"ქართული საკითხი" ბრიუსელის ლაბირინთში - ვინ აფერხებს უვიზო რეჟიმის შემოღებას საქართველოსთვის?! - კვირის პალიტრა

"ქართული საკითხი" ბრიუსელის ლაბირინთში - ვინ აფერხებს უვიზო რეჟიმის შემოღებას საქართველოსთვის?!

"ყველა თანხმდება, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები"

"საქართველო ევროპაში პოლიტიკური გამოწვევების მსხვერპლი გახდა..."

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER) საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება მეორედ ვერ მიიღო - COREPER-ი, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების ელჩებს აერთიანებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი რგოლია. ის საკითხებს მინისტრთა საბჭოს წინაშე წარსადგენად ამზადებს. რატომ ფერხდება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება, დეტალების გასარკვევად რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს, რიკარდ იოზვიაკს ბრიუსელში დავუკავშირდით:

- მთავარი მიზეზია იმიგრაციის შიში, რის გამოც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე მეორედ ვერ შეთანხმდნენ. სწორედ ამ მიზეზით ყოვნდება პროცესი თურქეთის, კოსოვოსა და უკრაინისთვისაც, თუმცა, COREPER-ი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დანარჩენი ქვეყნებისგან განცალკევებით მსჯელობს. მართალია, ევროკომისიამ ჩათვალა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი უკვე დააკმაყოფილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, ამჯერად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შს მინისტრების საბჭომ უნდა მიიღოს - მათი თანხმობის გარეშე საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შემოღება ვერ მოხდება. მეორე ორგანო, რომლის გადაწყვეტილებაც აუცილებელია, ევროპარლამენტია, სადაც ზაფხულის არდადეგებამდე ბოლო სხდომა 4-7 ივლისს გაიმართება და ეს ორგანო შუა სექტემბრამდე აღარ შეიკრიბება.

- როგორც ითქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე სიფრთხილის გამოჩენისკენ დანარჩენ სახელმწიფოებს გერმანიამ მოუწოდა. რატომ?

- გერმანია და საფრანგეთი იყვნენ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოსთვის ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმის შემოღებას შეეწინააღმდეგნენ. განსაკუთრებით გერმანია ფრთხილობდა - ამ ქვეყნის წარმომადგენლების აზრით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ნაჩქარევი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ევროპა მძიმე მიგრაციული პრობლემების წინაშე დგას. როგორც მოგვიანებით ბრიუსელში ითქვა, გერმანიას ქართველ კრიმინალებთანაც აქვს პრობლემები - ერთ-ერთმა დიპლომატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა კიდეც, რომ გერმანიაში მოქმედ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებში საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

- ამ საკითხზე გერმანიაში შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აპრილში ვიზიტით იმყოფებოდა და ერთი შეხედვით, ყველა კითხვას პასუხი გაეცა, ამასთან, ევროკომისიამ დაადასტურა და ევროკავშირში არავინ უარყოფს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა.

- ყველა თანხმდება, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. ის, რომ ევროპაში მიგრაციის პრობლემა მწვავედ დგას, საქართველოს ბრალი ნამდვილად არ გახლავთ. უბრალოდ, გადაწყვეტილება უკრაინისა და თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლაზეც მისაღებია - ვფიქრობ, ამ ეტაპზე საქართველო ევროპაში პოლიტიკური გამოწვევების მსხვერპლი გახდა, თუმცა ქვეყანა უახლოეს მომავალში ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მიიღებს. ეს მხოლოდ დროის ფაქტორზეა დამოკიდებული.

- პოლიტიკური გადაწყვეტილების შეფერხების მიზეზი ხომ არ გახდა საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესები?

- ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია. ეს საკითხები ერთმანეთთან კავშირში არ გახლავთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას ივლისში მიიღებს, მისი ამოქმედება კი სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება. მოგეხსენებათ, საბოლოო გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს, სადაც ევროპის სახალხო პარტია სოლიდურად არის წარმოდგენილი. ისიც ცნობილია, რომ ეს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მოსაზრებებს ითვალისწინებს. მათი ზოგიერთი წარმომადგენლისგან მსმენია, რომ არჩევნებამდე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ხელისუფლებისთვის დაუმსახურებლად გადაცემული საჩუქარი იქნება, თუმცა ჯამში, ევროკავშირი თანხმდება, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს.

ზვიად დევდარიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA-ს გენერალური დირექტორი: - ევროპის რამდენიმე სახელმწიფო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას სკეპტიკურად განსაკუთრებით მიგრაციული პრობლემის გამწვავების შემდეგ უყურებს, თუმცა აქტიური მხარდამჭერებიც გვყავს. საქართველოს საკითხზე გაჭიანურებულ პროცედურებს კი ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაემთხვა - ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის სხვა სახელმწიფოებისთვის მინიჭებაზეც მსჯელობს და მიგრაციის კრიზისი მძიმე პრობლემად რჩება.

მიგრაციული კრიზისის გამო ევროპა ბევრად ფრთხილი გახდა - დაიწყეს ფიქრი, როდესაც საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს, თავად რამდენად მომზადებული დახვდებიან ამ პროცესს. სწორედ ამიტომ დაიწყო მუშაობა სავიზო ლიბერალიზაციის მარტივი წესით შეჩერების მექანიზმის ჩამოყალიბებაზე. არა მგონია, ამ შეთანხმებამ დიდი დრო წაიღოს, როგორც კი სავიზო რეჟიმის მარტივი წესით შეჩერებაზე გადაწყვეტილება იქნება, ჩვენი საკითხიც გადაწყდება. ვიმეორებ, არავის უთქვამს, რომ ევროპამ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინჭება გადაიფიქრა. ბუნებრივია, ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის დღის წესრიგს არ ცვლის - ჩვენ უნდა გვქონდეს ე.წ. გეგმა B, რაც პარტნიორების მაქსიმალურ გააქტიურებას გულისხმობს. უნდა ჩავრთოთ უმაღლესი თანამდებობის პირებიც, რომ სკეპტიკურად განწყობილი სახელმწიფოები ჩვენში უფრო მეტად დავარწმუნოთ. მხოლოდ ვალდებულებების წარმატებით შესრულება საკმარისი არ გახლავთ - ევროკავშირს მყარი არგუმენტები სჭირდება, რომ ქვეყანაში დემოკრატია არსებობს, ადამიანების უფლებები დაცულია და წინასაარჩევნოდ არც სამართლიან გარემოს ექმნება საფრთხე.

მიხეილ ჯანელიძე: "ევროპაში მიგრაციის საკითხი მწვავედ დგას, თუმცა..."

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე: - საქართველომ დაკისრებული ყველა ვალდებულება და რეფორმა წარმატებით შეასრულა. ევროპაში მიგრაციის საკითხი მწვავედ დგას, თუმცა ამ პრობლემის საქართველოსთან დაკავშირება რელევანტური არ გახლავთ. საქართველო ევროპისთვის ვიზის თვალსაზრისითაც სანდო პარტნიორია. ჩვენ ვაგრძელებთ ევროპელ პარტნიორებთან მუშაობას. რაც შეეხება ქვეყნის შიდა საკითხებს, ეს ნამდვილად არ გახლავთ ვიზალიბერალიზაციასთან კავშირში - ქვეყანაში ყველა მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს. საქართველო სამაგალითოა დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისითაც. ასე რომ, კითხვები ამ მიმართულებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ ევროკავშირი ხაზს გაუსვამს, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა.

რუსუდან შელია