"თამარ სანიკიძეს სერიოზულ ფიგურად აღარავინ აღიქვამდა" - კვირის პალიტრა

"თამარ სანიკიძეს სერიოზულ ფიგურად აღარავინ აღიქვამდა"

"ალექსანდრე ჯეჯელავას მთავარი გამოწვევა ექნება - მნიშვნელოვან ცვლილებებზე დაიყოლიოს მთავრობა"

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა და ის ალექსანდრე ჯეჯელავამ შეცვალა. ალექსანდრე ჯეჯელავა მართვის აკადემიას ხელმძღვანელობდა და ზოგადი მენეჯმენტის, გაყიდვების მართვის, დროის მართვის და პროექტების მართვის მიმართულებით სალექციო კურსს კითხულობდა. თავის დროზე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ადამიანური რესურსების დარგში თი-ბი-სი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

ყოფილმა განათლების მინისტრმა ამ ცვლილებას "ლოგიკური, მარტივი და არგუმენტირებული" უწოდა. "იწურება 4 წელი განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების ფონზე და მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმები შეფასდეს და შემდეგი ოთხი წელი დაიგეგმოს. აქედან გამომდინარე, უპრიანია, რომ დამოუკიდებელი თვალით იქნეს დანახული და შეფასებული ის შედეგები, რომლებიც ამ 3-4 წლის განმავლობაში მოხდა. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი სისტემის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებაში. ვფიქრობ, ეს გონივრული გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ. თუმცა, როგორც ჩანს, პრემიერის გადაწყვეტილება მისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან უახლოეს დღეებში აშშ-ში ვიზიტით წასვლას გეგმავდა. რატომ გაათავისუფლეს განათლების მინისტრი და რა კულუარული ვერსიები ვრცელდება, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია ესაუბრა.

- თამარ სანიკიძეს სერიოზულ ფიგურად ან დამოუკიდებელი ხედვების მქონედ აღარავინ აღიქვამდა. ცვლილების მეორე მიზეზი, ალბათ, მისი არაპოპულარული ქმედებებია. ამიტომ ამ წინასაარჩევნო პერიოდში განათლების მინისტრად მისი დატოვება ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ იყო.

- თამარ სანიკიძის რომელმა მოქმედებებმა გამოიწვია უკმაყოფილება?

- არიან ჯგუფები, რომლებსაც არ მოსწონდათ სამოქალაქო ან უმაღლეს განათლებაში მისი პოლიტიკა. გარდა ამისა, სხვადასხვა საგამომცემლო ჯგუფი გაღიზიანდა იმის გამო, რომ თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით სახელმძღვანელოების გამოცემას ჩამოაშორეს. მათ ემატებათ სკოლების მოხსნილი დირექტორები, რომლებიც მეტწილად სრულიად დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს. დირექტორების გარდა, ბევრია სამსახურიდან დაუმსახურებლად დათხოვნილი. ცხადია, სანიკიძე დამოუკიდებლად არ იღებდა ასეთ გადაწყვეტილებებს, თუმცა ახლა ეს არავის აინტერესებს. ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წამოწყება იყო ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსება, სადაც მთავარი მოთამაშეები იყვნენ გიორგი კვირიკაშვილი, გია დვალი და ბიძინა ივანიშვილი, განათლების მინისტრი კი არსად ჩანდა. ის თითქოს მის საკურაციო სფეროდან გაიყვანეს.

- ახალ მინისტრზე რას გვეტყვით?

- თამარ სანიკიძის შესახებ, ვიდრე ის მინისტრი გახდებოდა, არავინ არაფერი იცოდა. ამ მხრივ ბატონ ალექსანდრეს და მას შორის დიდი განსხვავებაა. ახალი მინისტრი ადრე ცდილობდა, აქტიური ყოფილიყო, კონფერენციებზე გამოსულიყო, ვიდეოლექციები ჩაეწერა. მას თანამედროვე ხედვები აქვს, თუ როგორ შეიძლება განათლების სისტემის მართვა. ეს ყველაფერი კარგია, თუმცა დანარჩენი მომავლის საქმეა. მისთვის, ალბათ, ყველაზე ძნელი იქნება, თავისი იდეების გარშემო ხალხი გააერთიანოს. ალექსანდრე ჯეჯელავას მთავარი გამოწვევაც ექნება, კერძოდ, ის, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებზე მთავრობა დაიყოლიოს.

- თქვენი პროგნოზით, ჯეჯელავა პრემიერის მოლოდინს რამდენად გაამართლებს?

- არ ვიცი, ზოგიერთი ჯგუფისთვის ჯეჯელავას განათლების მინისტრად დანიშვნა პოზიტიური მოვლენაა. ეს ეხება მათ, ვისაც უნდა, რომ განათლების სისტემა უფრო თანამედროვე გახდეს. მათი აზრით, წინა მინისტრი ბევრს ვერაფერს აკეთებდა, იყო მუდმივად შეშინებული, გაუბედავი, საზოგადოებას ახალს არაფერს სთავაზობდა. ალექსანდრე ჯეჯელავა კი, მისგან განსხვავებით, თანამედროვე კონცეფციებს იცნობს.

ეკა ასათიანი