"ზაფხულში ისტორიული პროცესი წარმატებით დასრულდება" - კვირის პალიტრა

"ზაფხულში ისტორიული პროცესი წარმატებით დასრულდება"

"კონგრესმენ რასელის განცხადება არ ასახავს აშშ-ის კონგრესის და მით უმეტეს, აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას"

"აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჩემი შეხვედრისას გადაწყდა, რომ იგი საქართველოს ზაფხულში ეწვევა"

მიიღებს თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციას, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მოახლოებულ ვარშავის სამიტზე და როგორ პასუხობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკურ მუქარებს, "კვირის პალიტრასთან" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საუბრობს:

- პირველ რიგში, საინტერესოა ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი. კონკრეტულად რა ეტაპზეა პროცესი და როგორია თქვენი, როგორც მინისტრის მოლოდინი - როგორც დაანონსდა, შესაძლებელია საკითხი ივლისის თვეში გადაწყდეს?

- ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში უდიდესი ინტერესია, რაც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან საქართველო დიდ ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ მიისწრაფის და ვიზა-ლიბერალიზაცია ამ მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია. იგი როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელია.

ამ შედეგის მისაღწევად, 2013 წლის შემდეგ საქართველომ ევროკავშირთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმა წარმატებით განახორციელა. ეს რეფორმები დადებითად შეაფასა ევროკომისიამ და მიმდინარე წლის 9 მარტს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა შესაბამისი ევროპული რეგულაციის ცვლილების წინადადება.

ამჟამად ამ საკითხის განხილვები მიმდინარეობს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში. ჩვენ ორივე ორგანოსთან ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველომ დროულად მიიღოს დამსახურებული შედეგი, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ევროკავშირში დღეს არსებობს. ეს პრობლემებია არალეგალური მიგრაცია, ევროსკეპტიციზმი და ა.შ., რომელიც ირიბად გავლენას ახდენს საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებაზეც. დღეს საქართველოს უწევს ბევრად მეტი სირთულის გადალახვა ამ პროცესში, ვიდრე მაგალითად ეს მოლდოვის შემთხვევაში იყო. ჩვენი, თითქმის ყოველდღიური, შეხვედრები ევროკავშირის სტრუქტურებთან და წევრ ქვეყნებთან, რომელიც იმართება როგორც უმაღლეს, ასევე ტექნიკურ დონეებზე მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს ვივარაუდო, რომ პროცესი დაჩქარებული წესით წარიმართება და ზაფხულში საქართველოსთვის ეს ისტორიული პროცესი დასრულდება წარმატებით.

- იყო საუბრები, რომ საქართველოს ამ მიმართულებით დამატებითი მოთხოვნები წაუყენეს. არის კითხვები ქართული მხარის მიმართ და თუ არსებობს კითხვები, კონკრეტულად რა კონტექსტში?

- შემიძლია ცალსახად გიპასუხოთ, რომ საქართველოს ევროკომისიისგან დამატებითი მოთხოვნების შესახებ არანაირი შეტყობინება არ მიუღია. რაც შეეხება კითხვებს პარლამენტში თუ საბჭოში, საჭიროების შემთხვევაში კითხვებს პასუხობს თვითონ ევროკომისია, რადგან მათ შეაფასეს საქართველოს მზაობა და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუმცა ჩვენი შეხვედრების მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები კითხვები დავუტოვოთ პარლამენტარებსა თუ წევრი ქვეყნის შესაბამის სამსახურებს პროცესის დროულად და წარმატებით დასასრულებლად. ყველა შეხვედრაზე, რაც კი ბოლო სამი თვის განმავლობაში მქონია, საქართველო სახელდება როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე და ერთხმად აღინიშნება, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება.

- ევროსაბჭოში "ევროპის სახალხო პარტიის" ზოგიერთმა წევრმა დასვა კითხვა, რამდენად იმსახურებს ქვეყანა ვიზა-ლიბერალიზაციას იმ ფონზე, როდესაც რუსთავი 2-ის ირგვლივ პროცესი პოლიტიკურ ნაწილში გარკვეულ ეჭვებს იწვევს, ასევე "სახალხო პარტიის" ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ პოლიტპატიმრებად დასახელდნენ დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნები. ფიქრობთ, რომ სახალხო პარტიის მსგავსი განცხადებები გავლენას მოახდენს პროცესზე?

- ევროპის სახალხო პარტიის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები და მათი საჯაროდ გაჟღერებული მოსაზრებები არ ასახავს არც ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის და არც ევროპარლამენტის ერთიან პოზიციებს. აპრილში, სტრასბურგში, ევროპარლამენტში ჩემი ვიზიტის დროს, შეხვედრები გავმართე როგორც ევროპის სახალხო პარტიის, ასევე ევროპის სხვა პარტიების წარმომადგენლებთან და კომიტეტების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროპული პარტიების მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი აქტიური მხარდაჭერა და ასევე, საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დროულად მინიჭების მზაობა. ასევე, ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტში უკვე გაიმართა პირველი მოსმენა, სადაც მომხსენებელი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი იყო და ამ განხილვის დროსაც ნათლად გამოჩნდა საქართველოს საკითხისადმი სრული მხარდაჭერა.

- ცოტა ხნის წინ, ამერიკაში გქონდათ ვიზიტი. რა შედეგით დასრულდა ვიზიტი და პირადად თუ დაინტერესდით კონგრესმენი სტივ რასელის განცხადების მიზეზებით?

- ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობები უაღრესად წარმატებულად ვითარდება. ძნელად თუ გავიხსენებთ პერიოდს, როდესაც ასეთ მოკლე დროში ამდენი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა. ეს დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჩემი შეხვედრისას, გადაწყდა რომ იგი საქართველოს ეწვევა ზაფხულის პერიოდში. ასევე, მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილია ამერიკელი კონგრესმენების, მათ შორის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავჯდომარეებისა და სენატორების ვიზიტი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 24-30 აპრილს აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, ოფიციალური ვიზიტი. ეს იყო ძალიან ინტენსიური ვიზიტი, რომელსაც ჰქონდა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განზომილება. ვაშინგტონში შეხვედრები გაიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბაიდენთან, საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტების ხელმძღვანელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, ასევე, წამყვანი კვლევითი ორგანიზაციების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის ფართო სპექტრი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აშშ ყველაზე დიდი მხარდამჭერია ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცების, რაც გამოიხატება მათი მხრიდან როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხარდაჭერაში, ასევე ინსტიტუციური დემოკრატიის გაძლიერების, ეკონომიკური განვითარებისა და თავდაცვიუნარიანობის ამაღლების კუთხით გაწეულ დახმარებაში. ასევე, აშშ აგრძელებს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო და სტაბილური მომავლისკენ მიმავალი გზაა.

აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლება, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური წრეები, აღიქვამენ დღევანდელ საქართველოს რეგიონში ლიდერად დემოკრატიული განვითარების კუთხით, ჩვენ ქვეყანას ხედავენ როგორც მათ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში და მზად არიან გააგრძელონ სრული მხარდაჭერა ყველა მიმართულებით. მათ შორის, პრიორიტეტულად დასახელდა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, რათა საქართველომ შეძლოს რეგიონში არსებულ როგორც ეკონომიკურ, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება.

მოგვიანებით, პრემიერის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ჩიკაგოში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში საინვესტიციო როუდ-შოუში, რომელიც მსხვილი ქართული კომპანიების მონაწილეობით გაიმართა. საგულისხმოა, რომ უპრეცედენტოდ მაღალი იყო აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტების დაინტერესება და მონაწილეობა. შეხვედრებისას განხილულ იქნა კონკრეტული საინვესტიციო გეგმები და ინტერესები ისეთ სფეროებში როგორიცაა, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საფინანსო სექტორში, ა.შ.

რაც შეეხება კონგრესმენ რასელის განცხადებას, იგი ნამდვილად არ ასახავს აშშ-ს კონგრესის და მითუმეტეს, აშშ-ს ადმინისტრაციის პოზიციას და ჩვენ ვმუშაობთ მის კაბინეტთან, რათა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში რეალურად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

- ცოტა ხნის წინ საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩამოიტანეს. როგორ ფიქრობთ, რამდენად არსებობს ალბათობა ამ ფაქტს რუსეთის მორიგი პოლიტიკური მუქარა მოყვეს?

- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ზოგადად სხვა ოფიციალური პირების მხრიდან ხშირად გვესმის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით. როგორც წესი, მსგავსი განცხადებები კეთდება საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯებისა თუ სხვადასხვა ფორუმების ან მნიშვნელოვანი შეხვედრების დღის წესრიგიდან გამომდინარე.

საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან მდგომარეობის დეესკალაციას, თუმცა ურთიერთობების სრული ნორმალიზება ვერ მოხდება თუ რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

რაც შეეხება ტექნიკის ჩამოტანას, როგორც ქართული და ამერიკული მხარის მიერ წინასწარვე იქნა გაცხადებული, ვაზიანში დაგეგმილ სწავლებაში "ღირსეული პარტნიორი 2016" მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები საკუთარი აღჭურვილობითა და საბრძოლო და უზრუნველყოფის ტექნიკით. სწავლება მიზნად ისახავს ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის გაუმჯობესებას და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღ ლებას. საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება თავის ტერიტორიაზე გამართოს ნებისმიერი სახის სწავლება. ამასთან, საქართველოს სუვერენული უფლებაა თავად განსაზღვროს სამხედრო სფეროში პარტნიორი ქვეყნები და მათთან თანამშრომლობის ფორმები.

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მანევრები არ არის მიმართული არცერთი მხარის წინააღმდეგ. ანალოგიური სამხედრო წვრთნები საქართველოში გასულ წელსაც ჩატარდა. მსგავსი სწავლებებით საქართველო აღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროებში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ამავდროულად, ნატოსთან თავსებადობა საქართველოს დიდი ხნის გაცხადებული პოლიტიკაა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.

კავკასიის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება პირველ რიგში საქართველოს ინტერესებშია. ჩვენი არაერთხელ გაცხადებული პოზიცია და მიზანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში არსებული ყველა კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით.

- როგორია თქვენი პასუხი ლავროვის განცხადებაზე, რომ რუსეთს საქართველოში დიპლომატები არ ჰყოფნის. თქვენც გაქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთში ვიზაზე მოთხოვნა გაზრდილია?

- რუსულმა მხარემ დიპლომატების რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით შვეიცარიელი შუამავლების მეშვეობით საქართველოს მიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილების შესახებ რუსულ მხარეს აუცილებლად ეცნობება.

რაც შეეხება მონაცემებს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების შესახებ, ბოლო წლებში ეს ციფრი 22-23 ათასის ფარგლებში მერყეობდა. მოგეხსენებათ, 2015 წლის 23 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოხდა ვიზების გაცემის გამარტივება და არის მოლოდინი, რომ გაცემული ვიზების რაოდენობა გაიზრდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ პროცესს დააკვირდება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

- იყო საუბარი თქვენი და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრაზე, ასევე რუსეთთან შესაძლო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. თქვენი პოზიცია როგორია?

- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე. შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში შეხვედრა შესაძლებელია შედგეს.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონის პირობებში, ვცდილობთ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად საერთაშორისო დისკუსიების და აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგის ფორმატები, რათა მოხერხდეს რუსეთთან დაძაბულობის ხარისხის შემცირება, მთავრობამ განახორციელოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, უზრუნველყოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სტაბილური გარემოს შექმნა, რათა განხორციელდეს ყველა ის რეფორმა რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეკონომიკურ განვითარებას. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა უზრუნველყოფილ იქნას საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

- რა ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორია სახელმწიფო პოლიტიკა აღნიშნული საკითხის მიმართ?

- სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მძიმე მდგომარეობაა. მიმდინარეობს საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით. საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობა მოკლებულია თავისუფლად გადაადგილების, საკუთარი ბაღ-ვენახებითა და კერძო საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობას. აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს აეკრძალათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. რამდენიმე თვის წინ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ შემოღებულ იქნა ახალი დისკრიმინაციული რეგულაციები, რაც საფრთხეს უქმნის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის დარჩენას.

ამის პარალელურად, 2014-15 წლებში მოსკოვმა ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ჩარჩო "ხელშეკრულებები" გააფორმა სოხუმთან და ცხინვალთან, რაც აღნიშნული რეგიონების რუსეთის ფედერაციის სამხედრო, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობს. ასევე, ბოლო პერიოდში გვესმის განცხადებები, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ვერცერთ რეფერენდუმს ვერ ექნება რაიმე იურიდიული ძალა და ლეგიტიმაცია. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქვეყნის მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ სათანადოდ იქნას შეფასებული ის შედეგები და გამოწვევები, რაც რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებას შეიძლება მოჰყვეს. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს სათანადო ზომები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პრევენციის მიზნით.

საქართველოს დიპლომატიურმა ძალისხმევამ ცოტა ხნის წინ ასახვა ჰპოვა ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრის მოადგილეების კომიტეტის დადგენილებაში, ასევე, ეუთოში. ევროკავშირი და სხვა მრავალი ქვეყანა, მკაფიოდ აკისრებს ვალდებულებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის პირობები, ძალის არ გამოყენების, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მანამ, სანამ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს კონტროლს, საერთაშორისო სამართლით მას ეკისრება ვალდებულება, დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველი მოსახლეობის უფლებები, მათ შორის ქართულ ენაზე განათლების მიღება, კერძო საკუთრების უფლება, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლება და სხვა.

მეორე მხრივ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას საქართველოს მთავრობა პასუხობს მშვიდობიანი, მაგრამ ამავე დროს პრინციპული პოლიტიკით. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ ვაგრძელებთ მაქსიმალურად კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რომლის მიზანიცაა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფა. ჩვენი მიზანია ამ დისკუსიამ შედეგი მოიტანოს და შესაბამისად, ჩვენი კონსტრუქტივიზმით ვცდილობთ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ თანათავჯდომარეებს პროცესის ეფექტურად წარსამართავად.

- ცნობილია, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერც ვარშავის მოახლოებულ სამიტზე მივიღებთ, როგორია თქვენი მოლოდინი?

- საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დინამიური პროცესია. აღნიშნულ პროცესში ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ კონკრეტული შედეგების მიღწევაზე და მაქსიმალურად ვიყენებთ ნატოსთან დიალოგის ყველა ფორმატს. გასული წლის დეკემბერში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი - წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, არსებით ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს უწყობს ხელს, ახდენს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამაღლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობას.

ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ აღნიშნული ფორმატებით გათვალისწინებულ პროექტებს, ხორციელდება მრავალი რეფორმა სხვადასხვა სფეროში, ვითარდება ჩვენი შეიარაღებული ძალები, ტარდება ალიანსის წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც უკვე მოგახსენეთ, 11-26 მაისს უკვე მეორედ იმართება ერთობლივი წვრთნები "ღირსეული პარტნიორი". ნატო-საქართველოს პაკეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაფუძნდა და მუშაობა დაიწყო ნატო-ს ძირითადმა ჯგუფმა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა, რომელშიც საქართველოსთან ერთად სწავლებას გაივლიან ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ აპრილში უკვე გაიმართა პირველი ერთობლივი წვრთნები ქართველი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით.

საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ნატო-ს საერთაშორისო ოპერაციებში, ავღანეთში ჩვენი მონაწილეობა. საქართველოს წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და უკვე თავად ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს.

2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო ალიანსის მხრიდან ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებასა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით პროგრესს ელის.

როგორც ცნობილია, ვარშავის სამიტზე მთავარი აქცენტი გაკეთდება ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაზე, კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მიმართ ერთგულებასა და ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის წევრების უსაფრთხოების განმტკიცებაზე. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საქართველოს.

- რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ირანთან განახლებული ურთიერთობები?

- საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ირანისთვის სანქციების მოხსნა, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ხარისხში აყვანის შესაძლებლობას იძლევა, რისი სურვილი და მზაობაც როგორც ქართულ, ასევე ირანულ მხარეს აქვს. ირანთან სატრანზიტო, სავაჭრო და ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც საქართველოსა და ირანისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.

უკანასკნელ წლებში ირან-საქართველოს ურთიერთობამ მეტი დინამიკა შეიძინა. ამის მაგალითია უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განხორციელებული არაერთი მაღალი დონის ვიზიტი. ივნისში იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანში, რაც იქნება მნიშნელოვანი სტიმული ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მაქსიმალურად დატვირთვის კონტექსტში ირანთან რეგიონულ თანამშროლობას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს დამატებითი ტვირთები მოიზიდოს არა მარტო ირანიდან, არამედ აზიის სხვა ქვეყნებიდანაც.

საქართველოს ტურიზმისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ირანთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მოქმედების განახლება. აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაზრდას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს თეირანსა და თბილისს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვიზიტორების გაცვლას და ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას.

- რას აკეთებს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის, უკეთ პოზიციონირებისთვის?

- თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროპულ ბაზარზე კასპიის ზღვის რეგიონის ენერგორესურსების მიწოდებაში. გარდა არსებული მილსადენებისა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მონაწილეობს დამატებითი ე.წ. ტრანსკასპიური მილსადენის რეალიზაციის პროცესში. ენერგეტიკის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს ამ მიზნით ჩამოყალიბებულ ხუთმხრივ სამუშაო ჯგუფში. ხსენებული საკითხი მუდმივად არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირისა და კასპიის ქვეყნებთან გამართული შეხვედრებისა და კონსულტაციების დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი.

სატრანსპორტო თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის უმთავრესი მიზანია სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან წარმოშობილი სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება რა მიზნითაც მთავრობა აწარმოებს ძირითადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთების გამტარუნარიანობას და იმავდროულად მონაწილეობს მთელ რიგ რეგიონალურ სატრანსპორტო პროექტებში, რაც გაზრდის ტვირთბრუნვას სატრანსპორტო დერეფანში. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ყველა შესაძლო საშუალებით ხელს უწყობენ ცნობადობის ამაღლებას კავკასიური სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის და საქართველოს ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების შესახებ, რაც ხელს უწყობს მეტი ტვირთების მოზიდვას ხსენებულ სატრანსპორტო დერეფანში, მეტი ინვესტიციების შემოდინებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში.

ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია რეგიონულ ჭრილში საერთაშორისო გადაზიდვების როლის გადახედვა, მისთვის ახალი იმპულსისა და დინამიზმის მინიჭება.

აღნიშნულ კონტექსტში ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ჩინეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ახალი აბრეშუმის გზის პროექტით "ერთი სარტყელი - ერთი გზა", რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და მოვიზიდოთ ინვესტიციები. ჩინეთი არის საქართველოს 3 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პერსპექტიულ ბაზარს ქართული პროდუქციის გატანისთვის. ჩინეთი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დასაწყისში დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის მოვახერხებთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიღწევას. ჩინეთთან პარტნიორობა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება. განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების. ჩინეთის მხარის დაინტერესება ძალზედ მაღალია. გასულ წლებში რამდენიმე მაღალი დონის სტუმარს ვუმასპინძლეთ, ივნისში კი დაგეგმილია ჩინეთის პირველი ვიცე-პრემიერის, ჭანგ გაოლის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ჩინეთიდან საქართველოში არ განხორციელებულა.

- საინტერესოა, თქვენი პრიორიტეტები და არის თუ არა სისტემის რეფორმირება დაგეგმილი?

- საქართველოს რთულ საგარეო პოლიტიკურ გარემოში უხდება საკუთარი ინტერესების გატარება. ამის ფონზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციების სწორად დანახვა და გააზრება. სამინისტრო არ წარმოადგენს მხოლოდ საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებას ამ სიტყვის ვიწრო გაგებით. საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გარდა დღევანდელ გლობალურ სამყაროში არანაკლები დატვირთვა ენიჭება ეკონომიკურ ფაქტორს. ასევე არ უნდა დავივიწყოთ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დადებითი იმიჯის გამყარება საზღვარგარეთ, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში არსებული რეფორმატორული გამოცდილების, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის სათანადოდ წარმოჩენას.

სწორედ ამიტომ, სამინისტროს როლს უფრო ფართოდ ვუყურებთ ზემოაღნიშნული ამოცანების შესრულებაში. ამ კუთხით იდგმება ნაბიჯები, რათა გაუმჯობესდეს დიპლომატიური სამსახურის შიდა ორგანიზაციული და ადმინისტრაციული შესაძლებლობები, გაძლიერდეს კოორდინაცია უწყებათა შორის და განვახორციელოთ ახალი, ინოვაციური იდეები საზღვარგარეთ ქვეყნებში საქართველოს ინტერესებისა და შესაძლებლობების უკეთ წარმოსადგენად.

საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელების გაუმჯობესების მიზნით უკვე იდგმება შესაბამისი ნაბიჯები სამინისტროს ანალიტიკური და პოლიტიკის დაგეგმვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამართული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანია შიდა და გარე აუდიტორიასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, საზოგადოებისათვის სწორი გზავნილების მიწოდება და მისი ინფორმირებულობის გაზრდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში საზოგადოების დაინტერესებული წრეების მონაწილეობის ხარისხის ამაღლება.

ასევე იგეგმება დიპლომატიური სამსახურის რეფორმა, რომლის მიზანია დიპლომატთა როტაციის პროცესის დახვეწა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში სამინისტროს გამოცდილი კადრების გამოყენების სისტემის დანერგვა და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთა სოციალური დაცვის ხარისხის ამაღლება.

- პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკური დიპლომატიის აუცილებლობაზეც. რას გულისხმობს ეს ინიციატივა კონკრეტულად და რამდენად სწორია დიპლომატები ეკონომიკური მიმართულებებში ჩაერთონ? ნაწილი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით უმჯობესია ბიზნესმენებმა და კონკრეტულმა უწყებებმა იმუშაონ.

- სამინისტრო და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აქტიურად არიან ჩართული ეკონომიკური დიპლომატიის წარმოებაში, რაც უმთავრესად მოიცავს ქართული ექსპორტის ზრდასა და საექსპორტო პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძიებას, მეტი უცხოური ინვესტიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვას ქვეყანაში, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციას, შესაბამისი პარტნიორების მოძიებასა და ქართული ბიზნესის ინტერესების გატარებას საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისი მასალებისა და ინსტრუქციების მომზადების მიზნით საგარეო უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ დარგობრივ სამინისტროებთან, შესაბამის სააგენტოებთან და ბიზნეს-გაერთიანებებთან. მომზადებული მასალები პერმანენტულად მიეწოდება საქართველოს საელჩოებს, რომლებიც ამ მასალების გამოყენებით თავის მხრივ აქტიურად მუშაობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, გასულ წელს, სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელშეწყობით, განხორციელდა 50-მდე ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, აგრეთვე ჩატარდა ბიზნეს-ფორუმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში. ამგვარი, ღონისძიებების მიზანია ჩვენს უცხოელ პარტნიორებს მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს, საინვესტიციო პოტენციალისა და ზოგადად იმ უპირატესობების შესახებ, რასაც საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, მინდა თქვენს გაზეთს ექსკლუზიურად მივაწოდო ინფორმაცია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი კონცეფციის შესახებ, რომლის განხორციელებაც ეტაპობრივად იგეგმება. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს დიპლომატიური და კომერციული წარმომადგენლობის ერთ სივრცეში ინტეგრაციას, სადაც იქნება საქართველოს კულტურის, ტურისტული პოტენციალის, ქართული პროდუქციის, საინვესტიციო შესაძლებლობის პოპულარიზაციის და საპრეზენტაციო სივრცეები. ვიზიტორს ექნება უნიკალური შესაძლებლობა ოპერატიულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია საქართველოს კულტურული და ტურისტული შესაძლებლობებისა თუ ჩვენს ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ.

რუსუდან შელია