"მსხვილ სახელმწიფო დაკვეთებს მხოლოდ კულტურის მინისტრთან დაკავშირებული კომპანიები ასრულებენ" - კვირის პალიტრა

"მსხვილ სახელმწიფო დაკვეთებს მხოლოდ კულტურის მინისტრთან დაკავშირებული კომპანიები ასრულებენ"

"ფილარმონიის იჯარა რეალურად 15 ათასი ლარი ღირს, სინამდვილეში კი სხვადასხვა ფარული გადასახადი ამ თანხას 35-40 ათას ლარამდე ზრდის"

"კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 20 წლის წინანდელ ეპოქაში დაბრუნდა"

რამდენიმე დღის წინ "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ არასამთავრობო ფონდ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა მონოპოლიზმში, კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა. "კვირის პალიტრას" ზაზა შენგელია ესაუბრა:

- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 20 წლის წინანდელ ეპოქაში დაბრუნდა. მაშინდელი მინისტრები ძირითადი საწარმოების პრივატიზებას ახდენდნენ, ქმნიდნენ კერძო ბიზნესკომპანიებს, რომლის წილშიც თვითონ ისხდნენ და გარშემო არ აჭაჭანებდნენ არც ადგილობრივ და არც უცხოელ ინვესტორებს. დროთა განმავლობაში განვითარდა სამოქალაქო საზოგადოება, დაიხვეწა სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კონტროლი... აი, ამ ფონზე კულტურის სამინისტრო მინისტრის და მისი ახლობლების კომპანიების ინტერესთა გამტარებლად მოგვევლინა. თანამედროვე მუსიკის სფერო, ფაქტობრივად, უზურპირებული აქვთ.

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი 2007 წლიდან 49-წლიან მართვაში აქვს აღებული იმ კომპანიას, რომელიც მიხეილ გიორგაძის საკუთრება იყო ("ისტერნ პრომოუშენი") მისი კულტურის მინისტრად დანიშვნამდე. ცალკე საკითხია, როგორ ჩატარდა მაშინდელი კონკურსი, რომელშიც მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. ფილარმონიის კერძო კომპანიისთვის მართვაში გადაცემა იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ გაუმჯობესებულიყო პირობები, მომსახურება. მართლაც, "ქართუ ბანკმა" შეღავათიანი კრედიტი გამოყო და თითქოს ჩატარდა სამუშაოები. თუმცა დღეს დარბაზი ისევ სავალალო მდგომარეობაშია, განსაკუთრებით კულისები, სადაც სამარცხვინოა ნებისმიერი მუსიკოსის შეყვანა. არადა, ქონების მართვის დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობდა, რომ დარბაზის მმართველ კომპანიას უნდა გაეუმჯობესებინა დამკვეთების მომსახურების პირობები.

ოფიციალური იჯარის მიღმა უამრავი ფარული გადასახადი არსებობს, რომელიც უაზროს ხდის იქ პროექტების განხორციელებას პრომოუტერებისათვის. უხეირო მენეჯმენტის შედეგია, რომ დღეს დარბაზი არ არის დატვირთული. კულტურის მინისტრის პოზიციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ფილარმონიის ფოიეში მხოლოდ უცხოელი ჯაზმენების სურათებია, იქ ვერ ნახავთ სუხიშვილების, ნანი ბრეგვაძის, ალექსანდრე ბასილაიას, ჯანსულ კახიძის ან სხვა ქართველ ხელოვანთა ფოტოებს, რადგან დიდად არ შესტკივათ გული ეროვნულ ფასეულობებზე, იციან მხოლოდ ის (და არცთუ ისე კარგად), რასაც თავად აკეთებენ - ფესტივალები უცხოელი არტისტების მონაწილეობით. ასეთების ხელშია დღეს ფილარმონია, რომლის იჯარა 15 ათასი ლარი ღირს, სხვადასხვა ფარული გადასახადი ამ თანხას 35-40 ათას ლარამდე ზრდის, ღონისძიებებიდან შემოსული შემოსავალი კი არ ტოვებს ამხელა მოგებას.

კულტურის მინისტრსა და მის დაჯგუფებას გარანტირებული აქვთ ყოველწლიურად ტენდერების გარეშე დაფინანსებული ორი ჯაზფესტივალი და ჯაზის საერთაშორისო დღე. შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც ბათუმში ზაფხულობით იმართება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარით ფინანსდება და აჭარის მთავრობა კიდევ 50 ათას ლარს უხდის. თბილისის ჯაზ-ფესტივალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარით ფინანსდება, თბილისის მერია კი დამატებით 100 ათას ლარს უხდის.

არადა, ჯაზის პოპულარობა მსოფლიოში მცირდება, ახალგაზრდობას უფრო ელექტრონული მუსიკა აინტერესებს. ჩნდება შეკითხვა, სჭირდება ქვეყანას სახელმწიფო ხარჯებით მსუყედ დაფინანსებული ორი ჯაზფესტივალი? თუ ისინი კერძო სახსრების მოზიდვით გაიმართება, მივესალმები, თუნდაც ყოველკვირეულად ჩატარდეს. გულდასაწყვეტია, რომ ამ ფესტივალების დაფინანსებასთან შედარებით გაცილებით ნაკლები თანხები იხარჯება ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების ხელშეწყობაზე, რომელთა გაყვანაც მსოფლიო სცენებზე ბევრად გაზრდიდა საქართველოს ცნობადობას. მსხვილ სახელმწიფო დაკვეთებს კულტურის მინისტრის, მისი დაჯგუფებისა და მინისტრთან დაკავშირებული კომპანიები ასრულებენ. ვგულისხმობ თბილისობას, 26 მაისისა და ახალი წლის დღესასწაულებს. მაგალითად, "CHECK IN GEORGIA" მუსიკალურ ბიზნესში მომუშავე სხვა მსხვილი კომპანიების იგნორირებით ჩატარდა.

- შეიძლებოდა თუ არა, რომ ამ პროექტისთვის გამოყოფილი 29 მილიონი უფრო ეფექტურად გამოეყენებინა ქვეყანას?

- ზოგადად, ეს შესანიშნავი პროექტია ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად და ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად საერთაშორისო ბაზარზე... აქ სხვა პრობლემაა, კერძოდ, როგორ ხორციელდება "CHECK IN GEORGIA"... სხვა კომპანიები პროცესში ჩართული რომ ყოფილიყვნენ, პროექტის მონაწილეთა შემადგენლობა ბევრად მრავალფეროვანი იქნებოდა და კონცერტისა და მათი ჰონორარების ღირებულებასაც საგრძნობლად გააიაფებდა. ასევე, მინისტრსა და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ონლაინბილეთების სისტემის მონოპოლიზაციაც სურთ. TKT.GE, რომელიც "CHECK IN GEORGIA"-ს ფარგლებში ბილეთებს ყიდის, კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელის, დავით მენაბდის ("ისტერნ პრომოუშენის" ყოფილი ფინანსური დირექტორი) სიძის მეჯვარეს ეკუთვნის, პრაქტიკულად, მათი კომპანიაა. ქართულ ბაზარზე მანამდე ფუნქციონირებდა ონლაინგაყიდვების კომპანია ბილეთები.გე, რომელიც თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. სატენდერო დოკუმენტაცია ბუნდოვანი იყო, არ იყო მითითებული, ვისი ჩამოყვანა იგეგმებოდა, სად გაიმართებოდა კონცერტები, რა რაოდენობის ბილეთებზე იყო საუბარი. ამიტომ ბილეთები.გე-მ ტენდერში მონაწილეობა ვერ მიიღო. სამინისტროს პრაქტიკაში ხშირია ე.წ. შლაგბაუმების პრინციპი.

- რას გულისხმობთ?

- როდესაც სახელმწიფო უწყებაში შედის განაცხადი, მას კანცელარიაში არეგისტრირებენ და ნომერი ენიჭება. კულტურის სამინისტროში სხვადასხვა დროს იყო შემთხვევები, როდესაც სახსრების უქონლობის მომიზეზებით, შეჩერებული იყო განაცხადების მიღება, ანუ სამინისტრო არც კი აფიქსირებდა განაცხადის შემოსვლას. თუმცა, პარალელურად, მინისტრი თავისი ყოფილი ბიზნესპარტნიორის, გიორგი ჭუბაბრიას ორი დღის დაფუძნებულ კომპანიას 365 ათას ლარს უტენდეროდ გადასცემს.

კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდში, რომლის თავმჯდომარეც დავით მენაბდეა, დასაქმებული არიან თითქმის მხოლოდ "ისტერნ პრომოუშენის" ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლები - მეგობრის შვილები, ბიზნესპარტნიორები, ცოლის მეგობრები. კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის შექმნის მთავარი იდეა გახლავთ ის, რომ განახორციელოს კომერციული პროექტები, ანუ მოგება მიიღოს. თავისი არსებობის წელიწად-ნახევრის განმავლობაში მათ მხოლოდ ოთხი პროექტი განახორციელეს და ოთხივე წამგებიანი! ფონდმა "ჰიტ ბათუმის" ფარგლებში საკმაოდ ძვირად ჩამოიყვანა უცხოელი არტისტები, მაგალითად, უკრაინული ჯგუფ "Океан Эльзы"-ს ჰონორარი 37 ათას ევროს შეადგენდა, მაშინ როცა "ალტერვიჟენ ჯგუფი" იმავე მუსიკალური კოლექტივის ჩამოყვანაში ფონდს 25 ათას ევროდ სთავაზობდა.

ფონდის მიერ ჩამოყვანილი უცხოელი არტისტებიდან რამდენიმე კლუბ TAKE 5-ში გამოვიდა, რომელიც ზაფხულის განმავლობაში იჯარით ჰქონდა აღებული დავით მენაბდის სიძის, ირაკლი შენგელიასთან დაკავშირებულ კომპანიას. გამოდის, სიმამრს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მუსიკოსები ჩამოჰყავდა სიძის ობიექტისთვის.

კულტურის სამინისტრო დუმს, პასუხს არ სცემს ბრალდებებს, რომლებიც მისი მისამართით დაგროვდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელმძღვანელებს ჰგონიათ, შეკითხვებს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გასცენ პასუხი და თუ იურიდიულად ვერ დაუმტკიცდებათ სისხლისსამართლებრივი დანაშაული, ისინი პირნათელი იქნებიან საზოგადოების წინაშე.

"კვირის პალიტრა" კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა და ამგვარი პასუხი მიიღო: "მინისტრმა სპეციალურად მოწვეულ ბრიფინგზე უკვე გააკეთა მოხსენება (ჩანაწერი იხილეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე) და აღნიშნა: ამ თემებზე აღარ ვისაუბრებ, ვფიქრობ, შესაბამისი სამსახურები მოახერხებენ და წერტილს დაუსვამენ ამ საკითხზე მსჯელობას".

ეკა სალაღაია