"ოდესის გუბერნატორის მრჩეველი ბიზნესმენებს თანხის ჩარიცხვას ფონდის ანგარიშზე სთხოვდა" - სააკაშვილის "ყულაბა" "დაიხურა - კვირის პალიტრა

"ოდესის გუბერნატორის მრჩეველი ბიზნესმენებს თანხის ჩარიცხვას ფონდის ანგარიშზე სთხოვდა" - სააკაშვილის "ყულაბა" "დაიხურა

"უკრაინული ვოიაჟი დასასრულს უახლოვდება"

ოდესის გუბერნატორი უკრაინის ხელისუფლებას უპირისპირდება. ამჯერად მიხეილ სააკაშვილი გააღიზიანა გუბერნიის ადმინისტრაციაში ჩატარებულმა ჩხრეკამ. სამართალდამცავები მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელს, თემურ ნიშნიანიძეს, თანხების გაფლანგვას ედავებიან. თემურ ნიშნიანიძე ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდს "ოდესის საკეთილდღეოდ". დეტალებზე უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმირ ბოიკო გვიყვება:

- 26 მაისს უკრაინის გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა და სპეცდანიშნულების რაზმმა ოდესის გუბერნიის ადმინისტრაცია გაჩხრიკეს. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ სააკაშვილის მრჩევლის, თემურ ნიშნიანიძის კაბინეტი და, მოგვიანებით, სახლი აღმოჩნდა. სააკაშვილი პროკურატურაში დაწყებულმა გამოძიებამ ისე გააღიზიანა, რომ გენერალურ პროკურორს ისტერიულად ურეკავდა, რომ ჩხრეკის შეწყვეტა ეთხოვა. შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი კორუფციონერები დაადანაშაულა. პრესკონფერენციის დასრულებისთანავე გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ჩხრეკა კანონიერად ჩატარდა. თემურ ნიშნიანიძე 2,5 მილიონი დოლარის მითვისებაშია ეჭვმიტანილი. როგორც გაირკვა, 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლამდე, ფონდისთვის ოდესელი ბიზნესმენების მიერ შემოწირული თანხიდან 500 ათასი დოლარი მიხეილ სააკაშვილის მანქანისა და მოგზაურობისთვის დაიხარჯა.

- სააკაშვილის თანაგუნდელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ნიშნავს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს უკრაინის პირველი პირი დაუპირისპირდა?

- სხვათა შორის, ნიშნიანიძეს ოდესაში "ყულაბას" ეძახიან. ოდესელები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის მრჩეველი ბიზნესმენებს ფულს უშუალოდ არ ართმევდა, თანხის ჩარიცხვას ფონდის ანგარიშზე სთხოვდა. სანამ სააკაშვილი პოროშენკოს ინტერესებს ემსახურებოდა და ოლიგარქ კოლომოისკის ებრძოდა, საქართველოს ექსპრეზიდენტს ჯიბის შესავსებად და ფუფუნებით ცხოვრებისთვის სრული თავისუფლება მიანიჭეს. მაგრამ როგორც კი კორუფციონერმა სააკაშვილმა თავად პოროშენკოსთან დაპირისპირება გაბედა, მიახვედრეს, რომ უკრაინაში აღარავის სჭირდება.

- რა გახდა სააკაშვილ-პოროშენკოს დაპირისპირების მიზეზი?

- პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი "გარდიანთან" სააკაშვილის ინტერვიუ აღმოჩნდა, სადაც ოდესის გუბერნატორი უკრაინის ხელისუფლების მთავარ პრობლემად პრეზიდენტს ასახელებს - მისი განცხადებით, პოროშენკო "უუნარო ადამიანებისგან ვერ გათავისუფლდა". ამ კრიტიკის პასუხად სააკაშვილმა მისი ფინანსური მაქინაციების გამოძიება მიიღო. სააკაშვილის უკრაინული ვოიაჟი დასასრულს უახლოვდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ამ ეტაპზე პოროშენკოს სააკაშვილის ქვეყნიდან გაგდება ხელს არ აძლევს, რადგან ოდესის გუბერნატორი შეეცდება, საერთაშორისო ორგანიზაციები დაარწმუნოს, რომ ის ოლიგარქებს არ დაემორჩილა და შურისძიების მსხვერპლი გახდა. თუ ოდესის გუბერნატორი თავად არ დატოვებს უკრაინას, უკრაინისთვის მოპარული ფულისთვის პასუხს ძალიან მკაცრად მოსთხოვენ.

რუსუდან შელია