"მორალური თვალსაზრისით, რესპუბლიკელები თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყვნენ"
23-05-2016
"მორალური თვალსაზრისით, რესპუბლიკელები თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყვნენ"
"არიან ისეთებიც, რომლებიც თანამდებობასა და ფულს ეჩვევიან - მათი სწრაფად გათავისუფლება აუცილებ­ელია"

"ლარის კურსის ნახტომისებური გამყარება ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი არ არის"


ცოტა ხნის წინ თურქული კომპანია "ათინაქის" ადვოკატმა მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი კორუფციასა და აზერბაიჯანული კომპანიის ლობირებაში დაადანაშაულა - ადვოკატ ზაზა შერმადინის მტკიცებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 37-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად აზერბაიჯანული კომპანია "აზერაგრარტიკინტი" ისე გამოავლინა, რომ ის ტენდერში მითითებულ პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. რატომ დაუპირისპირდა თურქული კომპანია და სამართლიანად გაიმარჯვა თუ არა
ტენდერში "აზერაგრარტიკინტმა", "კვირის პალიტრის" კითხვებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი უპასუხებს:

-"საქართველოს გაერთიანებული წყა­ლმომ
არაგების კომპანიამ"ფოთის წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩასატარებლად ღია ტენდერი 2015 წლის 27 ივლისს გამოაცხადა. თურქულმა კომპანია "ათინაქ მუჰენდისლიკმა" ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა, თუმცა ეს ტენდერში გამარჯვების აუცილებელი წინა პირობა არ არის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა მონაწილე ვალდებულია, მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილოს, კომპანია "ათინაქ მუჰენდისლიკი" კი ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა - მან სხვა კომპანიის გამოცდილება და წლიური სამშენებლო ბრუნვა გამოიყენა. ეს კი აკრძალულია. კარგად ვხვდები, ვინ ავრცელებს ამ დანაშაულებრივ სისულელეს, კონკრეტულ პირზე მინიშნებასაც არ გავაკეთებ.

- თუ ესაუბრეთ თურქული კომპანიის ხელმძღვანელებს, რატომ გაუჩნდათ აზერბაიჯანული კომპანიის ლობირების ეჭვი?

- ამ ცილისწამებისთვის, შესაძლოა, საქმე სასამართლომდეც მივიდეს. თურქეთის საელჩოს მეშვეობით კომპანიის ხელმძღვანელებს საქართველოში ჩამოსვლა შევთავაზე - ანგაჟირებულ ადვოკატებთან საუბარს არ ვაპირებ, თავად ჩამობრძანდით და ყველა დეტალზე კონკრეტულად ვისაუბროთ-მეთქი. "ათინაქ მუჰენდისლიკის" ხელმძღვანელობას რამდენიმე დღის წინ უნდა შევხვედროდი, თუმცა აუდიენციაზე კომპანიის წარმომადგენლობა არ გამოცხადდა. დასკვნა მარტივია - თავის სამართლებელი არგუმენტი არა აქვთ. სხვათა შორის, ვინც ამ კომპანიის ადვოკატი ტენდერის დასაწყისში იყო, საკუთარი ინიციატივით მოვიდა და მითხრა, გეთანხმებით, ტენდერში არასწორი დოკუმენტაცია იყო წარმოდგენილი, მე კი კომპანიიდან იმის გამო წამოვედი, ვხვდებოდი, ნოდარ ჯავახიშვილის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდაო. აბსურდული ბრალდებების გაჟღერების შემდეგაც შემომითვალეს, იქნებ თურქულ კომპანიასთან თანამშრომლობა გაგრძელდესო. პასუხი მარტივი მქონდა - ახლა ეს რომ გავაკეთო, უნდა იფიქრონ, ნოდარ ჯავახიშვილი დააშანტაჟეს და იმიტომ დაეთანხმა თანამშრომლობასო. მობრძანდით, დეტალურად განმარტეთ, რა ხდებოდა ტენდერის დაწყების პერ­იოდში, ვის რა გადაუხადეთ, ვისი დაკვეთით დაიწყო ჩემს წინააღმდეგ კამპანია და თანამშრომლობის გაგრძელებაზე მერე ვისაუბროთ-მეთქი.

- ცოტა ხნის წინ კორუფციის ბრალდებით­ ბაღდათის გამგებელი დააკავეს, თანამდებობიდან გადადგნენ გლდანისა და სამგორის გამგებლებიც, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებში სხვა, ჯერ კიდევ მოქმედ გამგებლებთან ერთად კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებდნენ. ეს ფაქტები ხომ არ მიანიშნებს, რომ ქვეყანაში კორუფციამ ტენდენციის სახე მიიღო?
- სულელი უნდა იყოს ნოდარ ჯავახიშვილი და ნებისმიერი ხელისუფალი, თუ ჩათვლის, რომ სახელმწიფო ყოველგვარი ცოდვისგან თავისუფალია. სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის ბრალდებით მინისტრებსაც იჭერენ! მხოლოდ სააკაშვილის გადახურებულ თავს შეეძლო წარმოედგინა,­ რომ საქართველოში კორუფცია სრულად დამარცხდა. სანამ სახელმწიფო არსებობს, კორუფციის ცალკეული მაგალითები ყოველთვის იქნება, მთავარია, მისი დონე მაქსიმალურად შევამციროთ. თუ რომელიმე გამგებელი რაღაცას დააშავებს, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად გამგებლის ინსტიტ­უტმა არ გაამართლა, ან პირიქით - თუ უახლოესი სამი წლის განმავლობაში ვინმე არ დააკავეს, არც ეს იქნება არგუმენტი, რომ კორუფცია დამარცხებულია. ისიც გაითვალისწინეთ, ვინ არიან დღეს გამგებლები, საკანონმდებლო დონეზე არავის აქვს უფლება, მათ ყურში ხელი წაავლოს - თითოეული მათგანი ხალხმა აირჩია.

- ხალხის არჩევანი უხსნის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას? მოქმედი გამგებლები ხომ თქვენ წარუდგ­ინეთ ამომრჩეველს კანდიდატებად?

- მე ვის წარვუდგინე? თქვენ ახლა მინისტრს ესაუბრებით, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ თქვენ ხართ ამომრჩეველი და მე თუ ვინმე შემოგთავაზეთ, რატომ მიიღეთ?

- ანუ, ხალხმა არასწორი არჩევანი გააკეთა?

- როდესაც არჩეული არ ამართლებს, არჩევანი არასწორად გაკეთდა, სხვა რა დასკვნა უნდა გაკეთდეს?!

- თქვენი შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ"­ რამდენად გაამართლა?

- გული მტკივა, რომ მედიის წარმომადგენელთა ნაწილი მხოლოდ უარყოფითის დანახვას ცდილობს. ბუნებრივია, შეცდომები დავუშვით როგორც საარჩევნო დაპირებების გაცემისას, ისე მათი შესრულების ნაწილშიც, თუმცა ჯამში, ქვეყანაში ვითარება დადებითისკენ შეიცვალა. სულ ვამბობ, ხელისუფალი მაშინვე კვდება, როგორც კი საკუთარი მუშაობისგან კმაყოფილებას იგრძნობს - გაცილებით ორგანიზებული რომ ვყოფილიყავით, მეტს გავაკეთებდით, თუმცა ეს არ მაძლევს საფუძველს, ჰარაკირი გავიკეთო, რადგან მნიშვნელოვანი ამოცანები წარმატებით შევასრულეთ.

- შეცდომები ახსენეთ... რა იყო ამის მიზეზი, კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის კამათში უფრო მეტი დრო ხომ არ დაიხარჯა, ვიდრე საქმის კეთებაზე?

- შეცდომები იმიტომ დავუშვით, რომ ადამიანები ვართ, თანაც შეცდომა იმას მოსდის, ვინც ბევრ საქმეს აკეთებს. წინა­საარჩევნოდ ჩვენმა გუნდმა აბსოლუტურად­ გულახდილი კამპანია უნდა ჩაატაროს. ვიმეორებ, არა გვაქვს ჰარაკირის ჩატარების საფუძველი. რაც შეეხება გუნდში არსებულ­ სხვადასხვა აზრს, ეს არ არის საშიში, ამას საზოგადოება უნდა მიესალმოს. ჭეშმარიტება მხოლოდ კამათში იბადება. ერთ აზრზე მოსიარულე გუნდი კლანს ემსგავსება და ბევრად დიდ საფრთხეს შეიცავს.

- მინისტრთა კაბინეტში უკვე თქვენი კონკურენტი პარტიის წარმომადგენლებიც არიან...

- მორალური თვალსაზრისით, მიმაჩნია,­ რომ რესპუბლიკელები თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყვნენ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია. ჩვენ მსგავსი მოთხოვნა მათთვის არც წაგვიყენებია... მეტიც, პირადად მე, გიგლა აგულაშვილთან თუ სხვასთან წინააღმდეგობა არა მაქვს,­ თუმცა­, როდესაც კოალიციიდან გადიხარ, მორალურად ასეა, თანამდებობიდანაც უნდა გადადგე. რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ ამის არ გვეშინია - მაინც გავიმარჯვებთ.

- ფიქრობთ, რომ საარჩევნო სიას მასშტაბური გადახალისება არ სჭირდება?

- განახლება ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის აუცილებელია. არიან ადამიანები, რომლებიც კარგ მუშაობას ეჩვევიან - ისინი თანამდებობაზე დიდხანს უნდა გააჩერო, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თანამდებობასა და ფულს ეჩვევიან - მათი სწრაფად გათავისუფლება აუცილებ­ელია, იმიტომ კი არა, რომ უკვე საქმეს აფუჭებენ, არამედ იმის გამო, რომ მომავ­ალში აუცილებლად გააფუჭებენ.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა ლარის კურსის ამ სისწრაფით გამყარება?

- ლარის კურსის ნახტომისებური გა­მყა­რება ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი სულაც არ არის. არა ვარ ჩახედული­, რატომ დადგა ამის აუცილებლობა ან რა ფაქტორები განაპირობებენ ეროვნული­ ვალუტის გამყარებას, თუმცა, როდესაც­ ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ძირე­ული გაუმჯობესება არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ლარის მკვეთრი გამყარების საფუძველიც არ არსებობს. ნებისმიერი მიმართულებით ეროვნული ვალუტის მკვეთრი ცვლილება ეკონომიკის განვითარებას არ წაადგება.

- ფიქრობთ, რომ ლარი ხელოვნურად მყარდება?

- ეს შეკითხვა ეროვნული ბანკის პრ­ეზიდენტს უნდა დაუსვათ, რადგან ამ საკ­ითხს დეტალური ანალიზი სჭირდება. საფ­რანგეთის საელჩოში მიღებაზე ეროვნული­ ბანკის პრეზიდენტს შევხვდი, რომელიც, თავის დროზე, ჩემი თან­ამშრომელი იყო. ვთხოვე, რადგან დაიწყო­ უკუპროცესი, შეეცადე, ნახტომისებური სვლა არ დაუშვა-მეთქი... ჯობია, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ლარის გამყარების­ ნელი ტენდენცია არსებობს, ეს საზოგად­ოებისა და სამეწარმეო სუბიექტების ნდობას ლარისადმი აამაღლებს და რეზერვიც ავტომატურად გაიზრდება.­ თუ ლარი მცირედით, მაგრამ პერმანენტულ­ად გამყარდება, მოქალაქეები, რომლებიც დოლარს შეშინებულები ინახავდნენ, უცხოური ვალუტის გაყიდვას დაიწყებენ. ეს ქვეყანაში დადებით ტრენდს შექმნის. ცუდი არაფერია იმაში, თუ ლარის ნახტომისებური გამყარება ხელოვნურად შეჩერდება, რადგან არ არის გამორიცხული, დოლარმა მატება ისევ დაიწყოს.

რუსუდან შელია
koka
27 მაისი 2016 09:39
რესპუბლიკელ მინისტრებს თუ არ უთხრეს თავისით არ გადადგებიან!

რედაქტორის რჩევით