"ოპონ­ენტის ცემა - ეს გოიმობა და ბნელეთი წარსულში უნდა დარჩეს" - კვირის პალიტრა

"ოპონ­ენტის ცემა - ეს გოიმობა და ბნელეთი წარსულში უნდა დარჩეს"

ვასილ მაღლაფერიძე: "კორცხელში "ნაციონალების" გამარჯვება მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება"

ნიკა მელია: "ჩვენ ივანიშვილს რევოლუციას საარჩევნო ურნასთან, ამომრჩევლების დახმარებით მოვუწყობთ"

22 მაისს შუალედურ არჩევნებზე, იმ დროს, როდესაც ე.წ. საზღვართან საკონტროლო გასროლით მოკლულ გიგა ოთხოზორიას ზუგდიდში გლოვობდნენ, როცა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პროცედურები განახლდა, კორცხელში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის ცემა-ტყეპა მიმდინარეობდა. ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი შს სამინისტრომ ერთი კვირაა ვერ იპოვა, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ყველასთვის დღესავით ნათელია - ხელისუფლებამ საარჩევნო უბანზე უსაფრთხოება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს.

"ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი უცხო ხალხი ცუდს მოასწავებდა"

ფიზიკური დაპირისპირების ქრონოლოგიას კორცხელის მკვიდრი, დარეჯან კვარაცხელია იხსენებს: -"არჩევნების დღეს კორცხელში უცხო ხალხი დილიდანვე შევნიშნე, მათი რაოდენობა თანდათან მატულობდა. საარჩევნო უბანზე სიმშვიდე იყო, თუმცა ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი უცხო ხალხი აშკარად ცუდს მოასწავებდა. ხმის მისაცემად შენობაში შევედი, როდესაც გარედან ხმამაღალი საუბარი შემომესმა. სწრაფად გავიარე ყველა პროცედურა და როდესაც გამოვედი, ნიკა მელიას ირგვლივ შეკრებილი ხალხი დავინახე, კამათობდნენ. ახლოს მისვლა დავაპირე, მაგრამ ვერ მოვასწარი, მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა - მოშორებით მყოფი სპორტსმენებიც მოცვივდნენ და ვინც ხელში მოხვდებოდათ, ყველას გამეტებით ურტყამდნენ... ვყვიროდი, ადამიანებს ხოცავენ, პოლიცია სად არის-მეთქი, მაგრამ იქ მხოლოდ ორი-სამი პოლიციელი იდგა. პატრული მაშინ მოვიდა, როდესაც უკვე ყველაფერი დასრულებული იყო...

"პირველად ხელი "ნაციონალებმა" მოიქნიეს"

რა სტატუსითა და ვისი მითითებით იმყოფებოდნენ კორცხელის საარჩევნო უბანზე სპორტსმენები და ჰყავს თუ არა "ქართულ ოცნებას" ზონდერჯგუფი, ამ კითხვებს პასუხობს საქართველოს შერეული ორთაბრძოლის ფედერაციის დამფუძნებელი კობა ტყეშელაშვილი, რომელიც დაპირისპირებისას გადაღებულ ფირში ჩანს.

- ქართველები ქართველებს არ უნდა ვუპირისპირდებოდეთ, მაგრამ ნიკა მელია თბილისის ქუჩებში არ უნდა დადიოდეს. მის მოსვლამდე კორცხელში არაფერი ხდებოდა. მან მოაწყო პროვოკაცია, ბიჭებს ეუბნებოდა, კუნთები ხომ არ გატყუებთო. ეს ყველაფერი მათ დადგეს სპეციალურად.

- დადგმული იყო ფირიც, სადაც სპორტსმენები გამეტებით ურტყამთ მათ?

- "ნაციონალებმა" დააფიქსირეს და დაამონტაჟეს ვიდეოფირის მხოლოდ ის ნაწილი, რაც მათ აწყობდათ - მანამდე ქვებს გვიშენდნენ. დაკითხვაზე ყველაფერი დეტალურად აღვწერე - რატომ დაიწყო ჩხუბი, ვინ აწყობდა მანამდე პროვოკაციებს და ა.შ. ჩემს დანაშაულსაც ვაღიარებ, მედიის თანდასწრებით შევიგინე, ეს არ უნდა გამეკეთებინა.

- ვისი დავალებით იყავით კორცხელში? "ნაციონალების" მტკიცებით, სპორტსმენები იქ კახა კალაძის დავალებით ჩაიყვანეს.

- "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ. 2012 წლიდან ამ პარტიის გვერდით ვდგავარ, რადგან მჯერა, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებენ. "ნაციონალები" კალაძეზე იმ არგუმენტით საუბრობენ, რომ მასთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში მქონდა. ეს ფოტო 2012 წლამდეა გადაღებული, თუმცა, არ უარვყოფ, რომ კახა კალაძეს, როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს დიდ პატივს ვცემ. ამ ადამიანებს ყოველთვის გვერდში დავუდგები არჩევნებში და არჩევნების გარეშეც. მითითებები არავისგან მიგვიღია, მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლების დაცვა და კარუსელებისგან თავის დაზღვევა გვინდოდა.

- ამისთვის სამართალდამცავები არსებობენ, თქვენ რა სტატუსით უნდა დაგეცვათ ამომრჩეველი?

- ვიცოდით, რომ "ნაცმოძრაობა" საარჩევნო უბნებზე ზონდერებთან ერთად დადიოდა. კორცხელშიც სპორტსმენები ფოთიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი. ამიტომ ბიჭები საკუთარი ინიციატივით შევიკრიბეთ. "ნაციონალები" ჩვენს გამოწვევას გარდაბანშიც ცდილობდნენ. ჩემი ძმაკაცის ახალ მანქანას ქვები დაუშინეს, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია. კორცხელში სპორტსმენ ნოშრევან წურწუმიას თენგიზ გუნავა ცინიკურად ეკითხებოდა, შენ კიდევ ცოცხალი ხარო? (გუნავამ და შამახიამ 2008 წელს წურწუმია უკანონოდ დააკავეს და შეურაცხყოფა მიაყენეს). ჩემი თხოვნით, არც ამაზე გასცა პასუხი, მაგრამ ჩვენც ვაჟკაცები ვართ და მოთმინების ფიალა აგვევსო, თანაც, პირველად ხელი "ნაციონალებმა" მოიქნიეს.

- თუნდაც პროვოკაციის შემთხვევაში, არ ფიქრობთ, რომ ადამიანების ცემის გამო კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოთ?

- ჩემს ნებისმიერ ქმედებაზე პასუხს ვაგებ, მაგრამ დანაშაული არ ჩაგვიდენია. პირველ რიგში, ნიკა მელია უნდა დააკავონ. საერთოდ, "ნაციონალები" ვისზე ლაპარაკობენ?! 2012 წლამდე "საქართველოს უნივერსალური ჯგუფის ფედერაციაში" ვმუშაობდი. ერთ დღესაც კუდ-ის თანამშრომელი ტარიელ შერვაშიძე მოვიდა და ზონდერობა შემომთავაზა - ხელფასს გადაგიხდი და ჩვენი მითითებები შეასრულეო. უარი ვუთხარი, ბავშვებსა და ქალებზე ხელს ვერ აღვმართავ-მეთქი. ერთმანეთს ლამის ფიზიკურად დავუპირისპირდით. მოგვიანებით შემომითვალა, სამსახურში აღარ დაბრუნდეო. ჩემზე თვალთვალი გამოცხადდა, მუქარის ტექსტებს მითვლიდნენ. მოვკიდე ჩემს ბიჭებს ხელი და ბიძინა ივანიშვილთან მივედი. ეს იყო ივანიშვილთან ჩემი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა. "ნაციონალებმა" კორცხელში პროვოკაციისთვის დრო საგულდაგულოდ შეარჩიეს, მაშინ როდესაც "იმედის", "მაესტროსა" და GDS-ის ჟურნალისტები სადილობდნენ, ნიკა მელია უბანზე შევარდა. დრო იხელთეს და სამწუხაროდ, ჩვენც წამოვეგეთ.

"კალაძეს ვურჩევ, ოპონენტებში განტევების ვაცს ნუ ეძებს"

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია: - ნაცვლად იმისა, მოძალადეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ, "ქართული ოცნება" ისრებს ჩვენს მხარეს ისვრის, თითქოს ჩვენ დავესხით თავს სპორტსმენებს. ხელისუფლება მძიმე დილემის წინაშეა - 7-8 საკუთარი ზონდერი დააკავოს, რის გამოც არაფორმალურად ჩამოყალიბებული სტრუქტურა ჩამოეშლებათ, თუ არ დააკავოს და როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ დაუდასტუროს, რომ ზონდერები საარჩევნო უბანზე მათი ბრძანებით გვისწორდებოდნენ.

- თქვენ არ ჩაგიყვანიათ სპორტსმენები?

- რა თქმა უნდა, არა. პარტიის ლიდერები ოთხ ოლქში გადავნაწილდით, კორცხელი კი, ერთადერთი ოლქი იყო, სადაც არც "ქართული ოცნების" და არც ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერები არ იმყოფებოდნენ. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაფერი წინასწარ გათვლილი იყო. მეტიც, თუ პროვოკაციას ვაწყობდიY, რატომ არ იყო ადგილზე პოლიცია მობილიზებული? ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, სამართალდამცავები უბანთან მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც სპორტსმენები ფიზიკურად გაგვისწორდნენ. ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი კახა კალაძეა. მას ზონდერ სპორტსმენებთან მეგობრობა აკავშირებს, კალაძის ბრძანების გარეშე ნაბიჯს არ გადადგამდნენ.

- ნოშრევან წურწუმიაც, რომელიც ამტკიცებს, რომ გუნავა ცინიკურად მიმართავდა?

- წურწუმია წარმოშობით სამეგრელოდანაა, მაგრამ დღეს თბილისში ცხოვრობს. თუ ადგილობრივია, ეს აძლევს უფლებას, რომ ფიზიკურად გაგვისწორდეს? კალაძეს ვურჩევ, ოპონენტებში განტევების ვაცს ნუ ეძებს, ძალ-ღონე მოიკრიბოს და თანაგუნდელებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეუშალოს. ქვეყანა საფრთხის წინაშეა, თუ ზონდერები არ დაისჯებიან, ამას გვერდითი მოვლენები, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით აუცილებლად მოჰყვება. ქვეყნის პრესტიჟს ექმნება საფრთხე.

- "ნაცმოძრაობის" პარლამენტიდან გამოსვლაც ხომ არ მიანიშნებს პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის მცდელობას?

- ჩვენ ამ თამაშში ივანიშვილს არ ავყვებით. ის ცდილობს ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას. რაც შეეხება პროცესების ქუჩაში გადატანას, ჩვენ ივანიშვილს რევოლუციას საარჩევნო ურნასთან, ამომრჩევლების დახმარებით მოვუწყობთ.

"ასეთ მძიმე პროვოკაციას რეალურად არ ველოდით"

ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი:

- ჩვენი მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და მთავარი პროვოკატორის - ნიკა მელიას პროვოკაციებს არ უნდა წამოგებოდნენ...

"ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციები ყველასთვის ცნობილია - უბნებზე საარჩევნო პროცესის ჩაშლა და მხარდამჭერებზე ზეწოლა მათთვის ჩვეულებრივი მეთოდებია. საარჩევნო უბნებზე ძალის მობილიზება სწორედ იმ მიზნით მოხდა, რომ პროვოკატორებს არჩევნები არ ჩაეშალათ. გასაგებია, რომ სამართალდამცავები უნდა აკონტროლებდნენ ვითარებას, მაგრამ არის შემთხვევები, რაზეც რეაგირება პოლიციის მანდატში არ შედის.

- ანუ პარტიის გადაწყვეტილებას იმით ამართლებთ, რომ ძალას ძალა დაუპირისპირეთ?

- კორცხელის უბნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ცოცხალი დერეფანი მოაწყვეს და ჩვენს მხარდამჭერებს სწორედ მისი გავლა უწევდათ - "ნაციონალები" არჩევნების თავისუფლების იდეას ხელყოფდნენ, მაგრამ ეს კანონდარღვევა არ გახლავთ, შესაბამისად, პოლიციაც მსგავს ფაქტებზე რეაგირებას ვერ მოახდენს.

- და ვერ გათვალეთ რისკი, რომ სპორტსმენები, შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ფიზიკურად გასწორებოდნენ?

- ასეთ მძიმე პროვოკაციას რეალურად არ ველოდით - ნიკა მელიამ ჩვენს მხარდამჭერებს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა, დასცინოდა. ანალოგიური ვითარება იყო გარდაბანშიც, მაგრამ იქ პროვოკაცია არ გამოუვიდათ. სხვათა შორის, ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა ტელევიზიამ გადაიღო, როგორ ცდილობდნენ მელია და ბოკერია ჩვენი მომხრეების გამოწვევას, მაგრამ, ალბათ, ყველასთვის ნათელია, ეს ფირი რატომაც არ გავრცელდა...

ძალადობას არავინ ამართლებს. ყველა აქტივისტი მკაცრად გვყავდა გაფრთხილებული, რომ პროვოკაციებს არ უნდა წამოგებოდნენ და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაშიც პასუხი არ უნდა გაეცათ, მაგრამ ემოციური ხალხი ვართ. რაც შეეხება სპორტსმენების თბილისიდან ჩაყვანას, იქ ადგილობრივი აქტივიც იყო მობილიზებული, როგორც სპორტსმენები, ისე არასპორტსმენები.

- კახა კალაძე რა როლს ასრულებდა აქტივის მობილიზებაში?

- კახა კალაძეზე აპელირება "ნაციონალური მოძრაობის" ბინძური კამპანიის ნაწილია.

- ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, სპორტსმენებმა ზუსტად იცოდნენ, ვინ და რა დროს უნდა ეცემათ.

- ეს მძიმე, არაკორექტული და არაეთიკური განცხადებაა. ლევან ბერძენიშვილის ამ ტყუილს მსუბუქად ვერ შევაფასებ.

- კორცხელში გამარჯვებას "ნაციონალური მოძრაობა" 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების გარდაუვალ წინაპირობად აფასებს...

- კორცხელის შედეგების სამეგრელოს და მით უმეტეს, ქვეყნის მასშტაბით განზოგადება, არასწორია. ჩვენ არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" დიდი უპირატესობით დავამარცხებთ. რაც შეეხება პროცესების ქუჩაში გადატანის მცდელობას, "ნაციონალურ მოძრაობას" ქუჩაში ხალხის მობილიზების რესურსი არ გააჩნია.

"ქართულმა ოცნებამ" სერიოზული შეცდომა დაუშვა"

ვასილ მაღლაფერიძე, მედიაექსპერტი:

- ქვეყანაში ფიზიკური დაპირისპირების დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. კი ბატონო, კარგად გვახსოვს, ვინ ისროდა ქვებს, ჯოხებს და ვინ გვიყრიდა გზებზე ლურსმნებსაც, მაგრამ დღეს ამის დრო აღარ არის. "ქართულმა ოცნებამ" სერიოზული შეცდომა დაუშვა. საერთოდ, ტერმინი "პროვოკაციას წამოეგო", არ მესმის. ხელისუფლების პასუხისმგებლობაც ის არის, რომ პროვოკაციებს არ წამოეგოს. დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება""ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალში მსგავსი დაპირისპირება აღარ განმეორდეს. ოპონენტის ცემა - ეს გოიმობა, ჩამორჩენილობა და ბნელეთი წარსულში უნდა დარჩეს. ჩვენთან ფიქრისა და სიტყვის თავისუფლებაა და არა მუშტის ქნევის.

- არსებობს გარანტია, რომ ოქტომბრის არჩევნებში იგივე სცენარი არ განმეორდება?

- ამაზე პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", 2003 წლის მოვლენების გამეორების რესურსი აღარა აქვს. არა მგონია, მათი მხარდამჭერების გარდა, ვინმეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება უნდოდეს. გასაგებია, რომ სცენარი 2003 წლის იდენტურია და "ნაციონალები" ფონს ამზადებენ, რომ სახელისუფლებო გადატრიალება მოაწყონ, თუმცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ეკონომიკური პრობლემები აქვს და ჩემ გარშემოც ბევრია ხელისუფლებით უკმაყოფილო, არავისგან მსმენია, ნეტავ ხელისუფლებაში "ნაციონალები" დაბრუნდნენო. თუ ღმერთმა არ ქნას და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ეს ქვეყნისთვის დასასრულის დასაწყისი იქნება. კორცხელში "ნაციონალების" გამარჯვება მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში დემოკრატია მართლაც ვითარდება. იმედია, "ქართული ოცნება" სწორი მენეჯმენტით შეძლებს არჩევნების წარმართვას.

"ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი "ნაცმოძრაობას" არა აქვს"

ირაკლი გოგავა, პოლიტოლოგი: - არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი "ნაცმოძრაობას" არა აქვს. ამიტომ ერთადერთი სცენარი - სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა რჩება, როგორც ეს 2003 წელს გააკეთეს. განსხვავება ის არის, რომ რესურსი შეზღუდული აქვთ. დღეს უკრაინაში მყოფი სააკაშვილი რევოლუციის მოწყობას ცდილობს, მაგრამ ბოლო დღეებში ნათლად გამოჩნდა, რომ სააკაშვილის უკრაინული კარიერაც დღე-დღეზე დასრულდება.

რუსუდან შელია