"მარტივი ტრიუკებით მოსახლეობას ვეღარ მოატყუებ" - რას აცხადებს კვლევებზე IRI-ს ყოფილი თანამშრომელი - კვირის პალიტრა

"მარტივი ტრიუკებით მოსახლეობას ვეღარ მოატყუებ" - რას აცხადებს კვლევებზე IRI-ს ყოფილი თანამშრომელი

"გამოკითხვის შედეგად მიღებული რეალური სურათი საშუალო რგოლში კორექტირდება"

"ქართული ოცნება" - 20%, "ნაციონალური მოძრაობა" - 19%, "თავისუფალი დემოკრატები"- 13%, "ლეიბორისტული პარტია"- 8% - პარტიების ინფორმაციით, ასეთია IRI-ს კვლევის შედეგები, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჯერ პოლიტიკურ ორგანიზაციებს გააცნო, საზოგადოებისთვის გასაჯაროებას კი რამდენიმე დღეში გეგმავს. რამდენად სანდოა ეს მონაცემები და რა პრინციპით ტარდება კვლევები საქართველოში, "კვირის პალიტრასთან" IRI-ს ერაყის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა საუბრობს:

- "IRI-სა და NDI-ს"კვლევები საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე ტარდება, თუმცა აპრობირებული მეთოდია - კვლევების კორექტირება სხვადასხვა ძალისთვის სასურველი პოლიტიკოსების სასარგებლოდ ხდება. როგორც წესი, გამოკითხვის შედეგად მიღებული რეალური სურათი საშუალო რგოლში კორექტირდება, ანუ საველე მკვლევრები დამკვეთს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ასე ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს - მკვლევრებს პირდაპირ სპეცსამსახურებთან ჰქონდათ კავშირი და მათ ნებისმიერ ბრძანებას უპირობოდ ასრულებდნენ. რაც შეეხება IRI-სა და NDI-ს, საერთოდ, კვლევა ორი პრინციპით ტარდება: ჯგუფებს წინასწარ ამუშავებენ და რესპონდენტად არჩევენ იმ ოჯახის წევრს, ვინც უნდა გამოჰკითხონ. ეს ნიშნავს, რომ მკვლევარმა დაახლოებით იცის, რა განწყობის ჯგუფთან მიდის სამუშაოდ.

სხვათა შორის, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ამერიკაშიც ბევრი აკრიტიკებს. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ კვლევის¬ სპონსორი შვედეთის სამთავრობო ფოNDI "სიდაა", რომელსაც შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი კარლ ბილდტი კურირებს. ზოგჯერ პოლიტიკური რეიტინგების საბოლოო კორექტირება ვაშინგტონის მთავარ ოფისშიც ხდება.

- რა პრინციპით?

- იმისთვის, რომ საზოგადოებაზე პოლიტიკური გავლენა მოახდინონ და ხელისუფლებასაც მათთვის სასურველი გზავნილი მიაწოდონ, კვლევის კორექტირებაში ამერიკის ოფისიც ერთვება. სხვა მხრივ, წარმოუდგენელია, "ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებაში 19%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეს. ჩემი ინფორმაციით, ეს რიცხვი დღეს 4-5%-ს არ სცდება, თანაც IRI-ს შემთხვევაში ჯერ ისიც არ ვიცით, გამოკითხულთა რამდენი პროცენტიდან გამოიანგარიშეს სააკაშვილის პარტიის 19%. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, ვის მისცემს ხმას, "ნაციონალურ მოძრაობას" ნდობას არ გამოუცხადებს. გამოკითხულთა ამ ჯგუფიდან "ნაციონალების" მხარდამჭერი საკუთარ სიმპათიას აუცილებლად გაახმოვანებდა, რადგან აქსიომაა - თუ ქვეყანაში ხელისუფლების შიში არ არის და მოსახლეობას პოლიტიკური ნიშნით არ ატერორებენ, ხალხი კვლევებში უმეტესწილად ოპოზიციური პარტიისთვის მხარდაჭერას აფიქსირებს. დღეს ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველს პოლიტიკური ნიშნით დევნიან.

საერთოდ, ამ ორგანიზაციების რეპუტაცია განსაკუთრებით მას შემდეგ შეილახა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რეალობისგან რადიკალურად განსხვავებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. ადგილობრივ კონტრაქტორ ორგანიზაციასაც, რომელსაც NDI საქართველოს მასშტაბით კვლევებს უკვეთს, დღემდე "ნაციონალების" მეგობარი ხელმძღვანელობს.

- ფიქრობთ, რომ "ქართულ ოცნებას" 20%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს?

- მოსახლეობა "ქართული ოცნების" უუნარო პოლიტიკით ბოლო პერიოდში ძალიან უკმაყოფილოა, მაგრამ თუ მმართველი გუNDI სწორ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებს და ქმედით სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის ნდობის დაბრუნების რესურსი ჯერ კიდევ აქვს. თანაც, თუ "ქართული ოცნება" ნდობას კარგავს, სულაც არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველი მის ალტერნატივად "ნაციონალურ მოძრაობას" განიხილავს.

თუ საზოგადოებაში "ქართული ოცნების" რეიტინგი იკლებს, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა არ მატულობს, პირიქით, ბოლო პერიოდში დინამიკურად მცირდება. ეს მათ აქციებზეც ცხადი შეიქნა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ NDI-ს კვლევის მიხედვით, დავით ბაქრაძე და შალვა ნათელაშვილი რეიტინგში გიორგი კვირიკაშვილს მნიშვნელოვნად უსწრებენ. რეალურად, კვირიკაშვილმა საზოგადოებაში აბსოლუტურად სხვა მოლოდინი შექმნა და დღემდე მყარი მხარდაჭერით სარგებლობს. დავით ბაქრაძე კი ისევ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება, რომელიც თავად ამ პარტიისთვის მოუშორებელ ტვირთად იქცა. ჩემი აზრით, მმართველ გუნდს არსებული საკმაოდ რთული გამოწვევების ფონზეც კი, 40%-მდე რეიტინგი მაინც უნდა ჰქონდეს.

ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მოდუნების უფლება აქვს, პირიქით, თუ "ქართული ოცნება" საარჩევნო ყუთამდე ამომრჩევლის მიყვანას ვერ მოახერხებს, შესაძლოა, რეალურ რეიტინგზე ნაკლებიც კი მიიღოს, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებაზე იმუშავებს.

- რამდენად ახდენს გავლენას მსგავსი კვლევები საზოგადოების პოლიტიკურ განწყობაზე?

- კვლევის შედეგების მიზანი სწორედ ესაა - წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე პოლიტიკური გავლენა მაქსიმალურად მოახდინოს, თუმცა საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა, შესაბამისად, მარტივი ტრიუკებით მოსახლეობას ვეღარ მოატყუებ. მით უმეტეს, ხალხს კარგად ახსოვს 2012 წელს გამოქვეყნებული შედეგები და არჩევნებში პარტიების რეალური მონაცემები - 41%-იანი ცდომილება ორგანიზაციებს დიდხანს გაჰყვებათ.