"ეს "ურანის საქმეები" ვიზალიბერალიზაციის ჩაშლას ემსახურება"
02-05-2016
"ეს "ურანის საქმეები" ვიზალიბერალიზაციის ჩაშლას ემსახურება"
"შენს ტერიტორიაზე ბირთვულ ნივთიერებას "ჰეზბოლა" შემოიტანს თუ "ალ-ქაიდა", რა მნიშვნელობა აქვს?"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქობულეთში ბირთვული მასალის - რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე მიხეილ ჯინჭარაძე, ლევან გორგილაძე, როლანდ თურაძე, მამუკა ნაკაიძე და ამირან ჩადუნელი იმ დროს დააკავეს, როცა მათ ბირთვული მასალა ერთ-ერთ ბინაში მიიტანეს, სადაც ურანის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. ბირთვული ნივთიერების მყიდველები დამნაშავეთა ჯგუფში სუს-ის ოფიციალურად ჩანერგილი თანამშრომლები
აღმოჩნდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ჩატარებულმა რადიოლოგიურმა ექსპერ­ტი­ზამ ცხადყო, რომ რადიოაქტიური ნივ­თი­ე­რება ურანი, საერთო წონით 1,665 გ,­­­ შეიცავს 2 რადიოაქტიურ იზოტოპს: "ურან 238"-სა და მცირე ოდენობით 0, 23% "ურან 235"-ს, რომლებიც მიეკუთვნებიან ბირთვულ მასალათა კატეგორიას. რადიო­აქტიური გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, მათთან ხანგრძლივი კონტაქტი საშიშია
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

თამილა ქუთათელაძე, ამირან ჩადუნელის ადვოკატი: - ამირან ჩადუნელი კახეთიდანაა, ქობულეთში ნათლულის ბინას არემონტებდა. როგორც მან მითხრა, მას ნაცნობმა სთხოვა, აეტვირთა და სამტრედიაში მცხოვრები პირისთვის (საქმის მასალებში არის იმ სამტრედიელის განცხადება, რომ ის სუს-ის არაოფიციალური თანამშრომელია), ვაიბერით გადაეგზავნა ფოტო, რომელზეც თურმე ურანის კონტეინერი ყოფილა აღბეჭდილი. მან არც კი იცის, რა ატვირთა, კონტეინერს წარწერა არა აქვს, შიგნით კი ისეთი ჩაშლილი კონუსური ნივთებია, მისი რაობა რომ გაარკვიო, სპეციალისტი უნდა იყო. ხუთიდან ერთი (ჩადუნელი) ავტომანქანაში, ერთი - ქუჩაში, სამი კი იმ სახლში დააკავეს, სადაც აფორმებდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებას მყიდველები (სუს-ის თანამშრომლები) და გამყიდველები. დაშიფრულია მათი სატელეფონო საუბარი, სადაც ნახსენებია 3 მილიონი დოლარი.

ყოველივეს შეიძლება დანაშაულის პროვოცირებაც დავარქვათ, ვინაიდან იმ სამტრედიელმა 15 აპრილს შეატყობინა სუს-ის თანამშრომლებს, რომ მას ჩადუნელმა გადაუგზავნა ურანის კონტეინერის ფოტოები, 20 აპრილს გამოიცა საქმის აღძვრის ბრძანება, 25 აპრილს კი ეს ხუთი ადამიანი დააკავეს. თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იცოდნენ, რომ ამ პირების ხელში ასეთი საშიში ნივთიერება იყო, ხომ შეიძლებოდა, 10 დღეში მასთან კონტაქტს ვინმესთვის სიცოცხლე მოესწრაფებინა?

ამირან ჩადუნელი ნაწილობრივ აღიარებს ბრალს და ამბობს­, არ ვიცოდი, ტელეფონით რას ვგზავნიდიო.
არავინ იცის, საიდან მოხვდა ურანი საქართველოში, შემოიტანეს თუ ძველი ნარჩენია - რუსის ჯარი რომ გავიდა საქართველოდან, მას შემდეგ ასეთი რადიოაქტიური ნივთიერებები ამოიღეს, მაგრამ, ეტყობა, მაინც შემორჩა სადღაც. კონტეინერი ჩაჟანგულია. შესაძლოა, ის მართლაც საქართველოს ტერიტორიაზე იყო შემორჩენილი.

იოსებ ზაალიშვილი, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში: - ურანი მძიმე მეტალების კატეგორიას მიეკუთვნება, პატარა მოცულობისაა (მაგალითად, სამი კილოგრამი ერთი კვერცხისხელაა) და ტყვიის კონტეინერში მოთავსებული რადიაციას არ ატარებს. აქედან გამომდინარე, მისი შემოტანა იოლია. ურანს რამდენიმე ქვეყანა: ჩინეთი, ინდოეთი, ისრაელი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ამერიკა აწარმოებენ. სომხეთშიც არის რეაქტორი, მაგრამ ურანი იქ რუსებს შეაქვთ.
რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას რუსეთის გენშტაბის განცხადებას რუსეთში 300 ჯიჰადისტის შესვლის თაობაზე. საკითხავია, საიდან შევიდნენ მებრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე. ამასობაში კი საქართველოში კვირაში ერთხელ ურანს იღებენ სამართალდამცავები. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ის ფაქტი, რომ საქართველო აქამდეც იყო ტერორისტების სატრანზიტო ქვეყანა, ახლა კი ხდება ურანის შემოტანა-გატანა, ნიშნავს, რომ ჩვენმა უშიშროებამ ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოისხას. თუმცა, ამას ვერ მოახერხებს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ორგანო ისევ მერაბიშვილისა და სააკაშვილის კადრებითაა დაკომპლექტებული. ისინი 9 წლის განმავლობაში ტერორისტების მხარდამჭერები იყვნენ.

- ანუ იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ხდება, ძველი კადრები უწყობენ ხელს?
- ამბობენ, ურანი სომხეთიდან შემოაქვთ და ირანულიაო. შენს ტერიტორიაზე ბირთვულ ნივთიერებას "ჰეზბოლა" შემოიტანს თუ "ალ-ქაიდა", რა მნიშვნელობა აქვს? რატომ არ მოუვიდათ აზრად, ურანი აზერბაიჯანის გავლით გაეტანათ? ჩემი აზრით, ეს "ურანის საქმეები" ვიზალიბერალიზაციის ჩაშლას ემსახურება. მერამდენე ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ურანი შემოიტანეს. მერე გამოვლენ ევროპელები, იტყვიან, თქვენთან წარამარა ურანს პოულობენო და ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე უარს იტყვიან. ამას არ ჯობია, დავხუროთ საზღვრები და ვანოს და მიშას ნარჩენები გამოვყაროთ უშიშროებიდან? ყველაფერი ცუდი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, "ნაციონალური მოძრაობის" ძველი კადრების ბრალია.

ბირთვული მასალა სომხეთიდან შემოიტანეს?!

გასულ კვირას "ურანის საქმეზე" თბილისში 6 პირი დააკავეს. სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე: მირან მოვსესიანი, აშოტ გოროიანი, ჰაიკაზ ჰოვაკიანი და საქართველოს 3 მოქალაქე: მუხტარ ცქიტიშვილი, თამაზ ბიჩიკაშვილი და სავლე ლურსმანაშვილი. სუს-ის განმარტებით, ისინი თბილისში ბირთვული მასალის გაყიდვას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ. რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნივთიერება "ურანი-238"-ია. გამოძიების ვარაუდით, ურანი სომხეთის მოქალაქეებმა ჩამოიტანეს, მაგრამ რა გზით, დასადგენია. ერთი ვერსიით, ბირ­თვული მასალა სომხეთის მოქალაქეებმა 14 აპრილს სატრანსპორტო კონტეინერით შემოიტანეს.

ნანა ფიცხელაური

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები