"ნაციონალური" შეთქმულება სააკაშვილის წინააღმდეგ?! - კვირის პალიტრა

"ნაციონალური" შეთქმულება სააკაშვილის წინააღმდეგ?!

"დამისახელეთ თუნდაც სამი რეფორმა, რომლებიც დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობისას განახორციელა"

"ზუსტ დროს ვერ გეტყვით, როდის დაიწყო მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან ჩაჩოჩების პროცესი, მაგრამ ამის მცდელობა იყო..."

"ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ვაშაძემ დატოვა, თუმცა, წინამორბედებისგან განსხვავებით, მან პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე დაუფარავად ისაუბრა:

- "ნაციონალური მოძრაობისგან" საზოგადოება ახალ ინიციატივას, სახეებსა და ენერგიას ელოდა, თუმცა დაჭაობებული პოლიტიკური პროცესი მიიღო. ეს ადამიანები თავიანთი უმოქმედობით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენას უწყობენ ხელს და არა მის შეცვლას.

- თქვენი აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელები კი, პირიქით, ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოგისყიდათ, მათთან კი საარჩევნო ათეულშიც ვერ მოიძებნა თქვენთვის ადგილი.

- სწორედ ასეთი მიდგომების გამო ექმნება პარტიას ის პრობლემები, რომლებთან გამკლავება მომავალში უფრო გაუჭირდება. ფინანსური დაინტერესება ჩემი მამოძრავებელი არასდროს ყოფილა. რაც შეეხება საარჩევნო სიას, ათეულში ყოფნა გარანტირებული მქონდა და შემეძლო, მომავალ პარლამენტშიც მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ ეს არ არის ჩემი მიზანი. მთავარია, ადამიანებმა, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ, ადგილი ახალ თაობას დაუთმონ.

- ვის არ გაუკეთებია არაფერი?

- დამისახელეთ თუნდაც სამი რეფორმა, რომლებიც დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობისას განახორციელა.

- მისი პოლიტიკური რეიტინგი საეჭვოა?

- დავით ბაქრაძის რეიტინგი არ სცდება საზოგადოების განცდას - კაი კაცია და იყოს, ვის რას უშლის. ადამიანები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, მათ აღარ აინტერესებთ. გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძესა და გოკა გაბაშვილს მიხეილ სააკაშვილის, როგორც აქტიური ლიდერის, პარტიაში ყოფნა აღარ სურთ.

- როდის დაიწყო ეს პროცესი? სააკაშვილმაც თქვენ ივანიშვილის პოლიტიკური თამაშის ნაწილად მოგიხსენიათ.

- ზუსტ დროს ვერ გეტყვით, როდის დაიწყო მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან ჩაჩოჩების პროცესი, მაგრამ ამის მცდელობა იყო. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, მიუხედავად ამისა, ის მაინც ჩემი მეგობარია.

- ითქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ახალი პარტიის შექმნას გეგმავთ.

- უკრაინაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მაქვს დასამთავრებელი და არც ერთი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებული არ არის. პარტიას კი აუცილებლად შევქმნი და სასწაულებსაც მოვახდენ, თუმცა ვინ იქნება ჩემ გვერდით, ამას უახლოეს მომავალში შეიტყობთ.

გიორგი ვაშაძესთან ერთად ახალ პარტიაში ყოფნას არც ანდრო ბარნოვი გამორიცხავს: - ადამიანები, რომლებმაც პარტიის წარმატებისთვის ბევრი იშრომეს, მას ეტაპობრივად ტოვებენ. ქოქოლა კი, რომელსაც პარტიაში დარჩენილები გვაყრიან, ამაზრზენია. ამ ფონზე იმედიც კი დავკარგე, რომ პარტიაში ვითარების გამოსწორების შესაძლებლობა არსებობს. ამ პრობლემების მიზეზი ივანიშვილი კი არა, ის გუნდია, რომელიც ყოველგვარ სიახლეს ეწინააღმდეგება.

- უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ პარტიაში ორი დაპირისპირებული ფლანგი არსებობს, თუმცა გაუგებარი დარჩა ამ პროცესში სააკაშვილის როლი. მან "წასულებს" "დარჩენილებთან" თანამშრომლობა ამჯობინა?

- მოუთმენლად ველოდები, როდის შეამჩნევს სააკაშვილი, რა ხდება პარტიაში. გიორგი ვაშაძის წასვლაზე მისი სახელით გაკეთებული განცხადება კი გაუგებარი იყო, მაგრამ საეჭვოდ მეჩვენა, რომ წერილი პარტიამ გაავრცელა, რადგან სააკაშვილის "ფეისბუკზე" ამის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.

რაც შეეხება ფლანგებს, დაპირისპირებული ძალა პარტიაში დიდი ხანია არსებობს.

- გიორგი ვაშაძე პარტიის შექმნას აპირებს. მასთან გაერთიანებას ხომ არ გეგმავთ?

- დრო გვიჩვენებს, ვინ როგორ დაჯგუფდება. გამარჯვების მოსაპოვებლად ბევრი შრომა და ენერგიაა საჭირო, რაც გიორგის ნამდვილად აქვს. პარტიაში ყოფნისას ყოველთვის ვამბობდი: საზოგადოებას პოლიტიკოსის უნდა სჯეროდეს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ხალხს ვერასდროს დააჯერა, რომ ტყუილს არ ამბობს. უინტერესო და მოსაწყენია, რაც იქ ხდება.

"პოპულიზმი და დემაგოგია"- ასე აფასებს გიორგი ვაშაძის განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი:

- გიორგი ვაშაძეს მეტი ამბიცია აქვს, ვიდრე შესაძლებლობები. სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეა, შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის ფლანგებად დაყოფაზე საუბარი არასერიოზულია. თავის დროზე, ვაშაძეს პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტის დაკავება სურდა, თუმცა ყრილობამ რატიანი აირჩია. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მაშინ განაწყენდა, ბოლოს კი, პარტია ისე დატოვა, რომ პოლიტსაბჭოს განხილვასაც არ დაელოდა. გაემხილა ჩვენთვის საკუთარი პრეტენზიები და შემდეგ გადაედგა ეს ნაბიჯი.

- პარტიამ არ იცოდა, რომ გიორგი ვაშაძეს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, მათ შორის გუნდის დაკომპლექტების თვალსაზრისითაც?

- არასერიოზულია მუდმივად აპელირება, რომ ნოვატორი ხარ. საბოლოო გადაწყვეტილება საბჭომ უნდა მიიღოს. წასულიყო პარტიიდან ერთი წლის წინ, შეექმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და ყველანი ვნახავდით, როგორი ნოვატორია. პოლიტიკურ უმწიფრობას ამჟღავნებს მაშინაც, როდესაც ქვეყნის მთავარ მიღწევად იუსტიციის სახლებს ასახელებს - ამ შედეგამდე გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგად მივედით.

- არ ფიქრობთ, რომ პარტიის გაყოფა არჩევნების შედეგებზეც აისახება?

- ბუნებრივია, ეს სასიამოვნო პროცესი არ არის. ვაშაძე პარტიის ენერგიული წევრი იყო, თუმცა პარტია რჩება პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც ოპოზიციაში პოლიტიკურ ამინდს ქმნის, თანაც გიორგი ვაშაძის განცხადებები მხოლოდ პოპულიზმსა და დემაგოგიაზეა აგებული.

რუსუდან შელია