარიყო მაგალითი­ იმისა, რომ დიდი ხნით "პოლიტიკურ მონსტრად" არ შენარჩუნებულიყო. ვფიქრობ, ეს შესრულებულია.
რეალობაა ისიც, რომ ქვეყანაში შედარებით თავისუფალი გარემოა, ხალხს აღარ ეკრძალება ლაპარაკი და ა.შ. ბევრი დაპირება კი, ალბათ, თავის დროზეც უფრო კეთილი სურვილი იყო... ჩვენ მაშინაც ვთვლიდით, რომ მას­შტაბური დაპირებების შეთავაზება არ იყო უპრიანი...

- რატომ გადაწყვიტეთ ერთდროულად კოალიციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და თანამდებობების დატოვება?
- პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს. აქედან გამომდინარე, ყრილობამ გადაწყვიტა, რომ "ეროვნული ფორუმისთვის" მხოლოდ ორთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი არ იქნება საკმარისი. საჭიროა მთლიანად დამოუკიდებელ რელსებზე გადასვლა.

- ასეთ დროს, ალბათ, კრიტიკისთვისაც მეტი თავისუფლება გეძლევათ.
- კრიტიკა დამოკიდებულია რეალურ ვითარებაზე...

- მაგრამ როცა თანამდებობას ინარჩ­უნებ, კრიტიკა ძნელია. ასე არ არის?
- დიახ... ბუნებრივია, ფორუმისთვის ესეც დისკომფორტი იქნებოდა. თუმცა საკითხებს, რაც სახელმ­წი­ფო­სთვის­ მნიშვნელოვან პრობლემებს შეეხება, უზრუნველვყოფთ, რომ არასას­უ­რველი რყევები ქვეყანაში არ იყოს­.

- და მაინც, ამ ხნის განმავლობაში "ეროვნულ ფორუმს" ხელისუფლების საქმიანობაზე შენიშვნები არ ჰქონია. მორალურად რამდენად არის გამართლებული არჩევნებამდე 6 თვით ადრე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება და საკუთარ პოლიტიკურ იმიჯზე ზრუნვა?
- ასეთი რადიკალური ნაბიჯი სწორ­ედ მორალურად არის გამართლებული. რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა თანამდებობებზე და ბოლოს წასვლა, გაუგებარი საქციელი იქნებოდა.

- რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებამ კოალიციის დატოვების შესახებ­ რამდენად მოახდინა თქვენზე გავლენა?

- ჩვენ გაცილებით ადრე განვიხილავ­დით ამ საკითხს, რის შესახებაც ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ.

- შეგიძლიათ დააზუსტოთ, თავის დროზე რა თანამდებობას გთავაზობდათ ივანიშვილი?
- 2012 წლის ზამთარში, როცა საარჩევნო საკითხების მზადებაში ვიყავით, ვუთხარი ჩემს კოლეგებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მთავრობაში მუშაობას არ ვაპირებდი. როდესაც მთავრობის ფორმირება დაიწყო, ისევ მკითხეს აზრი, უარყოფითი პასუხი მიიღეს და თანამდებობა აღარ შემოუთავაზებიათ.

- როგორ აფასებთ NDI-ს რეიტინგებს?

- ამ კვლევებით მართლაც აისახა ტენდენციები და პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს. რაც შეეხება პროცენტებს, არც კი ვიცი, რა ველზე ტარდება ეს გამოკითხვები, ალბათ, უფრო ძველი ველია, რომელიც თავის დროზე "ნაცმოძრაობისთვის" შეიქმნა. აქედან გამომდინარე, რეიტინგები მაინცდამაინც ვალიდურად არ უნდა ჩაითვალოს. თუმცა ნათლად ჩანს, რომ უმრავლესობით გამარჯვება არავის გარანტირებული არა აქვს.
glaxuna
24 აპრილი 2016 00:40


juli

რ ა ტ ო მ ცდილობ ოპონენტის პიროვნულ შეურაცყოფებს ?!

რა განწყობაა ეს?!

რ ა ტ ო მ,რა მიზნით და ინტერესებებით ?!

აბა განმარტე თუ განმარტავ ?!

ზ რ დ ი ლ ო ბ ი ა ნ ა დ !!!

თორე მხოლოდ უწიგნურობასა და გონებაშეზღუდულობას ავლენ და მეტი ა რ ა ფ ე რ ი (!)
აქვე ჩანს
კითხვაც გეზარება და რომელი ანალიტიკური აზროვნების უნარის მქონე იქნები ?!
ისე,არც არავინ გაძალებს წ ა ი კ ი თ ხ ო (!)
აჯობებს
წადი ... წ ი გ ი წაიკითხე-საქართველოს ისტორიის,

საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე

და რაღაც პოლიტროლოგიის შესახებ (!) და მერე ცოტა ა ზ რ ი ა ნ იქნებ რამე დადო (!)
gori
23 აპრილი 2016 19:07
თავისუფალი გარემოა...კრიმინალებისათვის!
ბურუსა
23 აპრილი 2016 17:18
ხალხს დებილებად თვლი?

რედაქტორის რჩევით