"თიბილოვს არ ესმის, რომ სამხრეთ ოსეთი მისი საკუთრება არ არის" - კვირის პალიტრა

"თიბილოვს არ ესმის, რომ სამხრეთ ოსეთი მისი საკუთრება არ არის"

"მას უნდა, რომ ჰქონდეს რეფერენდუმის შედეგები და როდესაც დასჭირდება, მაშინ გამოიყენოს"

"იმედი მაქვს, რომ რუსეთს საბჭოთა სახელმწიფოს აღდგენის სურვილი არ აქვს"

ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომოდ ე.წ. საზღვრის მიღმა დარჩენილი საფლავების მონახულების საშუალება არც წელს მიეცა. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლების მოსახლეობას, მათ ე.წ. საზღვართან მდებარე სასაფლაოებზე გასვლა შეუფერხებლად შეძლეს.

ამის პარალელურად ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება კვლავაც აცხადებს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმის ჩატარებისთვის ემზადება. ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თბილოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა რომ, ის ამ თემაზე რუსეთის მხარესთანაც მუშაობს.

მისი თქმით, რეფერენდუმი "განსაკუთრებული ფორმით" უნდა ჩატარდეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლისათვის, ე.წ. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა გახდება საჭირო.

ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, ამ საკითხს საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც:

ირინა ჩიბიროვა, ცხინვალის მკვიდრი:

- ახლა, როდესაც ურა-პატრიოტიზმის ტალღამ გადაირია ცხინვალის მოსახლეობას სურს გაიგოს სიმართლე, რამ გამოიწვია ლეონიდ თიბილოვის მოულოდნელი გადაწყვეტილება და საერთოდ, რას გულისხმობს, როდესაც რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბრობს? რატომ გახდა ამის გაკეთება საჭირო მაინც და მაინც ახლა?! ჯერ კიდევ შემოდგომაზე, თიბილოვი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი გზით განვითარებაზე ლაპარაკობდა, თუმცა, სრულიად მოულოდნელად შეიცვალა პოლიტიკური რიტორიკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ის ვლადისლავ სურკოვს შეხვდა და არავინ იცის, რაზე ელაპარაკა...

ოლეგ კუდუხოვი, "ოსრადიოს" მთავარი რედაქტორი:

- იმედი მაქვს, რომ რუსეთს საბჭოთა სახელმწიფოს აღდგენის სურვილი არ აქვს. რაც შეეხება, პრეზიდენტ თიბილოვს, ეტყობა, მას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის, რაც რუსეთის ფედერაციას შესთავაზა. თიბილოვს არ ესმის, რომ სამხრეთ ოსეთი მისი საკუთრება არ არის და ისე ვერ მოიქცევა, როგორც სურს... იმედია, მას ჰყავს გონიერი თანაშემწეები, რომლებიც ამ სიტუაციიდან გამოსვლაში ან თუნდაც უკან დახევაში დაეხმარებიან. ის, რომ უკვე აღიარებული სახელმწიფოს კონსტიტუცია იმიტომ უნდა შეიცვალოს, რომ სხვა ქვეყნას შეურთდეს, ეს უკვე აბსურდია. გამოდის, რომ ჩვენ ყველანი აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების თემაზე რეფერენდუმის გამართვის საკითხზე კარგა ხანია ლაპარაკობენ, თუმცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი არ განიხილება. მაშ, რას ემსახურება ეს რეფერენდუმი? - ამ კითხვაზე გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტი მამუკა არეშიძე ასე პასუხობს:

- მართალია, რუსმა პოლიტოლოგმა ნიკოლაი სვანიძემ თქვა, რომ ეს შეიძლება რუსეთთან არც იყოს შეთანხმებული, მაგრამ მე ეს არ მჯერა. კონკრეტული ადამიანის დასახელება შემიძლია, ვისთანაც მოხდა რეფერენდუმზე შეთანხმება - ეს არის ვლადიმირ პუტინის თანაშემწე დე ფაქტო აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში ვლადისლავ სურკოვი. თუმცა, რუსეთი არ აპირებს, რეფერენდუმის შედეგი დაუყოვნებლივ რეალობად აქციოს და ე.წ. სამხრეთ ოსეთი შეიერთოს. მას უნდა, რომ ჰქონდეს რეფერენდუმის შედეგები და როდესაც დასჭირდება, მაშინ გამოიყენოს. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გახდეს: საქართველოს ხელისუფლების ხისტი და აგრესიული მოქმედება, ჰააგაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესის მისთვის არასასურველი მიმართულება და ა.შ. ამიტომაც გვმართებს დიდი სიფრთხილე.

იხილეთ სრულად

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)