დატოვებს თუ არა კოღუაშვილი "ქართულ ოცნებას" - კვირის პალიტრა

დატოვებს თუ არა კოღუაშვილი "ქართულ ოცნებას"

გიორგი ვოლსკი: "დავითს ჩამოყალიბება მართებს, რამდენად იზიარებს პარტიის ხედვებს და საერთოდ, რამ განაპირობა მსგავსი განცხადებები"

"არა მგონია, უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში" - "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის ამ განცხადებაზე პრემიერის პასუხმა არ დააყოვნა: "სამწუხაროა, რომ დავით კოღუაშვილმა ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებების. მას მეტი დაფიქრება მართებს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ვინაიდან თითოეული განცხადება უკავშირდება არაერთ ადამიანს საქართველოში".

გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ, დავით კოღუაშვილი პოლიტსაბჭოს სხდომასაც არ დაესწრო, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, მან პარტია "ქართული ოცნებაც" დატოვოს. თუმცა, როგორც კოღუაშვილის თანაგუნდელები აცხადებენ, ის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში რჩება, თუმცა უახლოეს მომავალში ოფიციალური განმარტების გავრცელებას აპირებს.

რომან კაკულია, პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრი:

- პოლიტსაბჭოს პირველ შეკრებას დავით კოღუაშვილი არ ესწრებოდა, თუმცა, როგორც ვიცი, ის უახლოეს დღეებში განმარტებებს გაავრცელებს, მას უნდა მივცეთ საშუალება, თავად მოჰფინოს ნათელი, რისი თქმა სურდა რეალურად.

- პოლიტსაბჭოს სხდომაზე მისი პარტიიდან წასვლის საკითხი განიხილეთ?

- არა მგონია, დავით კოღუაშვილმა პოლიტსაბჭო დატოვოს. გასაგებია, რომ ეს იდეალური განცხადება არ იყო, თანაგუნდელების მოწონება ნამდვილად არ დაიმსახურა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მის მიმართ არასწორი შეხედულებები ყალიბდება. ეს არ არის გამოუსწორებელი შეცდომა, თუ ვინმემ გამოთქვა შენიშვნა, ობიექტურიც იყო, მაგრამ დესტაბილიზაციის რეჟიმში არ გადავსულვართ. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რა შეფასებებიც გაკეთდა, საფუძველიც, ალბათ, არსებობდა, მაგრამ ამაზე მეტს პირადად მე ვერაფერს დავამატებ.

- "ქართული ოცნების" წევრთა ნაწილი პრემიერ კვირიკაშვილს პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას უწუნებს...

- ამ საკითხის დრამატიზება არ არის საჭირო. ყველანი ადამიანები ვართ, შეცდომებსაც ვუშვებთ, მაგრამ მათი გამოსწორებაც შესაძლებელია. ვიმეორებ, ეს არ არის გამოუსწორებელი შეცდომა.

- კოღუაშვილის პოლიტსაბჭოში გაწევრება იყო შეცდომა?

- კოღუაშვილის განცხადებებს ვგულისხმობ და ამაზე პრემიერმაც ცხადად და გარკვევით ისაუბრა.

გიორგი ვოლსკი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე: "დავით კოღუაშვილის განცხადება ასაწონი თემაა. ვფიქრობ, დავითი საკმაოდ კარგი მონაცემების მქონე ადამიანია, თუმცა ჩამოყალიბება მართებს, რამდენად იზიარებს პარტიის ხედვებს, თავად რა წარმოუდგენია და საერთოდ, რამ განაპირობა მსგავსი განცხადებები".

რუსუდან შელია