"კაბელების საქმეზე" შესაძლოა, სხვათა ბრალეულობაც გამოიკვეთოს" - კვირის პალიტრა

"კაბელების საქმეზე" შესაძლოა, სხვათა ბრალეულობაც გამოიკვეთოს"

"მსჯავრდადებულებს ამოძრავებდათ მიზანი, რომ ტენდერში "სილქნეტს" ეხეირა"

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის მტკიცებით, კაბელების პროექტის განსახორციელებლად 2013 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან 6.720.877 ლარი გამოიყო, თუმცა რეალურად სამუშაოებისთვის 2.618.005 ლარიც საკმარისი იყო. ამ რიცხვებს შორის სხვაობას - 4.102.872 ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებს, თუმცა დაცვის მხარე საქმეში მტკიცებულებების არსებობას უარყოფს. საქმის დეტალებზე "კაბელების საქმის" პროკურორს, ზვიად გუბელაძეს ვესაუბრეთ:

- ოფიციალური შესყიდვის გამოცხადებამდე ორი თვით ადრე მსჯავრდადებულები "სილქნეტის" წარმომადგენლებს შეხვდნენ და აცნობეს, რომ თავდაცვის სამინისტრო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეძენას აპირებდა. მათ მსგავსი ინფორმაცია სხვა კომპანიებისთვის არ მიუწოდებიათ. შეხვედრიდან ორი თვის შემდეგ, 2013 წლის 27 აგვისტოს, 9 კომპანიაში იგზავნება წერილი, სადაც მაგისტრალის მშენებლობაზე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას ითხოვენ. წინადადების ვადად ცხრა დღე განისაზღვრა. ვინაიდან თავდაცვის უწყების თანამშრომლებმა ორი თვით ადრე მიაწოდეს "სილქნეტს" ინფორმაცია, მხოლოდ ამ კომპანიას ჰქონდა გონივრული ვადა, რომ ხარჯთაღრიცხვა მოემზადებინა.

- "სილქნეტი" კატეგორიულად უარყოფს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდა, მეტიც, მათი განცხადებით, პროკურატურა დასკვნით სიტყვაში მოყვანილ გარემოებებთან წინააღმდეგობაშია, სადაც ნათქვამია, რომ კაბელების პროექტის საჭიროება 2013 წლის 30 ივლისს დადგა. შესაბამისად, როგორ უნდა სცოდნოდა ეს ინფორმაცია მაისში "სილქნეტს"?

- არ ვიცი, საჯაროდ რას ამბობენ, მაგრამ სასამართლოზე "სილქნეტის" თანამშრომელმა დაადასტურა, რომ კაბელების პროექტზე ინფორმაცია ორი თვით ადრე ჰქონდათ. მოწმის ჩვენებით მაისში შეხვედრა ამჟამად მსჯავრდადებულ წიფურიასა და კაიშაურთან შედგა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ტენდერის პირობები აბსოლუტურად მოერგო "სილქნეტს". თავდაცვის სამინისტროსა და კავშირგაბმულობის სპეციალისტებს აქვთ ინფორმაცია, რა რესურსი აქვთ კომპანიებს, პირობები კი ისე დაიწერა, "დელტას" არ მორგებოდა, რომელსაც, ამ სამუშაოების 90%-ის შესრულება შეეძლო. 2012 წლის ბოლოს "დელტაკომმა" თავდაცვის სამინისტროს უფასო მომსახურება შესთავაზა, ისევე როგორც შს სამინისტროს ემსახურებოდა.

- დაცვის მხარის წარმოდგენილ დოკუმენტებში "დელტაკომმა" თავდაცვის სამინისტროს 80 000 ლარი მოსთხოვა, შს სამინისტროს კი დღემდე 270 000 ლარად ემსახურება.

- ფაქტები, რაზეც დაცვის მხარე ლაპარაკობს, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ - "დელტაკომი" შს სამინისტროს უფასოდ ემსახურება. რაც შეეხება 80 ათასს, ეს არის ინტერნეტის გადასახადი. ბუნებრივია, კომპანია არ არის მეცენატი და იმ მომსახურებაში, რასაც თავადაც ევროპიდან ყიდულობს, ანაზღაურება მოითხოვა. ლაპარაკია კაბელების წვერებზე, რომელთაგან 40 "დელტაკომს" ამ დრომდე არ გამოუყენებია. ამიტომ ეუბნებოდა სამინისტროს, ამ 40 წვერს მოგცემთო. ეს მისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, რადგან შეთანხმების შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას წვერების უსაფრთხოებაზე, დაზიანებისას მის აღდგენაზე, რაც კომპანიისთვისაც მომგებიანია.

- არსებობს ამ შეთავაზების მტკიცებულება? ცნობილია, რომ "დელტაკომმა" ინფორმაცია მხოლოდ გამოძიების მიმდინარეობისას გაახმაურა.

- ბუნებრივია, არსებობს. "დელტაკომი" საკუთარ ბალანსზე არსებულ საკაბელო წვერებს თავდაცვის სამინისტროს დღესაც უფასოდ სთავაზობს.

- იურისტები პარადოქსულად აფასებენ გაფლანგვის მუხლის წაყენებასაც, რადგან მსჯავრდადებულებს ამ თანხის განკარგვის ბერკეტები არ ჰქონდათ.

- მსჯავრდადებულებს ამოძრავებდათ მიზანი, რომ ტენდერში "სილქნეტს" ეხეირა.

- თუ გამოძიება არ ამბობს, რომ გარიგების სანაცვლოდ მსჯავრდადებულებს თანხა უნდა მიეღოთ, რა ინტერესი ჰქონდათ მაღალჩინოსნებს, ამ კომპანიას გაემარჯვა?

- გამოძიებით დადგინდა, რომ "სილქნეტსა" და მსჯავრდადებულებს ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. გვაქვს სატელეფონო ჩანაწერები, ელექტრონული შეტყობინებები, რომლებითაც ირკვევა, რომ ინტენსიური კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან, ისინი ხშირად სტუმრობდნენ აღნიშნულ ხუთ პირს თავდაცვის სამინისტროშიც. ჩემი ვარაუდით, ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბების მომენტში წარმოიშვა მიზანიც, რომ გამარჯვებულ კომპანიად "სილქნეტი" დასახელებულიყო. ეს კი უკვე მოტივს წარმოადგენს. თუ მაღალჩინოსანი ფინანსურ სარგებელს იღებს, ეს გაფლანგვა კი არა, ქრთამია, რაც ბევრად მძიმე დანაშაულია.

- ეს თანხა დღემდე "სილქნეტის" ანგარიშზეა და ხელშეკრულებაც თავიდანვე შესაბამისი გარანტიებით გაფორმდა. თუ სახელმწიფო თანხები გაიფლანგა, რატომ არ ითხოვთ მის ბიუჯეტში დაბრუნებას?

- დანაშაული სახეზეა - თავდაცვის სამინისტროდან 6 მილიონ 700 ათასი ლარი გადარიცხულია, რითაც სახელმწიფოს 4 მილიონზე მეტი ლარის ზარალი მიადგა. ახლა თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტოს, გააუქმებს თუ არა ხელშეკრულებას "სილქნეტთან". ამასთან, ხელშეკრულებაში პუნქტებია გაწერილი, რა შემთხვევაში შეუძლია სამინისტროს კომპანიასთან შეთანხმების გაწყვეტა. თუ ეს მოხდება, თავდაცვის სამინისტრო კაბელის იმ 24 წვერსაც დაკარგავს, რომელიც 2 მილიონ 600 ათას ლარად შეიძინა.

- რატომ არ დაჰკითხეთ ირაკლი ალასანია? ან ფინანსთა მინისტრი, რომელმაც პროექტი მოიწონა და კიდევ მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ხელმოწერითაც დაიწყო თქვენთვის სადავო პროექტის განხორციელება?

- მსჯავრდადებულებმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რომ კომპანიამ შესყიდვა ყოველგვარი დარღვევის გარეშე, თავდაცვის სამინისტროს ყველაზე დაბალი ფასით შესთავაზა. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი, "გთხოვთ, გამომიყოთ ხუთი მილიონი ლარი ოპტიკის ხაზისა და ხაზის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესაძენად". სასამართლოზე დაკითხულმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ოპტიკის ხაზი იგივე კავშირგაბმულობის ხაზია, რაც უძრავ ქონებას წარმოადგენს. შესაბამისად, ამ წერილით ბატიაშვილი ფინანსთა სამინისტროს თანხის გამოყოფას უძრავი ქონების შესაძენად სთხოვს, რაც რეალურად არ განხორციელებულა. მთავრობის განკარგულებაშიც წერია, რომ ხუთი მილიონი უძრავი ქონების შესაძენად უნდა გამოიყოს, მსჯავრდადებულებმა კი ხუთი მილიონით, უძრავი ქონების ნაცვლად, "სილქნეტისგან" 24 წვერი იყიდეს. ცალკე საქმეა გამოყოფილი, რომელზეც გამოძიება გრძელდება და, შესაძლოა, სხვათა ბრალეულობაც გამოიკვეთოს.

- ირაკლი ალასანიაზე მიანიშნებთ?

- თუ კანონდარღვევა დადასტურდება, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება. რაც შეეხება ალასანიას დაკითხვას, საქმეში მისი ერთადერთი ბრძანება გვაქვს, რომლითაც ის 24 წვერის შესაძენად შესაბამისი თანხის გამოყოფას ითხოვს. ამ მხრივ კი კითხვები არა გვაქვს, მაგრამ თუ კითხვები გაჩნდება, მოწმედ მასაც დავიბარებთ.

- დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიხედვით, ოთხი მოწმის ჩვენება გრამატიკული შეცდომებითაც კი ემთხვევა ერთმანეთს. როგორ მოხდა, რომ ჩვენებები კორექტურული ხარვეზებითაც კი დაემთხვა?

- სასამართლომ ამ ექსპერტიზის შედეგები მტიცებულებად არ ცნო და ითქვა, რომ საპროცესო მოთხოვნათა დარღვევით ჩატარდა. შესაბამისად, სასამართლოსგან უარყოფილ ე.წ. მტკიცებულებებზე კომენტარს არ გავაკეთებ.

რუსუდან შელია