"კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილია..." - კვირის პალიტრა

"კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილია..."

"მედიკამენტების სიძვირე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა"

"თუ მეპატრონეებს მოუნდებათ, კლინიკას სასტუმროდ გადააკეთებენ. ქვეყნისთვის ეს სტრატეგიული საფრთხეა"

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ფუჭია ოპონენტების ვარაუდი, თითქოს საყოველთაო ჯანდაცვის პროექტს შეჩერება ემუქრება. მისი თქმით, 2010 წლიდან დღემდე მსოფლიოს ჯანდაცვის სფეროში უფრო ხარჯეფექტური მოდელი არ შექმნილა. მიაჩნია, რომ პროექტისთვის დახარჯული თანხა ყველაზე სწორი ინვესტიციაა და არა არარაციონალურად დახარჯული ფული.

- ბატონო დავით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შეძლებულ მოქალაქეებს, მათ შორის თანამდებობის პირებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ...

- საქართველოს 3,7 მლნ მოქალაქიდან (ბოლო აღრიცხვის მონაცემებით) 400 000-ს კორპორაციული დაზღვევა აქვს. ეს არის საშუალო ფენა, რომელიც თავისი ჯიბიდან იხდის სამედიცინო დაზღვევის ფულს. პრემიერმა თქვა, რომ ვისაც ნამდვილად სჭირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მას უნდა მოხმარდეს. 400 000 კორპორაციულად დაზღვეულში, რამდენიმე ათასს საყოველთაო დაზღვევაც აქვს. ეს ზედნადები გამოიწვია იმან, რომ 2013 წელს პროექტის ამოქმედებისას საყოველთაო ჯანდაცვა გავრცელდა მხოლოდ მათზე, ვისაც 2013 წლის ივლისის მდგომარეობით არ ჰქონდა კორპორაციული დაზღვევა. მას შემდეგ ნაწილმა დაკარგა კორპორაციული დაზღვევა, ნაწილმა კი შემდგომში შეიძინა. პრემიერი ამ ზედნადების უმოკლეს ვადებში გამოსწორებაზე მიუთითებს. მინისტრებსა და, საზოგადოდ, თანამდებობის პირებს რომელი დაზღვევა უნდა ჰქონდეთ? ყველა სამინისტრო სარგებლობს კორპორაციული დაზღვევით, მინისტრებში ერთადერთი გამონაკლისი მე ვარ, რომელიც სიმბოლურად დავრჩი საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარად.

- აცხადებთ, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფა. თუმცა, ექსპერტების თქმით, დღემდე დაურეგულირებელია მედიკამენტების ფასის პრობლემა. არის თუ არა ოლიგოპოლია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე?

- მედიკამენტების სიძვირე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტების წილად მოდის, 40%-დან 50-%-ს ზემოთ ტრიალებს. განვითარებული ჯანდაცვის სისტემებში წამლებზე დანახარჯები 15%-დან 25%-მდე მერყეობს. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რადგან ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ, ამასთან, წამალი ძალიან ძვირია. სხვადასხვა სახელმწიფოს გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ პრობლემის მოგვარების სამი გზა არსებობს: 1. ფარმაცევტულ კომპანიებს (რომლებიც ჩვენთან 100%-ით კერძოა) სახელმწიფო უწესებს მოგების გადასახადს, ანუ ზღუდავს ბიზნესს; 2. სახელმწიფო სუბსიდირებას იწყებს და ხალხისთვის წამლებს ყიდულობს; 3. შემოაქვს რეგულაციები, რომელთა შედეგად სახელმწიფო შემოტანილი და ადგილობრივი პროდუქციის ხარისხს აკონტროლებს და ბაზარს მიმზიდველს ხდის სხვა მოთამაშეებისთვის.

ამ ტიპის კონკურენცია სავარაუდო ოლიგოპოლიურ წარმონაქმნებს მოგების მადას უმცირებს.

ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან შერეული მოდელი ავიღეთ. სუბსიდირებას აქამდეც ვეწეოდით, სახელმწიფო პროგრამები გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებს ყიდულობს. დავიწყეთ კონკურენციის უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლი გავაძლიერეთ, რათა ჩვენი ლობირების გარეშე სხვა მოთამაშეებიც შემოსულიყვნენ ბაზარზე.

ჩვენი მოქმედება დააჩქარა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად წამლის ფასების საგანგაშო ზრდამ.

რეფორმის დაწყებისთანავე წამლების ფასებმა იკლო. კონკურენცია კი უზრუნველვყავით, მაგრამ მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი. ვიდრე ლაბორატორიას შევქმნით, ახალ ფარმაცევტულ კომპანიებს დავუწესეთ ხარისხის ბარიერი, ნებისმიერ მედიკამენტს უნდა ახლდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

- ოდესმე შესაძლებელი იქნება, ქართული ჯანდაცვის სისტემა სრულფასოვნად გაიმართოს?

- ამისთვის სამი რამ არის საჭირო: 1. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ერთადერთი სწორი გზაა. პაციენტმა ოჯახის ექიმის დახმარებით დაავადების თავიდან აცილება ან დროულად დადგენა უნდა შეძლოს, გართულების შემდეგ კი არ უნდა მიმართოს ექიმს. ჩვენთან უმეტესად გართულებულ მდგომარეობში მიდიან ექიმთან;

2. აუცილებელია ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი კლინიკების საპირწონეს შექმნა. კლინიკების 90% კერძოა, რაც კარგია, მაგრამ მათ სახელმწიფოს მიმართ რეალურად არანაირი ვალდებულებები არა აქვთ და თუ მეპატრონეებს მოუნდებათ, კლინიკას სასტუმროდ გადააკეთებენ. ქვეყნისთვის ეს სტრატეგიული საფრთხეა. ამიტომ მთლიანი ინფრასტრუქტურული საჭიროებების, სულ ცოტა, 30% უნდა იყოს სახელმწიფოს ან სახელმწიფოს და კერძო მფლობელის ერთობლივ დაქვემდებარებაში, სადაც სახელმწიფო რჩება მოთამაშედ და ამინდის განმსაზღვრელად; 3. უნდა დაიწყოს სამედიცინო მოვლის ხარისხის კონტროლი. პირველი ეტაპი უკვე დაგეგმილია. ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ჯანდაცვის გამართული სისტემა გვქონდეს. დღეს ზოგჯერ გვიწევს ბრძოლა კლინიკების არაკეთილსინდისიერ მენეჯერებთან, ყოველდღე "ვხმალაობთ" პაციენტის დასაცავად. თუ ეს სამი მიმართულება იდეალურად განვითარდა, პირველადი ჯანდაცვის სიკეთეს, ალბათ, ერთი წლის შემდეგ ვიგრძნობთ. სამედიცინო ინფრასტრუქტურისა და კლინიკების რეფორმას 2 წელი დასჭირდება, ხარისხის კონტროლის შედეგს წელსვე მივიღებთ. თუმცა სისტემური მდგრადობა 3-5 წელიწადში იქნება შესაძლებელი...

- დაავადებების გამომწვევი მიზეზების პრევენცია სახელმწიფოს პრიორიტეტი არ უნდა იყოს? თბილისი ხომ იმ ქალაქების ჩამონათვალშია, სადაც მსოფლიოში ლამის ყველაზე დაბინძურებული ჰაერია.

- დიახ, გამონაბოლქვი დიდი პრობლემაა თბილისისთვის, მაგრამ მხოლოდ ერთჯერადი ტექნიკური დათვალიერების შემოღება ვერ შეცვლის სურათს. ამიტომაც

ეკონომიკური სტიმულირების სახით დასაბეგრი გადასახადი შემცირდება ჰიბრიდული ავტომობილების შემოტანაზე. ფინანსური ბარიერი გაიზრდება იმ ავტომობილებზე, რომლებიც ბევრ გამონაბოლქვს უშვებს, შესაბამისად, ახლებს მიენიჭება უპირატესობა. ეს გეგმა ფილიგრანულ ოსტატობას მოითხოვს, რომ ეკონომიკურად არც ერთი მხარე არ დაზარალდეს.

- თქვით, რომ თამბაქოს კონტროლი გამკაცრდება. როდის, როგორ, ვინ ითავებს ადმინისტრირებას?

- რამდენიმე წლის წინ მიიღეს კანონი, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უნდა შეზღუდულიყო თამბაქოს მოხმარება. კანონის ყველა პუნქტის დაცვით უკვე საგრძნობი შედეგი გვექნებოდა, მაგრამ აღსრულების ადმინისტრირების წესები არ იყო გაწერილი. რამდენიმე ასეული ფაქტორი იყო დასამუშავებელი და დღეის მდგომარეობით ორიოდე ტექნიკური დეტალია გასარკვევი.

- პოლიტიკურ თემებსაც უნდა შევეხოთ, თქვენ როგორ შეაფასებთ იმას, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" სუბიექტები არჩევნებში ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას?

- ჩემი აზრით, ნებისმიერ საქმეში არსებობს პრიორიტეტების იერარქია. ამ შემთხვევაშიც კოალიციის წევრებს აერთიანებდა უმაღლესი პრიორიტეტის ინტერესები, რომლებიც, როგორც ჩანს, ამოიწურა. შესაბამისად, წევრებს შორის მიზიდულობა ნაკლებია და დამოუკიდებლად გადაწყვიტეს პოლიტიკურ ასპარეზზე ბედის მოსინჯვა.

- არჩევნებში პარტია "ქართული ოცნების" შანსებს როგორ აფასებთ? სხვათა შორის, ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა საზოგადოებასთან ნაკლები კომუნიკაციაა.

-"ქართულ ოცნებას" ყველაზე მაღალი შანსი აქვს, რომ გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში. კომუნიკაციას ყოველთვის სჭირდება გაუმჯობესება. არასდროს არ უნდა ჩათვალო, რომ ამ მხრივ საუკეთესოდ არის საქმე. ვფიქრობ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი იყო ამ სამ-ნახევარი წლის განმავლობაში. შესაძლოა, არც მე მაქვს იდეალური კომუნიკაცია, ხშირად ვერ ვხვდები მოსახლეობას, მაგრამ მერწმუნეთ, თითოეული მინისტრისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ბედი და ეს ჩანს მთავრობის შეხვედრებზე, ყველა საკითხის განხილვას დიდი დრო ეთმობა.

- NDI-ს რეიტინგებმა საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია...

- როდესაც კვლევის შედეგებს ვკითხულობ, მიჩნდება კითხვა, თუკი ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა გამორჩეული და პოზიტიურია, ალოგიკური არ არის, რომ ჯანდაცვის მინისტრი რეიტინგების ბოლოშია?! არანაირი პიროვნული ამბიცია არა მაქვს და მოხარული ვიქნები, თუ სტატისტიკა უჩვენებს, რომ მინისტრის ვინაობას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან სისტემა მუშაობს გამართულად.

- ერთ-ერთი ვერსიით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ხუთეულშიც იქნებით და საჩხერეში მაჟორიტარადაც იყრით კენჭს.

- არ მიმიღია მონაწილეობა არც ერთ კონსულტაციაში, სადაც ჩემი სიებში ყოფნა განიხილებოდა. თუმცა 2012 წელს ქვეყნის წინაშე ვალდებულება ავიღე, რომ სადაც დავჭირდები, იქ ვიმოქმედებ. საჩხერეშიო? მართლა არ ვიცი... შესაძლოა, სადმე იმსჯელეს ამაზე, მაგრამ მე არ გამიგია.

ეკა ლომიძე