"სისხლს დავღვრით და ჩვენი კუთხის აოხრების უფლებას არავის მივცემთ" - კვირის პალიტრა

"სისხლს დავღვრით და ჩვენი კუთხის აოხრების უფლებას არავის მივცემთ"

"ეს "ნაღმი" გიორგი პაპუაშვილმა დატოვა"

მესტიის რაიონის სოფელ იელში, მდინარე ენგურის ნაპირზე, ჩინურმა კომპანიამ შპს "Optical Systems Inc"-მა ოქროს მოპოვებითი სამუშაოები წამოიწყო, რამაც ადგილობრივი მოსახლეობა აღაშფოთა - სოფელში ტექნიკა ღამით შეიყვანეს და რამდენიმე დღეში მთლიანად გადათხარეს მიმდებარე ტერიტორიაო. იელის მკვიდრთა საპროტესტო აქციის შემდეგ კომპანიამ სოფლიდან ტექნიკა გაიყვანა. მოსახლეობა პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება. ირწმუნება, პროექტის სამოქმედო არეალი უფრო მასშტაბურია, ენგურის ხეობას და მიმდებარე თემებს მოიცავსო.

თამაზი, სოფელ იელის მკვიდრი: "ჩინელები ამბობენ, ჩვენ გვაქვს 2005 წლით დათარიღებული 15-წლიანი ლიცენზია, რომელიც ოქროს მოპოვებით სამუშაოებს გულისხმობსო, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ ოქროს სინჯის აღებისთვის საჭირო ლიცენზია აქვთ. ნებართვა მათ გარემოს დაცვის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა მისცა - სწორედ მისი დატოვებულია "ნაღმი". 3-4 დღეში აქაურობა სულ გადათხარეს, ხეები გაკაფეს. ხელშეკრულების გაფორმების დღიდან აქ არავინ გამოჩენილა. ახლა მოაწყდნენ, შემოიტანეს ტექნიკა და კასრებით გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება. იქ, სადაც მუშაობდნენ, ახლაც დგას მძაფრი სუნი. როცა ჟურნალისტები ამოვიდნენ, კასრებზე წარწერები წაშალეს.

იელის ოქროს სახეობას უხილავ ოქროს უწოდებენ - უწვრილესი ნაწილაკებია და მის მოსაპოვებლად აუცილებელია სპეციალური ქიმიური მჟავებისა და ჯანმრთელობისთვის საშიში სხვადასხვა ნივთიერების გამოყენება. ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ეს ნივთიერებები მდინარეში ან მიწაში არ მოხვდება? იმ ადგილიდან, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, სოფლამდე 50 მეტრია. 12-მეტრიანი ორმოები ამოთხარეს და მიატოვეს. ხომ შეიძლება ვინმე ჩავარდეს და უბედურება დატრიალდეს? სვანეთის და საქართველოს საკეთილდღეოდ მაინც კეთდებოდეს რამე. სისხლს დავღვრით და ჩვენი კუთხის აოხრების უფლებას არავის მივცემთ. მთის განადგურებას არ დავუშვებთ. ჩინური კომპანია აქ ფეხს ვერ დაადგამს".

მაქი კვიციანი, მოძრაობა "მწვანე მუშტის" წარმომადგენელი: "ლიცენზიაში პირდაპირ არის მითითებული ერთ მხარეს ჩინური კომპანია და მისი დირექტორი ლინა მა და განმცხადებელი ვლადიმერ ფანგანი. მე-11 წელია, კომპანიას აქეთ არ გამოუხედავს და ორი კვირის წინ გამოიღო ხელი. ლიცენზია, კანონმდებლობის თვალსაზრისით, კარგად არის შესასწავლი - ამ პერიოდში კომპანიას ადგილზე სამუშაოები თუ არ აქვს განხორციელებული, აქვს თუ არა უფლება, ინფორმირების გარეშე სოფელში შეიყვანოს ტექნიკა და იმუშაოს... არ გვაქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნა, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მოუწოდებია გარემოს დაცვის სამინისტროს. მხოლოდ ის ვიცით, რომ იელში ავიდა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და ზარალი დაითვალა. სხვათა შორის, არც გარემოს დაცვის სამინისტრო იყო ინფორმირებული, კომპანია რომ მუშაობდა. არადა, მათ ეს უნდა სცოდნოდათ".

ჩვენ ამ საკითხზე წერილობით მივმართეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს თამარ ბაგრატიას, რომელმაც გვაცნობა: "საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს 2005 წლის 19 აგვისტოს რეკომენდაციისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მაშინდელი მინისტრის, გიორგი პაპუაშვილის, 2005 წლის 6 სექტემბრის #329 ბრძანების საფუძველზე შპს "Optical Systems Inc"-ს 15 წლის ვადით მიეცა მესტიის მუნიციპალიტეტში კეთილშობილი ლითონების შესწავლა-მოპოვებაზე წიაღით სარგებლობის ლიცენზია".

ნანა ფიცხელაური