"ვინ არის მოძველბიჭო?!" - რას პასუხობს კორცხელის ინციდენტის მონაწილე ლადო გეგეშიძე მარგველაშვილს - კვირის პალიტრა

"ვინ არის მოძველბიჭო?!" - რას პასუხობს კორცხელის ინციდენტის მონაწილე ლადო გეგეშიძე მარგველაშვილს

ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კორცხელის ინციდენტში ბრალდებულთაგან 5 პირს 7 000-ლარიანი, ერთს კი 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სპორტსმენები მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და შესაძლოა განაჩენი გაასაჩივრონ კიდეც. "კვირის პალიტრას" სპორტსმენი ლადო გეგეშიძე ესაუბრა:

- მე 10 000 ლარის გადახდა დამეკისრა, რაც უსამართლობაა. შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია, თავად გვაყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაზეც პასუხი გავეცით.

- გადაწყვეტილებას გაასაჩივრებთ?

- დიდი ალბათობით, გავასაჩივრებთ. საკმაოდ დიდი თანხაა, რომლის გადახდა შესაძლოა ვერც შევძლოთ, თანაც რისთვის? პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა მოსთხოვონ პასუხი, რომლებიც მთელი ცხოვრება პროვოკაციებს აწყობდნენ.

- კადრებში ჩანს, რომ თქვენ განსაკუთრებით აქტიურობთ და ხელში "ბიტაც" გაქვთ.

- კადრებში არ ჩანს, რა ხდებოდა მანამდე. საარჩევნო უბანზე დილით მივედით. სიმშვიდე იყო, არავინ ფიქრობდა, რომ დაპირისპირება დაიწყებოდა. ბიჭები ჩხუბს არავისთან აპირებდნენ. როგორც კი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გამოჩნდნენ, ნათელი გახდა, რომ პროვოკაცია გათვლილი ჰქონდათ - სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და ჩვენს გამოწვევას ცდილობდნენ. ჩვენ ვაჟკაცები ვართ და შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ. რა თქმა უნდა, არავინ იწონებს იმას, რაც მოხდა, თუმცა შეურაცხყოფას არავის შევარჩენთ.

- ირაკლი კობახიძის განცხადებით, გქონდათ მითითება, პროვოკაციას არ წამოგებოდით.

- ვერავინ მიმითითებს, პასუხი ვის როგორ გავცე. ჩვენს ადგილას, სხვებიც იმავეს გააკეთებდნენ. ბიჭები კორცხელში საკუთარი ინიციატივით წავედით, პირადად მე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და სადაც დასჭირდება, იქ დავდგები. "ნაცმოძრაობის" დემაგოგობის დრო დამთავრდა, ხმის ამოღებასაც ვერ უნდა ბედავდნენ.

- გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მმართველ კოალიციაში მოძველბიჭო დაჯგუფებები არიან, რომლებმაც "ნაცმოძრაობის" ზონდერული პოლიტიკა გადაიფორმეს...

- რომელია ჩვენგან მოძველბიჭო? მთელი ცხოვრება სპორტით ვართ დაკავებული, ჩვენგან არავინაა ნასამართლევი. დაასაბუთოს, ვინ არის მოძველბიჭო? საქართველოში ერთხელ ყველას უჩხუბია და ამას გულისხმობს?! ჩვენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი სპორტსმენები, შეურაცხყოფას არასდროს მოვითმენთ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი არც "ნაციონალური მოძრაობაა". თენგიზ გუნავას განცხადებით, გამოძიებამ კორცხელის ინციდენტში ვიცე-პრემიერ კახა კალაძის როლი უნდა დაადგინოს: - 6 კუნთმაგარ ბიჭზე ჯოხის გადატეხა სამარცხვინო საქციელია. პირველ რიგში, ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ. ვგულისხმობ კალაძეს და სამეგრელოს ადგილობრივ ხელისუფლებას. რამდენიმე სპორტსმენი კორცხელის საარჩევნო უბანზე გამოჩენამდე სამეგრელოს გუბერნატორსა და აპარატის უფროსს შეხვდა - დამატებითი ინსტრუქციები მიიღეს. იცოდნენ, კორცხელში არჩევნებს აგებდნენ და უნდოდათ მათი გამოჩენით ამომრჩევლები დაეშინებინათ. სპორტსმენებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის შვილი, ვინმე სამყურაშვილიც იყო, რომელიც ადრე რამდენჯერმეა ნასამართლევი.

რუსუდან შელია