"ამ წერილით წერტილი დაესმევა გაუთავებელ ლაპარაკს იმაზე, რომ ივანიშვილი ქვეყანას კულუარებიდან მართავს" - კვირის პალიტრა

"ამ წერილით წერტილი დაესმევა გაუთავებელ ლაპარაკს იმაზე, რომ ივანიშვილი ქვეყანას კულუარებიდან მართავს"

წერილში, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოაქვეყნა და საზოგადოებას მიმართა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე პერიოდი და განვლილი ოთხი წელიწადი შეაფასა. მანვე გაიხსენა საკუთარი დაპირებები, რომლებიც, როგორც ექსპრემიერმა განმარტა, თითქმის ყველა შეასრულა და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა.

"დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გავიმარჯვებთ!", - წერს წერილის ბოლოს ივანიშვილი.

ექსპერტ მამუკა არეშიძესთან საუბარი, ივანიშვილის წერილის, ზოგადი შეფასებით დავიწყეთ:

- ყველაზე მეტად ამ წერილში ის მომეწონა, რომ ბიძინა ივანიშვილი მთელ ამ პროცესზე, რასაც დაპირდა ხალხს და რასაც ახლა ჰპირდება, პასუხისმგებლობას იღებს. ვფიქრობ, ამ წერილით წერტილი დაესმება გაუთავებელ ლაპარაკს იმიზე, რომ ივანიშვილი ქვეყანას კულუარებიდან მართავს და იქიდან მართავს იმიტომ, რომ არ სურს პასუხისმგებლობის აღება. ეს არის მთელი წერილის საერთო პათოსი, ამას ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ხშირად ოპოზიცია სწორედ ამას აყვედრიდა ბიძინა ივანიშვილს.

- სწორად იყო თუ არა აქცენტები დასმული?

- ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ეკონომიკაზე, მიუხედავად ამისა, სხვა საკითხებსაც ყურადღება ექცევა. როცა მის წერილში ეკონომიკურ ნაწილს ვეცნობი, ცოტა უცნაური განწყობა მეუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე, საქმეში ჩახედული ვარ, ვიცი, რომ საზოგადოების გადამწყვეტმა ნაწილმა არ იცის რა ხდება. ბიძინა ივანიშვილის წერილის მიხედვით, ახლა იქმნებოდა ეკონომიკური ბაზა იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ეკონომიკის სერიოზული მშენებლობა, ამ წერილში ასე ჩანს და ამ ეკონომიკური ბაზის შექმნის პროცესი, საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება იმიტომ, რომ ეს ადამიანების კეთილდღეობაზე პირდაპირ არ მოქმედებს, ამას გარდა, ხალხმა არ იცის ამ პროცესების შესახებ.

კიდევ ერთხელ მწვავედ გავაკრიტიკებდი იმ გადაწყვეტილებას, რომლის გამოც მთავრობამ უარი თქვა აქტიურ პიარკამპანიაზე, ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა იმაზე, რომ თეთრი შავად გაასაღო, არამედ იმაზე, რომ საზოგადოებამდე მიიტანო ის, რაც გაგიკეთებია, ეს აუცილებელია. ხალხმა უნდა იცოდეს რა პროცესები მიმდინარეობს, მოიწონებს თუ არა ეს ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ უნდა იცოდნენ რაშია საქმე. წერილში კმაყოფილებაა გამოთქმული იმის გამო, რომ მთავრობას თავისი მედიასაშუალება არ აქვს, ეს თავისთავად ყურადსაღებია, მაგრამ მედიასაშუალების მთავარი ფუნქცია ის არის, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს ის, თუ რა ხდება ქვეყანაში, სამწუხაროდ, ამას პერმანენტულად და თანმიმდევრულად თითქმის არცერთი მედიასაშუალება არ აკეთებს.

- თქვენი აზრით, რა აკლდა ამ წერილს?

- არის რამდენიმე ნიუანსი, რომელიც უნდა ყოფილიყო, მაგალითად, სამართლიანობის აღდგენის პროცესზე ყურადღება გამახვილებული არაა. არ ვლაპარაკობ იმ ხალხზე, ვინც ქონება დაკარგა, გასაგებია, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც ღირსება შეელახათ, რომლებმაც ციხეები ხეხეს და ფიქრობენ, რომ მათი მთავარი ჯალათი დღეს კიდევ იმყოფება თანამდებობაზე ან გარეთ თავისუფლად დასეირნობს. ამ ადამიანებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მათ მიმართ სამართლიანობას ეზეიმა, სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

მინდა შევეხო იდეოლოგიურ ნაწილს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ერის კულტურულ ისტორიას, ფუნქციას, ტოლერანტობას, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ის, რა ფუნქცია უნდა შეასრულოს საქართველომ რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, ეს ცოტა განსხვავებული ფუნქციებია, ამასაც თავისი მნიშვნელობა აქვს და ხაზგასმული რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. თვითონ წერილს ზოგადად დადებითად ვაფასებ, მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთა აქცენტი და ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილი გააკეთა, თუმცა პატარ-პატარა შენიშვნები მაქვს, რომელიც ერთი შეხედვით არის პატარა, მაგრამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი.

- წერილს ეტყობა, რომ ანალიტიკოსებმა იმუშავეს, ხომ არ იცით კონკრეტულად ვინ მუშაობდა?

- ახლა ცხელ გულზე მხოლოდ ამით შემოვიფარგლოთ და მომავალში, როცა ფაქტობრივ მასალასაც გავეცნობი, უფრო ბევრი რამის თქმა შეიძლება. მთავრი ის არის, რომ ამ წერილში პირდაპირ მითითებულია, რომ მთელ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას ივანიშვილი იღებს არა კონკრეტული პირების, არამედ ქვეყნის წინაშე.

- არადა, წერილიდან ჩანს, რომ პოლიტიკაში პირდაპირ დაბრუნებას არ აპირებს...

- პოლიტიკაში დაბრუნებას შეიძლება არ აპირებს, მაგრამ თვითონ ამბობს წერილის ბოლოს, რომ საარჩევნო პროცესში ჩავერთვები და ყველა სოფელში ვივლიო.

- ივანიშვილის საარჩევნო პროცესში ამ სახით ჩართვა მოუტანს თუ არა "ქართულ ოცნებას" გამარჯვებას?

- "ქართულ ოცნებას" ისედაც ჰქონდა გამარჯვების შანსი იმიტომ, რომ პოლიტიკური სპექტრი ძალიან ფართოა. გარდა ამისა, "ქართულ ოცნებას" ბევრად უფრო მყარი ბაზა აქვს, ვიდრე ზოგიერთ სხვა პოლიტიკურ ძალას, თუმცა არენაზე ახალი ძალებიც გამოჩნდა, იგივე ბურჭულაძე და სხვა. რაც შეეხება, "ნაციონალურ მოძრაობას", მათ დღეს არ აქვთ ისეთი ძლიერი ბაზა, როგორიც ჰქონდა თუნდაც 2012 წლის არჩევნებში, ამიტომ რა ანგარიშით გაიმარჯვებს "ქართული ოცნება", ვერ გეტყვით, მაგრამ ის რომ გაიმარჯევბს, ამის შანსი ძალიან მაღალია.

იხილეთ ასევე: "სად ვართ" და "საით მივდივართ"? - ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს აქვეყნებს

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)