ვინ "გადაამოწმებს" NDI-ს კვლევებს?! - კვირის პალიტრა

ვინ "გადაამოწმებს" NDI-ს კვლევებს?!

"დღეს არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი მოქმედების ველი იმათთვის, ვისაც გაუჩნდება პრეტენზია, იკვლიოს საზოგადოებრივი აზრი. ამ თავისუფლებას არაერთი კომპანია ბოროტად იყენებს"

"6 თვით ადრე ჩატარებული კვლევა, როდესაც ამდენი ჩამოუყალიბებელი რესპონდენტია, არჩევნების შედეგების სარევიზიოდ არ გამოდგება"

გასულ კვირას"NDI-ს კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელსაც აჟიოტაჟი მოჰყვა. მაგალითად, მძაფრი კამათი გამოიწვია გამოკითხვის ასეთმა შედეგმა: "ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?" NDI-ს მონაცემებით, გამოკითხულთა 15%-მა უპასუხა - "ქართულ ოცნებას", "ნაციონალური მოძრაობა" კი 13%-მა აირჩია. ასეთი შედეგების გამო NDI-ს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა - უნდობლობა, ოპოზიციის ნაწილმა კი ნდობა გამოუცხადა.

იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი: - გამოკითხვის შედეგების დასაბუთებულ შეფასებას ორი რამ მაინც სჭირდება: კვლევის შიდა სამზარეულოს ცოდნა და დროის იმავე მონაკვეთში ჩატარებული სხვა კვლევა, რომელიც მონაცემების შედარების შესაძლებლობას მოგვცემს. სამზარეულოს ცოდნაში იგულისხმება საველე კონტროლის ჩატარებაც, როდესაც შესაძლებელია რესპონდენტთაგან მიღებული ინფორმაციის შემოწმება. ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია (ძირითადად, გაეროს ორგანიზაციები), როგორც კვლევის დამკვეთი, სპეციალურად ქირაობს სხვა კომპანიას, რომელსაც საველე სამუშაოების მონიტორინგი ევალება. NDI ასე არ იქცევა.

ამ პერიოდში არც ალტერნატიული კვლევები გამოქვეყნებულა. მაშასადამე, არ არსებობს არც ერთი ზემოაღნიშნული პირობა, რაც ნიშნავს, რომ NDI-ს კვლევის შედეგებს მოქალაქეები საკუთარი პოლიტიკური სიმპათიის საფუძველზე შეაფასებენ.

- კამათი გამოიწვია პასუხებმა კითხვაზე: "რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ?" შეგახსენებთ, დავით ბაქრაძემ ხმების 15% მიიღო, გიორგი კვირიკაშვილმა - 5% და მას შალვა ნათელაშვილი უსწრებს.

- უცნაური და საკამათო მონაცემებია. თუ ბაქრაძე იმიტომ მოიწონეს, რომ ის მშვიდი და გაწონასწორებული პოლიტიკოსია, გაუგებარია, რატომ ვერ უწევს მას კონკურენციას კვირიკაშვილი, რომელიც ამ თვისებებით ბაქრაძეს არ ჩამოუვარდება? "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა შორის ხომ მაინც უნდა ჰყოლოდა კვირიკაშვილს მომწონებლები?

თუმცა, ისიც ცხადია, რომ 15%-იანი მაჩვენებელი პოლიტიკოსისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის სიმპათიას არ ადასტურებს. ანუ, ამ მონაცემების ყველაზე საღი ინტერპრეტაცია იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამომრჩეველი დღეს პოლიტიკოსების მიმართ იNDIფერენტულად ან ამრეზით არის განწყობილი და კეთილგანწყობის გამოხატვას არ ჩქარობს.

- საზოგადოების ნაწილი დიდი ხანია NDI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს. ერთნი ამტკიცებენ, რომ შედეგები უხეშად ყალბდება, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ფორმალურად ყველაფერი წესრიგშია (დოკუმენტაცია), მაგრამ პრობლემა ფოკუსჯგუფების შერჩევაშია...

- არასოდეს მითქვამს, რომ NDI განგებ აყალბებს შედეგებს. ამის თქმის არც საფუძველი მაქვს და არც კოლეგიალობა მაძლევს ამის უფლებას. ჩემი კრიტიკა ყოველთვის უკავშირდებოდა მეთოდოლოგიურ ხარვეზებს. მაგალითად, 2012 წლის არჩევნებამდე"NDI-ს დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში მთავარი პრობლემა ოპოზიციური ამომრჩევლის გააქტიურება იყო, ამ პრობლემას კი ავტორიტარული გარემო ქმნიდა. პოლიტიკური გამოყენებითი სოციოლოგია ცუდად მუშაობს ავტორიტარულ გარემოში. ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ელექტორატი ფრთხილობდა (შიშობდა) და თავს აფარებდა პასუხებს: "არ ვიცი", "ვერ გიპასუხებთ"... NDI არ შეეცადა, რომ გამოკითხვის მეთოდოლოგია შეეცვალა. სწორედ ამიტომ გაჩნდა "ქართული ოცნების" 12%-იანი მაჩვენებელი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რაც რეალურ განწყობას არ ასახავდა.

ახლანდელი გამოკითხვაც აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 40% ირჩევს პასუხს: "არ ვიცი", თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ასეთ შედეგს დღეს ავტორიტარული გარემო კვებავს. ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიზეზი პოლიტიკურ სპექტრში რჩეულის ვერპოვნაა, უარეს შემთხვევაში - იმედგაცრუება.

ამას ყველა სხვა კვლევაც ადასტურებს. ძნელად წარმოსადგენია, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ამომრჩევლის ამჟამად ჩამოუყალიბებელი ნაწილი რომელიმე ახალი პარტიის ელექტორატად იქცეს, ან ერთ პოლიტიკურ ძალას"მიეკედლოს. ალბათ, ამ ნაწილის ხმები სხვადასხვა პარტიაზე გადანაწილდება და

კიდევ უფრო"ჭრელ პარლამენტს მივიღებთ, ვიდრე ახლა გვაქვს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდეთ.

ერთი რამ ცხადია: როცა ამომრჩეველთა 40%-ს პოლიტიკური ძAალის არჩევა უჭირს, ხოლო 6% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, 2016 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკურ ძალთა განაწილების რეალისტურ სურათზე საუბარი შეუძლებელია.

- ზოგადად თუ ვიტყვით (ამ შემთხვევაში არც ერთ ორგანიზაციას არ ვგულისხმობთ) შეიძლება, არაზუსტი რეიტინგების გავრცელებამ, მოქალაქეთა პოლიტიკურ არჩევანზე გავლენა მოახდინოს?

- გამოკითხვის შედეგები არა მხოლოდ ავლენს, არამედ ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის შექმნას. თუმცა, გადაჭარბებითაც ნუ შევაფასებთ სოციოლოგიის ძალას. გამოკითხვის შედეგებს არ შეუძლია რეალობის შეცვლა და განწყობების მასობრივად პროვოცირება. ამის პოტენცია აქვთ იმ ჯგუფებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებნი არიან, ან საზოგადოებასთან კომუნიკაციის ბერკეტებს ფლობენ.

- როდესაც NDI-ს ან IRI-ს კვლევები მუდმივად კამათს იწვევს, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება ან ამომრჩეველი?

- გამოკითხვის შედეგები ყოველთვის იქნება კამათის საგანი. აქ სხვა რამეა მთავარი: კვლევები უნდა ჩატარდეს პროფესიული სტანდარტების მკაცრი დაცვით. ამის გაკონტროლებასთან ხელისუფლებას არაფერი ესაქმება, ეს მისი ფუნქცია არ არის. კვლევის სტანდარტების დაცვას თვალი უნდა მიადევნოს პროფესიულმა საზოგადოებამ, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით ვერ შეიქმნა.

დღეს არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი მოქმედების ველი იმათთვის, ვისაც გაუჩნდება პრეტენზია, იკვლიოს საზოგადოებრივი აზრი. ამ თავისუფლებას არაერთი კომპანია ბოროტად იყენებს.

- გავრცელდა მოსაზრება, რომ ასეთი მონაცემები "ნაცმოძრაობას" საერთაშორისო პარტნიორებთან სპეკულაციებისთვის სჭირდება, რათა ამ მონაცემების საფუძველზე არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადოს.

- კვლევის ის ტიპი, რომლითაც ვინმეს შეუძლია ამტკიცოს არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობა, ე.წ."ეგზიტპოლია. NDI ეგზიტპოლებს არ ატარებს. ამასთან, არჩევნებამდე 6 თვით ადრე ჩატარებული კვლევა, როდესაც ამდენი ჩამოუყალიბებელი რესპონდენტია, არჩევნების შედეგების სარევიზიოდ არ გამოდგება.

თუმცა, კარგად ჩატარებული კვლევა უნდა იძლეოდეს ობიექტურ ინფორმაციას, როგორია საზოგადოების განწყობა.

რუსუდან შელია