"სასაცილოა პაატა ბურჭულაძის შემთხვევა" - ვინ არის უმრავლესობაში სტალინელი­ და ნორჩი ლენინელი?! - კვირის პალიტრა

"სასაცილოა პაატა ბურჭულაძის შემთხვევა" - ვინ არის უმრავლესობაში სტალინელი­ და ნორჩი ლენინელი?!

ეკა ბესელია: "ზოგი რევანშისთვის ემზადება, ჩვენთვის კი ეს მორიგი პოლიტიკური და სამართლებრივი ტესტია - დემოკრატიულ ქვეყანაში კიდევ ერთი სამართლიანი არჩევნები უნდა ჩავატაროთ"

ლევან ბერძენიშვილი: "თუ კვირიკაშვილი და უსუფაშვილი არ დააფიქსირებენ, რომ გუნდში მყოფ სტალინელებს ემიჯნებიან, ამ ფაქტორს ჩვენი მოწინააღმდეგეები სათავისოდ გამოიყენებენ"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან "მცირე პრობლემებს" სტალინელები და ლენინელები ქმნიან, პარტია "ქართულ ოცნებაში" უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. პარალელურად, რესპუბლიკური პარტიის"ლიდერები საბავშვო ბაღების რეფორმაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან მწვავედ უკვე მეორედ კამათობენ.

როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ეკა ბესელია აღნიშნავს, ყოფილი პარტნიორები წინასაარჩევნოდ კონკურენციის რეჟიმში გადავიდნენ:

- პოლიტიკური კალენდარი ახლა სხვა რეალობას ქმნის - ყოფილი პარტნიორები კონკურენციის რეჟიმში გადადიან და განცხადებებიც ბევრად მწვავე გახდა.

როგორც წესი, პარლამენტის თავმჯდომარე ფრთხილი განცხადებებით გამოირჩევა, თუმცა მისი ფრაზა ლენინელებსა და სტალინელებზე აშკარად მცდარი იყო. მას გაუჭირდება დაასახელოს, ვინ არის "ქართულ ოცნებაში""ნორჩი ლენინელი ან სიყმაწვილეგავლილი სტალინელი.

ყველასთვის მოსაწონი პოლიტიკოსი არ დაბადებულა, მაგრამ ეს შეფასება უფრო პოლიტიკური წყენის გახმოვანებას ჰგავდა. ფაქტია, პოლიტიკური ვითარება დაიძაბა, თუმცა საინტერესო საარჩევნო მარათონი დაიწყო. ზოგი რევანშისთვის ემზადება, ჩვენთვის კი ეს მორიგი პოლიტიკური და სამართლებრივი ტესტია - დემოკრატიულ ქვეყანაში კიდევ ერთი სამართლიანი არჩევნები უნდა ჩავატაროთ.

- და ამ კონკურენციის პირობებში წინასაარჩევნო კამპანიის სტაბილურად ჩატარება რამდენად შესაძლებელი იქნება? მით უმეტეს, უმრავლესობაში უკვე ბაღებთან დაკავშირებულ რეფორმაზეც კი გიჭირთ შეთანხმების მიღწევა.

- პარლამენტში მუშაობა იოლი არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით რთული პერიოდია. პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თავსა და ინტერესებს სახელმწიფოზე მაღლა დააყენებს, ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს. მთავარია, ამომრჩეველმა თვალი კრიტიკულად მიადევნოს და ყველას რეალურ სახეს დაინახავს.

ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც ჩვენმა კომიტეტმა მოამზადა, სკოლამდელი განათლების სისტემის შეცვლაა. ამ საკითხზე ორი წელი ვმუშაობდით, თუმცა მანამდე ალტერნატიული წინადადება ან განსხვავებული პოზიცია არავის დაუფიქსირებია. ნოდარ ებანოიძემ შენიშვნები მხოლოდ კანონის მეორე მოსმენისას წამოაყენა, რაც პროცედურების დარღვევა იყო. შესაბამისად, მას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. რესპუბლიკელებმა საკითხიც არასწორად წარმოაჩინეს - არც ერთი ბაღი არ დაიხურება, ყველას ექნება დრო, ავტორიზაცია გაიაროს და კანონით გათვალისწინებული ნორმები მოაწესრიგოს.

წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ბრძოლას აანონსებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილიც: - რესპუბლიკელები" და "ქართული ოცნება" არჩევნებში კონკურენტები ვიქნებით, პოლიტიკური ბრძოლაც მალე დაიწყება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეები ერთმანეთს დავუპირისპირდებით, ბრძოლა პარტიის ლიდერებს შორის გაიმართება. ბრძოლის ფორმებზე საუბარი კი ნაადრევია. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რა გაუკვირდათ? "ქართულ ოცნებას" ნატოზე მეჭიაურის განცხადებები არ მოუსმენია? უსუფაშვილს ევროპაში ყოფნისას ეუბნებიან, რომ თურმე საქართველო სტალინისტური ქვეყანაა... სხვათა შორის, პრემიერმაც კი თქვა, გუნდში სტალინისტებიც გვყავს, მაგრამ მათ პოზიციას არ ვეთანხმებითო. თუ კვირიკაშვილი და უსუფაშვილი არ დააფიქსირებენ, რომ გუნდში მყოფ სტალინელებს ემიჯნებიან, ამ ფაქტორს ჩვენი მოწინააღმდეგეები სათავისოდ გამოიყენებენ. ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვის ყველაფერს თავის სახელს არქმევს. მიკვირს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები მეჭიაურის განცხადებებს არ ემიჯნებიან.

- ეს მიგანიშნებთ, რომ პარტია ასეთი განცხადებების კონტექსტს იზიარებს?

- მეჭიაური "ქართული ოცნების" არც ლიდერი და არც თავმჯდომარეა. მეტიც, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდება, ვფიქრობ, მეჭიაურის ადგილი პარტიაში აღარ დარჩება. ბუნებრივია, ჩვენ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის შედგენასთან კავშირი არა გვაქვს, ამიტომ მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ვისზე გააკეთებენ არჩევანს - ადამიანებზე, რომლებმაც ამერიკასა და ევროპასთან ურთიერთობა და ამასთან, ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა იციან, თუ ისევ იმ პოლიტიკოსებს დაეყრდნობიან, რომლებიც ევროპაში გვარცხვენენ და თავს გვჭრიან.

- ვის გულისხმობთ?

- ასეთები არიან და, ალბათ, ფაქტებიც ვიცი, რადგან ეს ინფორმაცია წამომცდა... დარწმუნებული ვარ, ამ ფონზე რესპუბლიკელებისთვის ქვების სროლა მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა საპარლამენტო კრიზისამდე მისვლას მაინც ვერ მოვასწრებთ - მაქსიმუმ, შესაძლოა, უმრავლესობა დავტოვოთ, მაგრამ არჩევნებამდე იმდენად ცოტა დროა, საპარლამენტო უმრავლესობა გინდ ყოფილა, გინდ - არა. დიდი ალბათობით, არჩევნებამდე მაინც ამ შემადგენლობით მივალთ, მომავალზე კი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ.

- ბოლო დღეებში გამოქვეყნებული უკვე მეორე საერთაშორისო კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ლამის ერთმანეთს უტოლდება. ფიქრობთ, რომ თქვენი პარტია დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვას შეძლებს?

- NDI-სა და IRI-ს კვლევის შედეგები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ეს ნიშნავს, რომ ან ერთი ცდება, ან მეორე, ან ორივე. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ორივე რეალობას არის მოწყვეტილი. მეტიც, არასერიოზულია კვლევების გამოქვეყნება მაშინ, როდესაც თავადვე აღიარებ, რომ გამოკითხულთა 60%-მა პასუხი არ გაგცა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერთი კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებში დავით ბაქრაძე ლიდერობს, IRI-ს მონაცემებით კი ის მეექვსე პოზიციაზეა. საერთოდ სასაცილოა პაატა ბურჭულაძის შემთხვევა -IRI-მ ლიდერ პოლიტიკოსად ისე გამოაცხადა, რომ ჯერ ბურჭულაძე პოლიტიკაში არც კი შემოსულა. შეიძლება ნომერ პირველ მომღერლად გამოაცხადო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გაუჭირდება პირველობა, რადგან ძალიან ძლიერი ქალი მომღერლები გვყავს.

კარგი იქნება, თუ ორგანიზაციები კვლევის მეთოდოლოგიას დახვეწენ და ოროსნულ შედეგებს არ გამოაქვეყნებენ.

რუსუდან შელია