"ეს "კორუფციის შესახებ"კანონის დარღვევაა!"
09-05-2016
"ეს "კორუფციის შესახებ"კანონის დარღვევაა!"
"კომპანიების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ის პირები, რომლებიც ბიზნესინტერესებით ისევ ამ კომპანიებთან არიან დაკავშირებული"

არასამთავრობო ორგანიზაცია "საე­რთა­შორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს და სხვა პასუხისმგებელ პირებს ინტერესთა კონფლიქტში და "კორუფციის შესახებ" კანონის დარღვევაში ედავება.

"ჩვენ გამოვიკვლიეთ კულტურის სამინ­ისტროსა და კულტურის სფეროში მოქმედ­ ზოგიერთ საჯარო უწყებასთან დაკავშირებული ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები. გამ­ოიკვეთა, რომ შპს "ინთერნეიშენალ ივენთსა" და "ისთერნ პრომოუშენის" თანამშრომელთა ნაწილი კულტურის სამინისტროს სსიპ "კულტურის განვითარების საინვესტიციო
ფონდში" პარალელურად არის დასაქმებული.

მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ (2014 წლის ივლისიდან დღემდე) კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯ­ეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით 2.421.743 ლარი აქვთ მიღებული", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქ­ართველოს" კვლევის თანახმად, 2015 წელს კულტურის სამინისტროს მიერ
მუს­იკალურ ღონისძიებებზე გაცემული თანხების (4.762.767 ლარი) 29% მიხეილ გიორგა­ძესთან, კახი კანდელაკსა (მოადგილე) და დავით მენაბდესთან (ფონდის თავმჯდომარე) დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.

ლაშა სანაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი:
- ვთხოვეთ, წარმოედგინათ დოკუმენტაცია "ისთერნ პრომოუშენის" მიერ ჯაზის ფესტივალის ჩატარების შესახებ: საპროექტო განაცხადი, რა ანგარიშვალდებულება ჰქონდა კომპანიას სამინისტროს მიმართ, პროექტის ბიუჯეტი, რატომ ითხოვდა სამინისტროსგან კონკრეტული ოდენობის თანხას.

გვაინტერესებდა, რა პრინციპით ხელმძღვანელობდა სამინისტრო, როდესაც კერძო კომპანიის პროექტს ბიუჯეტის ერთ მესამედს უფინანსებდა. მოგვაწოდეს ინფორმაცია მხოლოდ იმ თანხის შესახებ, რითაც დააფინანსეს ფესტივალი. არ გვიპას­უხეს, მთლიანად რა ღირდა პროექტი, რამ­ხელა ბიუჯეტი ჰქონდა, კომპანიას რა ანგ­არიშვალდებულება გააჩნდა სამინისტროს მიმართ. არც გაყიდული ბილეთების რაოდენობის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, არც ფესტივალზე დამსწრე უცხოელი ტურისტების რაოდენობა იცოდნენ.

- მოკვლეული მასალების საფუძველზე რისი დასკვნა შეიძლება?
- ფიქსირდება სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ "ინტერესთა შეუთავსებლობა­ და კორუფციის შესახებ" კანონის დარღვევა.
ერთ შემთხვევაში კახი კანდელაკი ერთდროულად არის მინისტრის მოადგილე და სამინისტროს იმ კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც, რომელიც განსაზღვრავს­ კონკრეტული პროექტის დაფინანსების საკითხს. ამ კომისიამ დააფინანსა "ისთერნ პრომოუშენი", სადაც მუშაობს კახის მამა, გაიოზ კანდელაკი.

დავით მენაბდე, კულტურის სამინისტროს საქვეუწყებო სსიპ "კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის" დირექტორი, 2014 წლის 21 აგვისტ­ოდან 2016 წლის 17 თებერვლამდე იმავე კომისიის წევრი იყო, რომელსაც დღესაც წარმოადგენს კახი კანდელაკი. მენაბდე მოწვეული ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. ამ პერიოდში ფლობდა წილს როგორც "ისთერნ პრომოუშენში" გაიოზ კანდ­ელაკთან ერთად, ასევე იყო "ინთერნეიშენალ ივენთის" დირექტორი და მეწილე. სამწუხაროდ, ისე აღიქმება, რომ საკუთარი­ ბიზნესის სამართავად მუშაობს სახელმწიფო ორგანიზაციაში.

- ამ კომპანიებს მანამდეც ხომ აფინან­სებდა სამინისტრო?
- დიახ, სანამ მათი ხელმძღვანელები­ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელ რგოლში მოვიდოდნენ. გასაკვირი არ არის, რომ სახელმწიფო შესყიდვებიდან თანხებს იღებდეს რომელიმე კომპანია და სანაც­ვლოდ სამსახურს სწევდეს. ეს ჩვეულებრივი­ მოვლენაა, მაგრამ უხერხულია, სახელმწიფო­ ორგანიზაციის ხელმძღვანელები თავიანთ ყოფილ კომპანიებს (ზოგიერთი დღესაც ინარჩუნებს მფლობელობას) უკონკურსოდ, ტენდერების და ყოველგვარი შერჩევის წესის გარეშე რომ აფინანსებენ.
არც უკონკურსოდ შესყიდვა არის პრობლემა.­ პრობლემა ის არის, რომ ამ კომპანიების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ის პირები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ბიზნეს­ინტერესებით ისევ ამ კომპანიებთან არიან დაკავშირებული. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინ­ი­­სტრომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა­ - საქართველოს" კვლევას კონტექსტიდან­ ამოგლეჯილი და მიკერძოებული, ინტერპრ­ეტირებული საკითხების ჩამონათვალი უწოდა.­

"სამინისტროში პროექტები შეირჩევა და ფინანსდება საქართველოს კანონმდებლობ­ისა და დადგენილი პროცედურების სრული­ დაცვით, რომელიც 2014 წელს USAID-თან ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ შემუშავდა. სამ­ინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო, ისე არასამთავრ­ობო­ ორგანიზაციებთან, მუდმივად და შეუფ­ერხებლად გასცემს საჯარო ინფორმაციას და აქტიურად აქვეყნებს ყველა­ იმ დოკუმენტს, რომელიც პროექტების და­ფინანსებას­ ეხება. მიგვაჩნია, რომ მსგავსი­ ბრალდებები შეურაცხმყოფელია და ინსტ­იტუციის დისკრედიტაციას ემსახურება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები