"ნარმანიამ "რეკორდი" დაამყარა!.." - კვირის პალიტრა

"ნარმანიამ "რეკორდი" დაამყარა!.."

"26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით მერიამ ხელშეკრულება ტენდერში დამარცხებულ კომპანიას გაუფორმა"

"როდესაც მერიაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე ვლაპარაკობთ, მერია არასდროს გვეთანხმება, თუმცა ჩვენს მხილებას შედეგი მოგვიანებით მაინც მოაქვს. მაგალითად, სწორედ ჩვენი განცხადებების შემდეგ დააკავეს ჯოკია ბოდოკია, მოხსნეს სამგორის გამგებელი და ა.შ. ამიტომ, იმედია, ადრე თუ გვიან, 26 მაისის ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებულ მერიის საეჭვო გადაწყვეტილებასაც ადეკვატური პასუხი გაეცემა"

26 მაისის ღონისძიებისთვის მერიის მიერ დახარჯული თანხები (სასცენო კონსტრუქციების მოსაწყობად) კვლავაც განხილვის საგანია. საქმე ის არის, რომ მერიამ ტენდერში (რაც ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა) გამარჯვებულ კომპანია "ლუმა დეველოპმენტს" კი არ გაუფორმა ხელშეკრულება, არამედ იმ კომპანიას ("ლენ ენდ კომპანი"), რომელიც წინასწარ გამოცხადებულ ტენდერში დამარცხდა. სულ რამდენი კომპანია მონაწილეობდა ტენდერში და რატომ მიანიჭა მერიამ უპირატესობა დამარცხებულ კომპანიას? ჩვენ ვითარების გასარკვევად მერიის პრესსამსახურს დავუკავშირდით.

მერიის პრესსამსახურის მიერ 27 მაისს გამოგზავნილ წერილში ნათქვამია: "აღნიშნულ მომსახურებაზე თბილისის მერიამ ტენდერი ჯერ კიდევ პირველ აპრილს გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვაში 3 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ტენდერის შედეგები თავდაპირველად კომპანია "შოუ სერვისმა", ხოლო მოგვიანებით შპს "ლენ ენდ კომპანიმ" გაასაჩივრა. შესაბამისად, თბილისის მერია გასული პერიოდის განმავლობაში მოკლებული იყო შესაძლებლობას, ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტთან - "ლუმა დეველოპმენტთან" გაეფორმებინა ხელშეკრულება (ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელია ახლაც, გამომდინარე იქიდან, რომ "ლენ ენდ კომპანის" საჩივარს დავების საბჭო დადგენილი წესის შესაბამისად 10 დღის ვადაში განიხილავს). ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 26 მაისის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მერიამ გადაწყვეტილება სცენისა და შესაბამისი მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეძენის თაობაზე მიიღო. გამარტივებული შესყიდვის საფუძველია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის განკარგულება #699, რომელიც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმდა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ გაფორმდა ხელშეკრულება შპს "ლენ ენდ კომპანისთან", ეს პროცესიც სრულიად გამჭვირვალედ წარიმართა. კერძოდ, ჩვენ ტენდერში მონაწილე სამივე კომპანიას ერთდროულად ელექტრონულად გავუგზავნეთ ოფიციალური მოთხოვნა და მათ მიერ ელექტრონულადვე იქნა წარმოდგენილი შემოთავაზებები. შესაბამისად, ხელშეკრულება გაფორმდა იმ კომპანიასთან, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შემოგვთავაზა და ეს არის შპს "ლენ ენდ კომპანი".

ამ ახსნა-განმარტების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლის თაობის" წარმომადგენელი თორნიკე ბიკაშვილი მერიის გადაწყვეტილებაში კორუფციულ ნიშნებს ხედავს.

თორნიკე ბიკაშვილი: - ამ საქმეში პირველი და მთავარი არის შემდეგი: მერიამ ტენდერის გამოცხადება და კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება უნდა უზრუნველყოს ისე, რომ არ მოხერხდეს შეფერხება. მით უმეტეს, საქმე ისეთ ღონისძიებას ეხება, რომლის თარიღიც არ იცვლება. მერიას უნდა დაეჭირა თადარიგი იმისთვის, რომ გასაჩივრების გამო ხელშეკრულების დადება არ შეფერხებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე მიზეზით ნებისმიერი ტენდერის შედეგის უგულებელყოფა შეიძლება და მაშინ რაღა აზრი აქვს ტენდერის გამოცხადებას? თბილისის მერია მთელი რიგი მომსახურებისთვის წინასწარ აცხადებს ტენდერებს, რომელთა შესრულების ვადაც წლის ბოლომდე განსაზღვრულია და საჭიროების შემთხვევაში კონტრაქტორს აღნიშნული მომსახურების შესრულებას სთხოვს. აქედან გამომდინარე, ღონისძიებების ორგანიზებისთვის ტენდერი არა 25 აპრილს, არამედ ბევრად ადრე უნდა ჩატარებულიყო.

თუმცა 27 მაისს მერია თქვენ გეუბნებათ, რომ "ლენ ენდ კომპანის" საჩივრის ათდღიანი ვადა ჯერ არ გასულა და ამიტომ "ლუმა დეველოპმენტთან" ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა. გამოდის, კომპანიას საკმაოდ გვიან გაუსაჩივრებია ტენდერის შედეგი და მერიას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, ვიდრე "ლენ ენდ კომპანი" ტენდერის შედეგს გაასაჩივრებდა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაეფორმებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა და ერთ პირთან მოლაპარაკების გზა აირჩია. მისი პასუხიდანვე ნათლად ჩანს, რომ ამ უწყებას "ლუმა დეველოპმენტთან" ხელშეკრულების გასაფორმებლად საკმარისი დრო ჰქონდა, ახლა მხოლოდ საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობს. სიმართლე გითხრათ, ამ პასუხმა ჩვენი ეჭვი კორუფციული გარიგებების თაობაზე უფრო გაამძაფრა.

- თუმცა მერია გვეუბნება, რომ ტენდერის შედეგები თავდაპირველად სულ სხვა კომპანიამ, "შოუ სერვისმა" გაასაჩივრა, რომლის განხილვასაც ასევე 10 სამუშაო დღე სჭირდებოდა.

- სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული... რატომ გაასაჩივრა ტენდერის შედეგები "შოუ სერვისმა"? ამ სახელწოდების კომპანია 25 აპრილის ტენდერში არც კი მონაწილეობდა. შემიძლია მოგაწოდოთ დოკუმენტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ელექტრონულ ტენდერში მხოლოდ ორი კომპანია მონაწილეობდა: "ლუმა დეველოპმენტი" და "ლენ ენდ კომპანი". აქედან გამომდინარე, ვაცხადებ, რომ მერიის გადაწყვეტილება, პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულება გაეფორმებინა ტენდერში წაგებულ კომპანიასთან, რომელიც მომჩივანი მხარეა, ან ნათესაურ-პარტიული ინტერესებით არის განპირობებული, ან ეს კორუფციული გარიგებაა, ე. წ. ატკატს ვგულისხმობ.

- თუ იცით, მერიას მომსახურების პირდაპირი შესყიდვის გზით კომპანიებთან მთლიანობაში რა ღირებულებების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული?

- ამ თვალსაზრისით დავით ნარმანიამ ნამდვილად რეკორდი დაამყარა. მან მოახერხა და მერიაში მოსვლის შემდეგ არასრულ ორ წელიწადში მომსახურების პირდაპირი შესყიდვის გზით გააფორმა ხელშეკრულებები, რომელთა საერთო ღირებულება 250 მილიონ ლარს აჭარბებდა.

როცა საქმე 5 ათას ლარზე ნაკლები ღირებულების მომსახურებას ეხება, ასეთი ხელშეკრულების გაფორმება არავითარ ეჭვს არ იწვევს. შესასყიდი მომსახურების ღირებულება თუკი 5 ათას ლარზე მეტია, ასეთ შემთხვევაში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ ფორსმაჟორის, გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნისას არის გამართლებული.

ფორსმაჟორად შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი შემთხვევები, როცა ტენდერის ჩატარება ვერ ესწრება. თბილისობა, ახალი წელი და 26 მაისი კი ყოველ წელს (ერთსა და იმავე რიცხვებში) აღინიშნება და შეუძლებელია მათთან დაკავშირებული სამზადისი ფორსმაჟორულ ვითარებად ჩაითვალოს. პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულებების გაფორმება იმ მასშტაბით, რასაც დღეს აქვს ადგილი, დედაქალაქის ბიუჯეტს აზარალებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვაჭრობა (ტენდერის გამოცხადების პირობებში) შესასყიდი მომსახურების ფასს მინიმუმ 10%-ით მაინც დაბლა სწევს, მაქსიმუმ კი, თანხის 70%-ით დაზოგვის საშუალებასაც იძლევა. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ მერიამ მინიმუმ 25 მილიონი ლარი გაფლანგა, საშუალოდ კი, შესაძლოა, ეს თანხა ბევრად მეტი აღმოჩნდეს.

ჩემი აზრით, საქმე გვაქვს შემდეგ ორ სავარაუდო მიზეზთან: 1) მერია თავისი უმოქმედობით ვერ ახერხებს ტენდერის დროულად გამოცხადებას და ამიტომ პირდაპირი მიყიდვის წესით ხელშეკრულებების გაფორმებას ანიჭებს უპირატესობას და 2) შეგნებულად დებს ხელშეკრულებებს ამ გზით, რათა სწორედ იმ კომპანიებს მისცეს მილიონობით ლარი, რომლებიც მის ინტერესებშია.

საგამოძიებო უწყებებს ვთხოვ, ამ ინფორმაციით დაინტერესდნენ და შეისწავლონ როგორც მერიის კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები (პირდაპირი შესყიდვის გზით), ასევე, ტენდერებთან დაკავშირებული საკითხები და დაადგინონ, იხარჯებოდა თუ არა მიზნობრივად საბიუჯეტო თანხები. როდესაც მერიაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე ვლაპარაკობთ, მერია არასდროს გვეთანხმება, თუმცა ჩვენს მხილებას შედეგი მოგვიანებით მაინც მოაქვს. მაგალითად, სწორედ ჩვენი განცხადებების შემდეგ დააკავეს ჯოკია ბოდოკია, მოხსნეს სამგორის გამგებელი და ა.შ. ამიტომ, იმედია, ადრე თუ გვიან, 26 მაისის ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებულ მერიის საეჭვო გადაწყვეტილებასაც ადეკვატური პასუხი გაეცემა.

"კვირის პალიტრა" ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ლუმა დეველოპმენტის" 100%-იანი წილის მფლობელს, ოთარ თედორაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც ტენდერის პერიპეტიებზე საუბარი არ ისურვა.

რა თანხა დაუჯდა მერიას 26 მაისის ღონისძიებების უზრუნველყოფა

მერიას საზეიმო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად (სცენების, ტრიბუნების, პოდიუმების, საგრიმიოროებისა და ბეგრაუნდის კონსტრუქციების მოსაწყობად) 468.759 ლარის მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი, რომელშიც 2016 წლის 25 აპრილს "ლუმა დეველოპმენტმა" გაიმარჯვა, 2016 წლის 19 მაისს კი მერიამ შპს "ლენ ენდ კომპანისთან" გააფორმა ხელშეკრულება (97.779 ლარის ღირებულების), რაც 26 მაისისთვის სასცენო კონსტრუქციების მოწყობას ითვალისწინებდა.

ეკა ასათიანი