"მინდა ვირწმუნო, რომ პრეზიდენტმა ამ ტერმინით ხუმრობა სცადა..." - კვირის პალიტრა

"მინდა ვირწმუნო, რომ პრეზიდენტმა ამ ტერმინით ხუმრობა სცადა..."

"სადაც "ნაციონალები" არიან, ყოველთვის არის ჩხუბი"

პირველად ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები ისე გაიზიარა, ვეტოს დაძლევაზე არც კი უზრუნია, თუმცა, ჰქონდა თუ არა რესურსი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მარგველაშვილის შენიშვნები არ გაეზიარებინა და ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები მოეგროვებინა, "კვირის პალიტრის" კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე პასუხობს:

- პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებით კარგ პოლიტიკურ პრაქტიკას ვაყალიბებთ. ყველას საერთო მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მეტი გარანტიების შექმნაა. შესაბამისად, შევძელით, პოზიციები დაგვეახლოებინა და კონსულტაციების შედეგად ძირითად საკითხებზე შევჯერებულიყავით. აღსანიშნავია, რომ საკითხები, რაც საქართველოში ჩვენს ოპონენტებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"ორგანულ კანონში არ მოსწონდათ, ვენეციის კომისიის მიერ დადებითად შეფასდა. კომისიამ, გარდა შენიშვნებისა, პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებები 5 საკითხში მოიწონა.

- პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმების მოგროვებას შეძლებდით? ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თავად პრეზიდენტის შენიშვნებში აღარ იყო ვენეციის კომისიის სხვა რეკომენდაციები გათვალისწინებული, რის გამოც, ითქვა, რომ პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული გარიგებაც შედგა.

- პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ზუსტად იმავე რაოდენობის ხმა იყო საჭირო, რამდენიც აღნიშნული ორგანული კანონის მისაღებად დაგვჭირდა. ჩვენი მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს მეტი დამოუკიდებლობისა და უფრო ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა გახლდათ და არა ვეტოს დაძლევა. რაც შეეხება გარიგებაზე საუბარს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ქვეყნისა და ამომრჩევლის წინაშე პარლამენტისა და ზოგადად, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია. მაშინ, როდესაც არასამთავრობო სექტორს ასეთი პასუხისმგებლობა საერთოდ არა აქვს აღებული თავის თავზე. არასამთავრობოებს ხალხი არაფრით ავალდებულებს და არ ირჩევს.

არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხელისუფლების ნებისმიერ პოზიციას პირდაპირ ეწინააღმდეგება.

კანონში ვენეციის კომისიის შენიშვნები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. არასამთავრობო სექტორის ნაწილს კი სხვა ტიპის შენიშვნებიც ჰქონდა. როგორც ვიცი, მათი და ვენეციის კომისიის შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.

- პრეზიდენტმა განაცხადა, მმართველ კოალიციაში მოძველბიჭო ჯგუფები არიანო...

- მინდა ვირწმუნო, რომ პრეზიდენტმა ამ ტერმინის გამოყენებით ხუმრობა სცადა. ჩვენი მიზანია მომავალი არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი გარემო უზრუნველვყოთ. კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით კი მკაცრი რეაგირება სახეზეა - რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ და ერთმნიშვნელოვნად დავგმეთ ეს პროცესი.

- კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ. ფიქრობთ, ეს ადეკვატური სასჯელია?

- 22 მაისს არჩევნები შვიდ ოლქში გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ყველგან წარმოდგენილი იყო, მაგრამ არეულობა სხვა ოლქებში არ მომხდარა. ეს ინციდენტი მხოლოდ იქ დაფიქსირდა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ოდიოზური პირები იყვნენ ჩართული. სადაც ისინი არიან, მსგავს მომენტებში ყოველთვის არის ჩხუბი, დავიდარაბა და არეულობა. საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ ბუნებრივად დამებადა შეკითხვა, რატომ მოხდა ისე, რომ დამნაშავეები მხოლოდ "ქართული ოცნების" მომხრეებს შორის აღმოჩნდნენ, მაშინ, როცა მსოფლიომ დაინახა, რომ ამ ინციდენტში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ და მოწინააღმდეგე მხრიდან არც ერთი სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილად არ გამოცხადდა და ბრალი არ წარედგინა? მე ყველა იმ პირის დაკითხვას მოვითხოვდი, ვინც კადრებში იყო.

- იყო თუ არა "ქართული ოცნების" შეცდომა საარჩევნო უბანზე სპორტსმენების გაგზავნა და რა მექანიზმები შეიმუშავეთ, რომ მსგავსი ინციდენტი ოქტომბრის არჩევნებზეც არ განმეორდეს?

- არ მჯერა, რომ კორცხელის ინციდენტი დაგეგმილი და ხელოვნურად ინსპირირებული არ იყო. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილება ვერ შევძელით. მსგავსი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, პრემიერ-მინისტრმა ინციდენტის მეორე დღესვე დაავალა მთავრობას, შეემუშავებინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კანონი ამ მიმართულებით უფრო გამკაცრდება.

ხელისუფლების ინტერესებშია, არჩევნების მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება. "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნები ყველა დამკვირვებლის მიერ შეფასდა, როგორც დამოუკიდებელი და მაღალი სტანდარტების დაცვით მიმდინარე პროცესი. დარწმუნებული ვარ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიც სამაგალითოდ წარიმართება.

- საარჩევნო კამპანია მალე დაიწყება, თუ დაასრულეთ სიაზე მუშაობა და როდის წარუდგენთ მას საზოგადოებას?

-"ქართული ოცნების" საარჩევნო სია ბევრი ახალი სახით და პროფესიონალით იქნება დაკომპლექტებული. დანარჩენ დეტალებზე მოვლენებს წინ არ გავუსწროთ.

- წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად აქტიურად ჩაერთვება და რეგიონებში გასვლასაც აანონსებს. იქნება თუ არა მისი ფაქტორი გადამწყვეტი? მისი არჩევნებში ჩართვა იმიტომ ხომ არ გახდა აუცილებელი, რომ პარტია დამოუკიდებლად ვერ გაიმარჯვებს?

- ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელია. მას ჩვენი მოქალაქეების დიდი ნდობა აქვს. ბუნებრივია, პარტია მის გადაწყვეტილებას მიესალმება - ბიძინა ივანიშვილი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე. დიახ, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

რუსუდან შელია