"თუ მოსამართლე სახელმწიფოსგან ასეთ საჩუქარს მიიღებს, ის მიუკერძოებელი ვერასოდეს იქნება"
25-04-2016
"თუ მოსამართლე სახელმწიფოსგან ასეთ საჩუქარს მიიღებს, ის მიუკერძოებელი ვერასოდეს იქნება"
"თუ ძველ პრაქტიკას გავაგრძელებთ, ისევ პაპუაშვილისნაირ ანგაჟირებულ მოსამართლეებს მივიღებთ"

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე მერიის კუთვნილი 125 კვმ ფართობის ბინა სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად უნდა გადასცემოდა, თუმცა, საზოგადოების პროტესტის შემდეგ მერიამ საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი:
- სააკაშვილის დროს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სახელმწიფომ ბინა სიმბოლურ ფასად 1.000 ლ
არად გადასცა, უფლებადამცველები ვამბობდით, რომ ეს კორუფციული გარიგება იყო და მოსამართლეებისთვის ქონებრივი უპირატესობის მინიჭება არ შეიძლებოდა. თუ მოსამართლე სახელმწიფოსგან ასეთ საჩუქარს მიიღებს, ის მიუკერძოებელი ვერასოდეს იქნება. სამწუხაროა, რომ მავნე პრაქტიკა ამ ხელისუფლებამ განაგრძო - თუ "ნაციონალური მოძრაობა" მოსამართლეებს ბინებს ათას ლარად აძლევდა, ბათუმის მერიამ ტურავასთვის ფართობის ჩუქება ერთ ლარად დააპირა. გასაგებია, რომ თბილისში მცხოვრებ მოსამართლეებს ბათუმში მუშაობისას საცხოვრებელი სჭირდებათ,
მაგრამ ჩვენი გადასახადებით შეძენილი ბინა მერიამ მათ დროებით სარგებლობაში უნდა გადასცეს! სხვათა შორის, მოსამართლეობის ვადის ამოწურვის შემდეგ ათას ლარად მიღებული ბინები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა სოლიდურ თანხად გაყიდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სასამართლო სისტემაში განსაკუთრებული ფუნქცია აკისრიათ. სამწუხაროა, რომ ეს ბათუმის მერიას არ ესმის.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბათუმის მერი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო, ტურავას კი ასეთ ძვი­რფას საჩუქარზე უარი უნდა ეთქვა.

მოსამართლეებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის სა­კითხზე"ახალგაზრდა ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის დაკითხვას ითხოვენ.

არჩილ კაიკაციშვილი, "ახალგაზრდა ადვოკატების" თავმჯდომარე: - მიხეილ სააკაშვილის პრაქტიკა აღარ უნდა გავაგრძელოთ­. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ პაპუაშვილისნაირ ანგაჟირებულ მოსამართლეებს მივიღებთ.პაპუაშვილმა 1.000 ლარი გადაიხადა ბინაში, რომელიც როლანდ ბლადაძეს უკანონოდ წაართვეს.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრს მისწერა, იყო თუ არა მისი ქონება სადავო. პასუხად კი მიიღო, რომ თუ ბლადაძე გამართლდებოდა, პაპუაშვილის ქონებაზე დავა უპირობოდ სამართლიანი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ როლანდ ბლადაძე გაამართლა, პაპუაშვილმა ცოლისდის ყოფილ მეუღლესთან, გიორგი ლევიძესთან დაჩქარებული წესით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პაპუაშვილმა ლევიძეს ქონება 195 ათას აშშ დოლარად მიჰყიდა, თუმცა, როგორც კი ამის შესახებ შევიტყვეთ, სახლის კოდს ხარვეზი დავადეთ, გიორგი ლევიძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება მოსთხოვა. დღეს დავა საქალაქო სასამართლოში გრძელდება და დარწმუნებული ვარ,
პაპუაშვილს უკანონოდ მით­ვისებული ქონების პატრონისთვის დაბრუნება მოუწევს.

მოსამართლეები, რომლებსაც 2007 წელს, სააკაშვილის განკარგულებით, ბათუმში სახელმწიფო ქონება ათას ლარად გადაეცათ:

1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი - ერას ქ #37, ბინა #8
2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი - ჭავჭავაძის ქ.#113, ბინა #8-9
3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ლოლაძე - გამსახურდიას ქ#2, ბინა # 39
4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ვახტანგ გვარამია - ასათიანის ქ.#8, ბინა #3
5. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ქეთევან ერემაძე - გამსახურდიას ქ. #38, ბინა #6
6. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ბესარიონ ზოიძე - რუსთაველის ქ.#22, ბინა #9
7. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ოთარ სიჭინავა - რუსთაველის ქ.#22, ბინა #9
8. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ჯონი ხეცურიანი - გრიბოედოვის ქ. # 28, ბინა #13.

ინფორმაცია მოწოდებულია "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით