"რესპუბლიკელებთან" გაუგებრობა ამოწურულია" - კვირის პალიტრა

"რესპუბლიკელებთან" გაუგებრობა ამოწურულია"

"ვფიქრობ, თავად ხიდაშელსაც არ სჯეროდა იმის, რაც თქვა"

"პროკურატურის ლოგიკით, მე და ღარიბაშვილი დასასჯელები ვართ"

პროკურატურის პოლიტიკურ მიზნებში ეჭვი არ ეპარება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას, რომელიც ე. წ. კაბელების საქმეზე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას დიდი ხანია ითხოვს:

- ლოგიკურად დავსვი კითხვა, თუ პროკურატურა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა გაიფლანგა და განკარგვაც არამიზნობრივად განხორციელდა, შესაბამისი გადაწყვეტილება მე, როგორც თავდაცვის მინისტრმა, და ასევე, მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მივიღეთ. თუ პროკურატურა ამტკიცებს, რომ დანაშაული მოხდა, პირველ რიგში, სწორედ მე და ღარიბაშვილი ვართ დასასჯელები. ფაქტი, რომ ჩვენს დაკითხვაზე პროკურატურას საერთოდ არ უფიქრია, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ შოთაძის უწყებამ ივანიშვილისგან პოლიტიკური დაკვეთა მიიღო.

- პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება და, შესაძლოა, საქმეში სხვა პირებიც გამოიკვეთონ.

- შარშან პროკურატურამ სხვა პირების"საქმის გამოძიება თაროზე შემოდო და მაშინ გადმოიღებს, როცა დასჭირდება. "ჩეკისტები, შემდეგ კი უკვე სააკაშვილის დროინდელი პროკურატურაც სწორედ ასე იქცეოდა - თაროზე შემოდებულ საქმეებს პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე იყენებდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას გარანტიას ვაძლევ, რომ ივანიშვილს უკანონო და უსამართლო ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობას არ მივცემთ - მას და მის ხელისუფლებასაც 8 ოქტომბერს გავისტუმრებთ.

- ხელისუფლების შეცვლას აქციებით გეგმავთ?

- ჩვენ მხოლოდ არჩევნების გზით ვგეგმავთ ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ გამარჯვებამდე მისვლაა საჭირო. ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ამ დაჭერებით მოგვილოცა, სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მასობრივი პროტესტის დაფიქსირება აუცილებელი იყო - ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოებასთან უსამართლობა არ გაუვა. რაც მთავარია, პროკურატურასთან გამართული აქცია პოლიტიკური და პარტიული სულაც არ იყო, ჩვენ მხოლოდ სამოქალაქო სოლიდარობა გამოვხატეთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ივანიშვილის ბრძანების დროებითი მსხვერპლი აღმოჩნდა. ამ აქციით ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად.

- სამოქალაქო სოლიდარობის მიუხედავად, თქვენთან მრავლად იყვნენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის რესპუბლიკელებიდან, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმაც ცოტა ხნის წინ რუსული პროპაგანდის მონაწილედ გამოგაცხადათ და ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები... ე.წ. კაბელების საქმე ხომ არ გახდება პლატფორმა პარტიების გასაერთიანებლად?

- რესპუბლიკელებთან გაუგებრობა ამოწურულია, ხუთი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მათთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. რაც შეეხება თინა ხიდაშელის განცხადებას, ვფიქრობ, მას თავადვე არ სჯეროდა იმის, რაც თქვა. რაც უნდა განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს, ე.წ. კაბელების საქმეში ყველა ერთსულოვანი ვართ. ცალსახად ვაცხადებ - აქცია არ იყო პარტიული, არც პარტიული ატრიბუტიკა გამოგვიყენებია. ქართველებმა თანადგომა უნდა ვისწავლოთ, თუ ერთმანეთს გვერდში არ დავუდექით, ძალმომრეობა დაგვჩაგრავს. დარწმუნებული ვარ, სამართლიანობისთვის ბრძოლა, რომელსაც ჩვენ მოძრაობის სახეს მივცემთ, ივანიშვილის მმართველობას ამ ქვეყანაში საბოლოოდ დაასრულებს. მან უღალატა იმ იდეალებსა და ღირებულებებს, რის გამოც 2012 წელს ქართველმა ხალხმა აგვირჩია. დღეს სწორედ ის გვევლინება უსამართლობის მთავარ არქიტექტორად - მისი შიშითა და კარნახით მოქმედებს პროკურატურაც.

- თუ გქონდათ პრეზიდენტთან საუბარი, აპირებს გიორგი მარგველაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდადებულების შეწყალებას?

- პრეზიდენტის თავშეკავება ამ ეტაპზე აბსოლუტურად გამართლებულია - სასამართლოს სამოტივაციო წერილიც კი არ წარმოუდგენია, ისე შეუფარდა ბრალდებულებს შვიდწლიანი პატიმრობა. პრეზიდენტს არ შევხვედრივარ, თუმცა მისი განწყობა ცნობილია - ხუთ ადამიანს განაჩენი უსამართლოდ გამოუტანეს. თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთია, რომელშიც სიმართლის პოვნას შევძლებთ, მსჯავრდადებულების შეწყალების თხოვნით მას აუცილებლად მივმართავთ, თუმცა ამ პროცესსაც მომზადება სჭირდება.

- დიდი ხანია ლაპარაკია, რომ პრეზიდენტის ირგვლივ ახალი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდება. ეს პროცესი თქვენსა და პრეზიდენტს შორის უკვე დაიწყო?

- ლოგიკურია, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენი ხედვები ემთხვევა, თუმცა ის უნდა დარჩეს დამოუკიდებელ ფიგურად. ამ მხრივ, მას აბსოლუტურად სწორი პოზიცია უკავია.

რუსუდან შელია