"ბევრმა უღალატა ბიძინას!.." - რას შეეწირა ღარიბაშვილი ჯემალ ჭკუასელის აზრით?
06-06-2016
"ბევრმა უღალატა ბიძინას!.." - რას შეეწირა ღარიბაშვილი ჯემალ ჭკუასელის აზრით?
"ამას "ტვინის ჭყლეტა" ჰქვია!"

"როგორ შეიძლება პრორუსი დავუძახოთ ყველას, ვინც "რუსთავი 2"-ს მხარს არ უჭერს?"


ბიძინა ივანიშვილის წერილი არა მხოლოდ პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების, არამედ საზოგადოების იმ წევრების განსჯის საგანი გახდა, რომლებიც საკმაოდ შორს დგანან პოლიტიკისგან. ამასთან დაკავშირებით, "კვირის პალიტრას" ანსამბლ "ერისიონის" ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად მთავარი დირიჟორი და კონსულტანტი ჯემალ ჭკუასელი ესაუბრა.

- ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას არა მხოლოდ მთავარი დაპირებები შეუს­რულა, არამედ მეტიც გააკეთა. თუმცა არის თემები, რაზეც არათუ ბიძინა ივანიშვილი,
სხვაც არავინ ლაპარაკობს. ასეთი საკითხები, ძირითადად, ქველმოქმედებას ეხება. არსებობს ფონდი "აი ია", რომლის ფინანსური­ მხარდაჭერით ყრუ-მუნჯ ბავშვებს მუცლად ყოფნის პერიოდშივე მკურნალობენ. ერთი ბავშვის მკურნალობა 80 ათას ლარს აღემ­ატება... წარმოიდგინეთ, რამხელა საქმე კეთ­დება და ამის შესახებ არავინ იცის. უმადურობა ძალზე ცუდი სენია. ცხადია, არ ვამბობ, რომ
იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც ბიძინამ მოიყვანა, ყველანი ანგელოზები არიან, თუმცა კარგის დაუნახაობაც არ შეიძლება. დღეს რომ თითოეული ჩვენგანი მეტად თავისუფლად გრძნობს თავს, საწინააღმდეგო აზრს გამოხატავს და რეჟიმის­ არ ეშინია, განა ეს ამ კაცის დამსახურება­ არ არის?!

- და მაინც, თქვენი აზრით, მმართველი პოლიტიკური ძალის ნაკლი რა არის?

- ის, რომ ბევრმა უღალატა ბატონ ბიძინას... ისეთი ჩალის ფასი აქვს მათ ღალატს, რომ 30 ვერცხლიც არა ღირს.

- ივანიშვილის ოპონენტები ამბობენ, უკეთესი იქნებოდა, მილიარდერი ქველმოქმედად დარჩენილიყო და პოლიტიკაში არ მოსულიყოო...

- ცხვირსახოცს გავუგზავნი, რომ თავი ტირილით აღარ მოიკლან!.. ჩვენს ოპოზიციონერებს განათლება არა აქვთ და იმიტომ­ ლაპარაკობენ ასე...
ყველაფერზე­ გაიძახიან, არ ვარგაო. ხის გადატანაზე ატეხეს ერთი ამბავი, იმას აღარავინ დაეძებდა, რომ ამ ხის ლიანდაგთან არსებობა არ შეიძლებოდა, წაიქცეოდა და დაეცემოდა ლიანდაგს. ახლა ეპისტოლარული ჟანრი აღარ მოსწონთ და ამბობენ, ბიძინა ხალხს წერილებით რატომ მიმართავსო.
არადა, სხვა ქვეყნებში ეს გავრცელებული ფორმაა... წერილის ფორმა თავისთავად კარგია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ საზოგადოების წარმომადგენლები თავად ისაუბრებენ და იკამათებენ იმაზე, რა გაკეთდა და რა - ვერა.

- ივანიშვილი თავის წერილში "ნაცმოძრაობის" გარდა არც ერთ სხვა ოპოზიციურ ძალას არ ახსენებს...

- სხვა ოპოზიციური ძალები არ ჩანან და... ხანდახან თუ გამოჩნდებიან, ისინიც "ნაცმოძრაობას" უტევენ. სულაც არ მიკვ­ირს, რომ აქცენტს აკეთებს "ნაციონალურ მოძრაობაზე", რომლის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაც მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, პრობლემაა ის, რომ პოლიტიკური ძალებისთვის­ მთავარ ოპონენტად "ნაციონალური მოძრაობა" რჩება. ქართველებს ოპოზიციაშიც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი გვჭირდება. ამის დეფიციტი ნამდვილად იგრძნობა.

- "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე რას ფიქრობთ?

- "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროც­ესებს თვალს ვერ ვადევნებ, მაგრამ ეჭვი მეპარება, ყველაფერში მართლები­ იყვნენ. ბევრჯერ მომისმენია "რუსთავი 2"-ისგან და­უმსახურებელი კრიტიკა და ლანძღვა-გინება არაერთ კარგ ადამიანზე. ვიღაცამ თქვა, ჰიტლერს რომ "რუსთავი 2" ჰქონოდა, მეორე მსოფლიო ომს მოიგებდაო. ვეთანხმები.

- ნიკა გვარამია ამბობს, თუ სასამართლო პროცესს წავაგებთ, შენობიდან არ გამოვალთო.

- გვახსოვს ჩანაწერი, სადაც სა­აკაშვილი გვარამიას ეუბნება, შენობ­იდან არ გამოხვიდეო. ახლა არჩევნები ახლოვდება და ვითარება უფრო იძაბება. არაფრის გამორ­იცხვა არ შეიძლება, თუმცა ასეთი განცხადებები, მინიმუმ, თავხედობას ნიშნავს. გვარამია შეურაცხყოფას აყენებს სასამა­რთლოს, პრემიერ-მინისტრს. განა ეს შეიძ­ლება?!­ მით უფრო, რომ გვარამია­ წინა ხელისუფლების დროს ძალოვანი უწყების სახე იყო, ახლა კი უნდა დავიჯე­როთ, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის?!

- ზოგიერთის აზრით, თუ "რუსთავი 2"-ს მხარს არ უჭერ, ე.ი. პრორუსი ხარ...

- ასეთივე განცხადებები კეთდება მაშინაც, როცა ხელოვანები რუსეთში მიდიან და კონცერტებს მართავენ. როგორ შეიძლება პრორუსი დავუძახოთ ყველას, ვინც "რუსთავი 2"-ს მხარს არ უჭერს? ეს ძალიან მაგ­ონებს ლადო გუდიაშვილის ტილოს, რომელსაც "ტვინის ჭყლეტა" ჰქვია! სხვა, უკეთესი სახელი არ არსებობს.

- ახლახან ივანიშვილმა განაცხადა, ღარი­ბაშვილი წელიწადში ან 6 თვეში ერთხელ მოდიოდა და მეკითხებოდა, წასვლის დრო ხომ არ არისო. როგორ ფიქრობთ,­ ეს ნორმალურია?
- ძალიანაც ნორმალურია. იმის აზრი უნდა მოისმინო, ვისიც გჯერა.

- თქვენ თუ გაქვთ ვერსია, რატომ წავიდა­ თანამდებობიდან ღარიბაშვილი?

- ჩემი ვერსია მაქვს, მაგრამ სწორია თუ არა, არ ვიცი. ღარიბაშვილმა ერთსქესიანი ქორწი­ნ­ების მომხრეებს პირდაპირ უთხრა, ოჯახი მხოლოდ ქალის და მამაკაცის ერთობააო. ვფიქრობ, ამას შეეწირა.

ეკა ასათიანი
elguja
11 ივნისი 2016 19:01
წადი წაუცეკვე,მაგ პატხალიმობას ისევ ცეკვა ჯობია!
112
11 ივნისი 2016 13:33
ტყუილად კი არ გვაფრთხილებდა ჩვენი დიდი თანამემამულე ვაჟა ფშაველა "ოცნება ტვინს აჩლუნგებს"-ო,შედეგიც სახეზეა! ეტყობა ცოტა ზედმეტად იოცნება ბატონმა ჯემალმა მთავარი მეოცნების შემხედვარე,ისევე როგორც ბევრმა სხვამ - თავის საქმეში ნიჭიერმა ადამიანმა და თუ ასე გაგრძელდა ტვინდაჩლუნგებულთა რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გადალახავს.
შეჩერდით ბატონებო,მიატოვეთ ოცნება და მიხედეთ იმ საქმეს,რის გამოც ხალხი გაფასებთ,ნუ მიბაძავთ მთავარ მეოცნებეს იმ უბრალო მიზეზის გამო,რომ მასზე თქვენგან განსხვავებით ვაჟა ფშაველას დიაგნოზი არ ვრცელდება,ვინაიდან ტვინი რომ დაგიჩლუნგდეს ჯერ ეს ტვინი უნდა გაგაჩნდეს მაინც,საკითხავი მხოლოდ ის არის რომელი ორგანოთი ოცნებობს ეს კაცი,თუ იმ ორგანოთი,რომელიც ხალხურ გამონათქვამში ტვინის შემცვლელია,რა გითხრათ! ვაჟას ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
jemali
11 ივნისი 2016 12:20
ამ კაცს კარგად ვიცნობთ და დიდ პატივს ვცემთ გორელები, ერთია კითხვა მებადება, ბიძინას რომ ამართლებთ, რაც იყო ეკონომიური მდგომარეობა, ის დაეტოვა, აყვავებას რომ შეგვპირდა, სიღატაკე ჩამოაგდო, შვილიშვილი, ფრიადს რომ შეგპირდება ბატონო ჯემალ, სამი ხომ მაინც უნდა მიიღოს? მეორეა და არჩევნები მოდის, აღიაროს რომ არ იყო სათანადო კადრები საქართველოში, ამიტო ჩავარდა მისი გეგმა და ეძებს უკეთეს კადრებს, ამის ნაცვლად კიდევ უარესად გვაბოლებს, მე სხვაზე მეტად ვიბრძოლე ოცნების მოყვანისთვის, მაგრამ გაბედოს ვინმემ გორში და თქვას რომ ან სამსახური მოვითხოვე, ან თანხა.
ჯემალი ვათიაშვილი,გორიდან.

რედაქტორის რჩევით