"ალბათ, იმ დღეს ბედისწერა ეძახდა, თორემ სამი წელი ხიდთან ახლოსაც არ მისულა" - კვირის პალიტრა

"ალბათ, იმ დღეს ბედისწერა ეძახდა, თორემ სამი წელი ხიდთან ახლოსაც არ მისულა"

ე.წ. აფხაზმა მებაჟემ, ტყვარჩელელმა რაშიდ კანჯი-ოღლიმ, ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე გასროლით 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლა

"ქართველების გამშვები პუნქტის შემდეგ, აფხაზების ე.წ. საზღვრამდე საკმაოდ დიდი, ნეიტრალური ტერიტორიაა, ასე რომ, გიგა მეორე მხარეს არც გადასულა"

ენგურის გაყოფილი ხიდი 6 წლის ასაკიდან მახსოვს... თურმე უფრო პატარას სოხუმის სანაპიროებზეც მისეირნია, მაგრამ იქ გატარებული დღეებიდან მეხსიერებას არაფერი შემორჩა - ოთხი წლის ვიყავი, სოხუმი რომ დაეცა, იქ განცდილი კი, ალბათ, სადღაც ღრმად, ქვეცნობიერის ბნელ კუთხეში სამუდამოდ დაილექა... ყოველ წელს ვბრუნდები ამ ხიდთან, საღებავგაცლილ ლურჯ თაღებზე ქართულ-რუსულ წარწერას ასჯერ ვკითხულობ, მერე წვას ვგრძნობ თვალებში, ყრუ ტკივილს გულმკერდში და... ვტრიალდები, ძლივს ვიმორჩილებ ფეხებს, სხეულს, ხიდზე გავლას რომ მთელი ძალით მექაჩება. საოცარია, მაგრამ ამ ხიდის ქვეშ წყლის დონეც წლიდან წლამდე თანდათან იკლებს. ალბათ, ერთ დღესაც დაშრება, ხიდს მოვანგრევთ და პირდაპირ მდინარეზე გავიყვანთ გზას, აფხაზებთან...

ალბათ, როგორი უშიშარი იყო გიგა ოთხოზორია - რამდენიმე დღეა, ეს ფიქრი ამეკვიატა და ვერაფრით ვიშორებ, თან სათვალთვალო კამერით გადაღებულ ფირს ვახვევ. ე.წ. აფხაზი მებაჟის საკონტროლო გასროლა რომ არა, ხუთი ტყვია ვერაფერს დააკლებდა, გადარჩებოდა. სოფელ ხურჩაში, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულმა ე.წ. აფხაზმა მებაჟემ, ტყვარჩელელმა რაშიდ კანჯი-ოღლიმ, ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე გასროლით გალის რაიონის მკვიდრი, 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლა. სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილს ავტომატით 6 ტყვია ესროლეს, მათგან 2 ბარძაყში მოხვდა, 3 მუცლის არეში და ერთი საკონტროლოდ ნასროლი ტყვია - სახეში.

დათო ოთხოზორია, გიგა ოთხოზორიას ბიძაშვილი: - ფირში ყველაფერი ჩანს, თუმცა მანამდე რა მოხდა, არავინ ამბობს. მოწმეებიც არსად ჩანან. მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს გიგა მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა. ეს სიცრუეა. ურემმა დაიგვიანა, ამიტომ გიგა ქართველების კონტროლირებად გამშვებ პუნქტს ოდნავ გასცდა, უნდოდა, პროდუქტებით დატვირთული ჩანთა მეორე მხარეს გადაეგზავნა. ქართველების გამშვები პუნქტის შემდეგ, აფხაზების ე.წ. საზღვრამდე საკმაოდ დიდი, ნეიტრალური ტერიტორიაა, ასე რომ, გიგა მეორე მხარეს არც გადასულა. ისიც სიცრუეა, თითქოს ვინმეს დანით ემუქრებოდა. როგორც ჩანს, რაღაც მოხდა და ე.წ. აფხაზი მებაჟეები უკან დაედევნენ. ალბათ, იმ დღეს ბედისწერა ეძახდა, თორემ სამი წელი ხიდთან ახლოსაც არ მისულა.

სამი წლის წინ მისი სახლის დასათვალიერებლად სოფელ ბარღებში გადავიპარეთ. მაშინ გადავრჩით, ვერავინ შეგვამჩნია. სულ მეუბნებოდა, როდის ვიცხოვრებ საკუთარ სახლში ჩემს ცოლ-შვილთან ერთად, დავიღალე სხვის სახლებში ცხოვრებითო. ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში, ორ მცირეწლოვან შვილთან, დედასთან, დასა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უკონტროლობა? იმედიც კი არ მაქვს, რომ ჩვენი გიგას მკვლელს ვინმე დასჯის...

ტრაგედიას საქართველოს ხელისუფლების თითქმის ყველა უწყება გამოეხმაურა - საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფაქტი დაგმო, შს მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში: "- 2008 წლის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან მკვლელობა არ დაფიქსირებულა, თუმცა, არავის აქვს გარანტია, რომ მსგავსი ინციდენტი მომავალშიც არ მოხდება. სწორედ ამისთვის ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მონიტორინგში საერთაშორისო მისიებიც ჩაერთონ. გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ ყველა შეგვძრა, ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოკუპაციის პირობებში გვიწევს მოქმედება - ბუნებრივია, ოკუპაციის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უკვე გამოკვეთილია. ცხელი ხაზის საშუალებით აფხაზურ მხარესთან კონტაქტი გვქონდა, თუმცა მოვლენების განვითარებას ყურადღებით დავაკვირდებით. იმედია, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაც პროცესში აქტიურად ჩაერთვება - ამის აუცილებლობა გიგა ოთხოზორიას შემთხვევამ ნათლად დაგვანახა.

რუსუდან შელია