არჩილ ფრანგიშვილი: "ქუცნაშვილს მოშიმშილეებთან აქტიური კონსულტაციები აქვს"
25-04-2016
არჩილ ფრანგიშვილი: "ქუცნაშვილს მოშიმშილეებთან აქტიური კონსულტაციები აქვს"
ზაქარია ქუცნაშვილი: "მაქვს ინფორმაცია, ვის გადასცა სარგებლობაში ფრანგიშვილმა უნივერსიტეტის ქონება"

თსუ-ის შემდეგ, რექტორის გადადგომას ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ითხოვენ, თუმცა ამჯერად პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას, ლექტორებმა მიმართეს - ხუთი პროფესორი მეთხუთმეტე დღეა შიმშილობს, რექტორი არჩილ ფრანგიშვილი კი მოშიმშილეებთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს:

- თანამდებობიდან არ გადავდგები და წარმომადგენლობითი საბჭოც არ დაიშლება. სასამართლოს სხდომა მაისშია დანიშნული, ამიტომ კეთილი ინებონ და მოსამართლის გადაწყვეტილებას დაელოდონ.

- რატომ ამბობთ მოშიმშილეებთან შეხვედრაზე უარს, ან ვის ეკისრება პასუხისმგებლობა
მათ ჯანმრთელობაზე.

- პასუხისმგებლობა მხოლოდ აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ. რეალურად, მათ არ გააჩნიათ ხედვა, როგორ აპირებენ უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებთან გამკლავებას და მხოლოდ ფსიქოლოგიური ტერორის მოწყობა ეხერხებათ. მეტიც, კარგად ვიცი, ვინც მართავს ამ პროცესს, ზაქარია ქუცნაშვილმა ჯერ კიდევ დეკემბერში გააკეთა განცხადება, ფრანგიშვილს რექტორად თავისი კანდიდატურის მესამედ წამოყენების
უფლება არა აქვსო. არადა, მაშინ თავადაც არ მქონდა ჩემი გეგმები ჩამოყალიბებული. ვიცი, რატომ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ეს კამპანია, მაგრამ დაკონკრეტებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ქუცნაშვილს მოშიმშილეებთან აქტიური კონსულტაციები აქვს, ამას არც თავად მოშიმშილე პროფესორები მალავენ. ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა ძალის ინტერესი იკვეთება, მათ შორის, პოლიტიკოსებისაც. მაისში სასამართლო ჩატარდება, ამიტომ არ მინდა ჩემი განცხადებებით სასამართლო პროცესზე გავლენა მოვახდინო. ერთს კი ვიტყვი - ტექნიკურ უნივერსიტეტში გაცილებით დიდი ჯგუფია ჩართული, ვიდრე თსუ-ში იყო. გვაქვს ვიდეოფირი, სადაც კარგად ჩანს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან გამართულ აქციაში მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. ვინ მოიყვანა ისინი უნივერსიტეტში?

- იურისტები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის რექტორი მესამე ვადით კანონდარღვევით გახდით.
- 2011 წელს მიღებული წესდების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მქონდა და ამას სასამართლოზეც დავამტკიცებ.

გოდერძი ტყეშელაშვილი, უნივერსიტეტის ლექტორი:
- როდესაც მოშიმშილეებს შევთავაზე, იქნებ შიმშილობა შეწყვიტოთ-მეთქი, უარი მივიღე, რატომ უნდა შევწყვიტოთ, ფრანგიშვილი რექტორის თანამდებობიდან გადადგაო? ტექნიკური უნივერსიტეტი სავალალო მდგომარეობაშია. არც ერთ მსოფლიო რეიტინგში არ ვფიგურირებთ, არადა, არც ისე დიდი ხნის წინ უნივერსიტეტი რეგიონში წამყვან სასწავლებლად ითვლებოდა. ამაზე პასუხისმგებლობა რექტორს ეკისრება, მან კი, პასუხისმგებლობის გაცნობიერების ნაცვლად, რექტორობა მესამე ვადით და თანაც უკანონოდ გადაწყვიტა.

- ზაქარია ქუცნაშვილი რა კავშირშია მოშიმშილეებთან?

- შესაძლოა, ქუცნაშვილს აქვს კონსულტაციები ზოგიერთ პროფესორთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქციებს პოლიტიკოსები მართავენ. პირიქით, ხელისუფლებას უყურადღებობის გამო ვაკრიტიკებთ, ფრანგიშვილის რექტორად დამტკიცებაში პასუხისმგებლობა უშუალოდ განათლების მინისტრს ეკისრება.
რა ტიპის კონსულტაციები აქვთ პროფესორებს ზაქარია ქუცნაშვილთან, ამის გარკვევას თავად მასთან შევეცადეთ: - ჯერ კიდევ დეკემბერში მქონდა ინფორმაცია, რომ არჩილ ფრანგიშვილი უნივერსიტეტის რექტორობას მესამე ვადით აპირებდა, რაც დადასტურდა კიდეც. კანონი ცალსახად ამბობს, რომ უნივერსიტეტის რექტორად მესამე ვადით არჩევის უფლება არავის აქვს.

არჩილ ფრანგიშვილი უნივერსიტეტის 75-მილიონიან ბიუჯეტსა და 200-მილიონიან ქონებას მართავს. ბევრი კითხვაა უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქონების გასხვისების თაობაზეც. მაქვს ინფორმაცია, ვის და რა ფორმით გადასცა მან უნივერსიტეტის ქონება სარგებლობაში, რასაც საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით