"ნეპოტიზმს საზოგადოებრივ მაუწყებელში მასშტაბური სახე აქვს" - კვირის პალიტრა

"ნეპოტიზმს საზოგადოებრივ მაუწყებელში მასშტაბური სახე აქვს"

"დადგა დრო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაიღვიძოს!"

"თუ ვერ დავინახეთ ცვლილებები, ვიტოვებთ საყოველთაო გაფიცვის ორგანიზების უფლებას"

18 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის კიბეებზე "მოამბის" ჟურნალისტთა ნაწილმა, ოპერატორებმა, მემონტაჟეებმა და ტექნიკურმა პერსონალმა აქცია-კონფერენცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა და არხზე არსებული სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა იყო. მათ ხელმძღვანელობას 21-დღიანი ვადა მისცეს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ლაშა მესხი, "მოამბის" ჟურნალისტი: - რამდენიმე წელია თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ბოლოს ასეთი საკითხი თებერვალში დაისვა, როდესაც ჩვენმა ოპერატორებმა და მემონტაჟეებმა სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელ გრიგოლ გოგელიას გადასცეს წერილი, რომელშიც თითქმის იდენტური მოთხოვნები იყო გაწერილი. დღეს ადმინისტრაციის განცხადება - არ ვიცოდით, რომ ჩვენთან ადამიანებს მსგავსი პრობლემები ჰქონდათო - ტყუილია და იმ უყურადღებობის გაგრძელებაა, რასაც წლების განმავლობაში ეწეოდნენ. მაუწყებელი ცდილობს სახელმწიფოს აჩვენოს, თუ რა კარგი მენეჯმენტი აქვს და რა კარგად მუშაობს. სინამდვილეში კი მათთვის პრიორიტეტი ადამიანი არ არის.

პირადად ჩემი ხელფასის ოდენობა საშუალოსტატისტიკური მაჩვენებლის ნახევარია. ეს იმიტომ, რომ არავის ნათესავი არ ვარ და არც არავის მოყვანილი ვარ ამ სამსახურში.

- გამოდის, ამით ისაზღვრება ხელფასი?

- ხშირ შემთხვევაში ასეა... დაიწყო მითქმა-მოთქმა, თითქოს ჩვენ ვართ შავბნელი ძალა, რომლის მიზანიც თურმე საზოგადოებრივი მაუწყებლის გათიშვაა. ჩვენ გვინდა სამართლებრივი ცვლილებები, სწორედ ამიტომ დავაფუძნეთ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია "მედიაში დასაქმებულთა პროფკავშირი", რომლის თავმჯდომარეც ვარ. ამ დროისთვის ორგანიზაციაში 83 კაცი გაწევრდა. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა: ხელფასების 20%-დან 50%-მდე ზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სამართლიანი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება.

- ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა ხომ არ ყოფილა?

- როდესაც პროტესტის შესახებ გაიგეს, ჩვენი დაშინება და დაშლა სცადეს. მაგრამ ჩვენი ერთობის დაშლა ძალიან გაუჭირდათ. მე არაფრის მეშინია. მზად ვარ, ბოლომდე დავიცვა ჩვენი კანონიერი მოთხოვნები. თუ ვინმე ფიქრობს, რომ კონკრეტულად მას ვებრძვით, ე.ი. თავს აიგივებს იმ უსამართლო სისტემასთან, რომელმაც არხი ჩიხში შეიყვანა და წლებია, ვერ გამოდის... ადამიანების დაფასებაზე უნდა იყოს დაფუძნებული მათი პოლიტიკა და არა პირად ან ნათესაურ კეთილდღეობაზე... რამდენიმე დღის წინ "რეალური სივრცის" პირდაპირ ეთერში ხელმძღვანელობა ისევ უგულისყუროდ მოგვექცა, როდესაც პატივი არ დაგვდეს და დებატებში არ დაგვისხდნენ. თუ ვერ დავინახეთ ცვლილებები, ვიტოვებთ საყოველთაო გაფიცვის ორგანიზების უფლებას.

კახა ჯანაშვილი, ოპერატორი: - ამ ტელევიზიაში 1989 წელს დავიწყე მუშაობა... იყო წლები, როდესაც სიცოცხლის ფასად, იარაღით ვიდექი მის სადარაჯოზე. პრობლემები ყოველთვის იყო, მაგრამ ვპოულობდით გამოსავალს. ახლა კი რამდენჯერმე ვცადეთ ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ მხოლოდ დაპირება მივიღეთ - ცოტა ხანს დაგვაცადეთ, სექტემბრამდე... ახალ წლამდე... ახალი ბორდის არჩევამდე... აღარ დამთავრდა!

უკმაყოფილო მხოლოდ 83 თანამშრომელი არ ვართ, ბევრად მეტია, მაგრამ ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ეშინია, რომ ხმის ამოღებით სამსახურს დაკარგავს. ოპერატორები იმდენად გაღიზიანებული იყვნენ, ამბობდნენ, კამერები გავიტანოთ და არ ვიმუშაოთო. ასეთ შემთხვევაში "მოამბის" გამოშვება გაჩერდებოდა. მე, როგორც უფროსმა მეგობარმა, გადავაფიქრებინე და სწორი გზების ძიება დავიწყეთ. 25 ოპერატორი ვართ. ახლაც დაგვიმატეს რამდენიმე გადაცემა - იმატებს სამუშაო, ხელფასი კი უცვლელი რჩება.

ჩემი გაღიზიანება გამოიწვია გიორგი გვიმრაძის განცხადებამ, რომ მიმდინარეობს რეფორმა და შედეგად, ვიღაცები დარჩებიან, ვიღაცები კი წავლენ... საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანებში ბევრმა პროფესიონალმა დატოვა, რადგან ხელფასები არ მოუმატეს. ნაწილი თვითონ გაათავისუფლეს, მაგალითად, ბესო შარაშენიძე გაუშვეს იმის გამო, რომ შაბათ-კვირას დასვენება მოითხოვა. ბესო 1988 წლიდან მუშაობდა არხზე და მაღალპროფესიონალი კადრია. ასევე გაუშვეს გაგა მოდებაძეც, - კადრების გადამეტებააო და მის ადგილას 2 ახალი თანამშრომელი მიიღეს.

აქ სულ სხვა პრიორიტეტები აქვთ. მიიღეს ისეთი ადამიანები, რომელთაც საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ სატელევიზიო სივრცეში, დიდ თანამდებობებზე ნიშნავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გავლენიანის შვილები არიან. რადგან გიორგი გვიმრაძე გრიგოლ გოგელიას მეგობარია, ამიტომ უნდა იკავებდეს ამხელა თანამდებობას?! ნეპოტიზმს საზოგადოებრივ მაუწყებელში მასშტაბური სახე აქვს. ყველა ხელმძღვანელი რეფორმაზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ პროფესიონალ კადრებს უშვებენ და ბიძაშვილ-მამიდაშვილები მოჰყავთ. დადგა დრო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაიღვიძოს!

"კვირის პალიტრა" მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის უფროს გიორგი გვიმრაძესაც დაუკავშირდა: - ოფიციალური წერილი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე. მედიაციის პროცესი დაწყებულია და უმჯობესია, რომ ამ პროცესს მივყვეთ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ ყველაფერი დიალოგის პროცესში წარიმართოს.

ეკა სალაღაია