"ჩვენს წინააღმდეგ შტურმი ვერ განხორციელდა" - კვირის პალიტრა

"ჩვენს წინააღმდეგ შტურმი ვერ განხორციელდა"

"თუ სასამართლო ივანიშვილის ზეწოლას ვერ გაუძლებს, ქუჩის აქციებს დავიწყებთ!"

თუ ე. წ. კაბელების საქმის განხილვა პროკურატურის გამარჯვებით დასრულდა, "თავისუფალი დემოკრატები" ქუჩის აქციებს დაიწყებენ. გვესაუბრება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია.

- ახალი მოსამართლე ცდილობს, ბიძინა ივანიშვილის საბრალდებო დასკვნა გაამართლოს, რომელიც მას მთავარმა პროკურორმა შოთაძემ დაუწერა. წინასწარი განხილვისას ასეთივე ზეწოლა იყო მოსამართლე ჯუღელზეც, თუმცა მან პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო.

- მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსამართლე ჯუღელი თქვენი ახლობელია...

- ჯუღელი პირველად სასამართლო პროცესზე ვნახე. სწორედ იმის გამო, რომ ჯუღელი არ გატყდა, მოსამართლეობის ვადის ამოწურვის შემდეგ უფლებამოსილება აღარ გაუგრძელეს.

ფარცხალაძე მის ხელდასხმულ ირაკლი შოთაძეს დღესაც სრულად აკონტროლებს, მთავარი შემკვეთი კი ივანიშვილია, რომელსაც პოლიტიკური შურისძიება სურს.

თუ სასამართლო ივანიშვილის ზეწოლას ვერ გაუძლებს და ჩვენს წინააღმდეგ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ქუჩის აქციებს დავიწყებთ!

მივმართავ ივანიშვილს: ბალანსზე შვიდი მილიარდის ქონა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების ჯიბეში ჩასმას შეძლებს. სხვათა შორის, ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ახლო გარემოცვაში აღიარეს, ვიცით, ეს ადამიანები რომ უდანაშაულოები არიან, მაგრამ ალასანია უნდა დაისაჯოსო.

- რატომ უნდა "დასჯილიყავით"?

- ამ ბიჭების წინააღმდეგ უკანონობას ვერ შევეგუე! თანაც, კარგად ხედავენ, რომ ჩვენი რეიტინგი დღითი დღე იზრდება. როგორც წესი, ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ახალი შეტევა სხვადასხვა კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ მზადდება. ვერაფერს დაგვაკლებენ! პოლიტიკა რომ გვერდზე გადავდოთ, ეს უკვე ღირსების საქმეა. თუ დადასტურდა, რომ ივანიშვილი სასამართლო სისტემის მუშაობაში ერევა, დარწმუნებული ვარ, უსამართლობის წინააღმდეგ ქუჩაში უამრავი მოქალაქე გამოვა.

- ცოტა ხნის წინ ირაკლი ოქრუაშვილსაც დაუპირისპირდით. რატომ ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" ყოფილ თავდაცვის მინისტრს თქვენს წინააღმდეგ იყენებს?

- კომისიის თავმჯდომარის გადაყენება მხოლოდ იმ მოტივით გადაწყვიტეს, რომ ის ჩვენი პარტიის წევრია, ინიციატორი კი ოქრუაშვილი გახლდათ. საბედნიეროდ, ჩვენს წინააღმდეგ შტურმი ვერ განხორციელდა.

- "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსულ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას გეგმავთ?

- არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ, არჩევნებში დამოუკიდებლად გავიმარჯვებთ.

რუსუდან შელია