ზურაბ ნაყეური: "ეს იყო შანტაჟის მცდელობა!" - კვირის პალიტრა

ზურაბ ნაყეური: "ეს იყო შანტაჟის მცდელობა!"

გიორგი ისაკაძე: "ბევრ საინტერესო პერსონაზე ვისაუბრებ"

"სამწუხაროდ, ტოქშოუ "მაესტროს ფაქტორში" არავინ დაგვიძახა"

ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელობის მიერ "ბიზნესკონტაქტის", "საქმიანი დილისა" და "ანალიტიკის" პროექტების დამაარსებლისა და მენეჯერის, გიორგი ისაკაძის გათავისუფლებას რამდენიმე დღეში მისი გუნდის ოთხი წევრის უფლებამოსილების შეჩერება მოჰყვა. მიზეზად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ტოქშოუ "არჩევანში" მონაწილეობის მიღება დასახელდა. მოგვიანებით უფლებამოსილება შეუჩერდა ამ გადაცემების 32-ვე თანამშრომელს...

ელენე კვანჭილაშვილი, გადაცემა "ბიზნესკონტაქტის" წამყვანი: - ჩვენ "მაესტროზე" თითქმის ორწელიწად-ნახევრის მუშაობის განმავლობაში გიორგი ისაკაძეს ყოველთვის აღვიქვამდით ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტად. ამიტომ, ბუნებრივია, არ გვინდოდა, რომ მას დაეტოვებინა გადაცემა. შესაბამისად, ჩვენ წერილობით მივმართეთ არხის ხელმძღვანელ ზურაბ ნაყეურს და ავუხსენით, რომ თუკი გიორგი ისაკაძე არ დაბრუნდებოდა და მასთან არ აღდგებოდა საქმიანი ურთიერთობები, მაშინ მთელი გუნდი დავტოვებდით "მაესტროს", - დავწერდით განცხადებებს, შრომითი კანონმდებლობით რაც გვევალება, ვიმუშავებდით იმ დღეებს და მხოლოდ შემდეგ დავტოვებდით გადაცემას.

ამის შემდეგ არხის მენეჯმენტმა, როგორც კომპრომატი, გაასაჯაროვა გიორგი ისაკაძის მიერ მიწერილი ერთ-ერთი წერილი და თქვა, რომ გიორგი ისაკაძე მოითხოვდა ხელფასის მომატებას (5.000 ლარიდან 8.000 ლარამდე გაზრდას - ავტ). ამას მოჰყვა ის, რომ გიორგი ისაკაძემ "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "არჩევანის" ეთერით მიმართა ბატონ ზურაბ ნაყეურს და შესთავაზა, რადგან ფინანსური ნაწილი აღმოჩნდა მისი სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთი…მიზეზი, მზად იყო, ერთ ლარად ემუშავა. "რუსთავი 2"-ში, გადაცემა "არჩევანში" ჩვენს წასვლას არასამუშაო საათებში, თან 31 მაისს, მაშინ, როდესაც გიორგი ისაკაძე ჯერ კიდევ ჩვენი ხელმძღვანელი იყო (მას შრომითი ხელშეკრულება 1-ლი ივნისიდან უჩერდებოდა), მოჰყვა ჩემთვის, თამუნა ქემერტელიძისთვის - "ბიზნესკონტაქტის" პროდიუსერი, თელარა გელანტიასთვის - "ბიზნესკონტაქტის" ჟურნალისტი, და ბექა ბაციკაძისთვის - "საქმიანი დილის" წამყვანი, შრომითი უფლებამოსილების შეჩერება. შრომითი უფლებამოსილების შეჩერების ბრძანებაში ეწერა: ის ფაქტი, რომ ჩვენ გიორგი ისაკაძესთან ერთად "რუსთავი 2"-ზე, გადაცემა "არჩევანში" ვიყავით - სადაც ჩვენ ხმაც არ ამოგვიღია, უბრალოდ ვისხედით - გახდა "მაესტროსთვის" საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და შესაბამისად, ჩვენ შრომითი ხელშეკრულება შეგვიჩერეს. აღნიშნული იყო, რომ დაუშვებელია, ტელეკომპანია "მაესტროს" მოქმედ თანამშრომლებს გადაცემაში მონაწილეობა მიეღოთ მენეჯმენტთან შეუთანხმებლად. 31 მაისის მდგომარეობით გიორგი ისაკაძე იყო ჩვენი პროექტების ავტორი და მენეჯერი. ანუ ჩვენ უშუალოდ მენეჯერთან შეთანხმებით ვიყავით "რუსთავი 2"-ის ტოქშოუში. აქვე ჩადებული იყო ის აბზაციც, რომ ბორდმა განიხილა გიორგი ისაკაძის შეთავაზება ლარად მუშაობასთან დაკავშირებით და ამაზეც უარი თქვა.

ამას მოჰყვა ის, რომ ჩვენმა გუნდმა საღამოს გადაცემაში ჩვენივე ეთერით მიმართა ზურაბ ნაყეურს და უთხრა, რომ თითოეული მათგანი აპირებდა "რუსთავი 2"-ზე "არჩევანში" მონაწილეობის მიღებას. სხვებმა უბრალოდ, მოუცლელობის გამო ვერ შეძლეს წასვლა და თუკი ამის გამო არხის მენეჯმენტმა ჩვენ ოთხის მიმართ ასეთი ზომები მიიღო, მაშინ იგივე ზომები მიეღოთ მათ მიმართაც.

- რა გიპასუხეს?

- სანამ პასუხი იქნებოდა, ჩემმა თანაწამყვანმა სანდრო ვეფხვაძემ საღამოს "ბიზნესკონტაქტში" თქვა, რომ ვინაიდან გადაცემას აღარ ჰყავდა პროდიუსერი, ეთერის უწყვეტობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. ამ განცხადების შემდეგ, კვლავ პასუხის მოლოდინში, "საქმიანი დილა", რომელსაც, მართალია, ერთი წამყვანი გამოაკლდა, მაგრამ ჰყავდა პროდიუსერი, ჩვეულებრივად შეუდგა გადაცემის დაგეგმვას. სტუმრების ნაწილი შეითანხმა და გაიგო, რომ თურმე სამივე პროგრამა ამოიღეს ბადიდან და "ბიზნესკონტაქტის", "საქმიანი დილისა" და "ანალიტიკის" თანამშრომლებს, 32 ადამიანს, დროებით შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. საინტერესო აქ არის ის, რომ ამ 32 კაცში აღმოვჩნდით ჩვენ ოთხიც (მე, თამუნა ქემერტელიძე, თელარა გელანტია და ბექა ბაციკაძე), რომელთაც ერთხელ უკვე გვქონდა დროებით შეწყვეტილი შრომითი ხელშეკრულება.

- როგორ ფიქრობთ, თქვენს ტელევიზიაში წარმოქმნილი პრობლემების განსახილველად კონკურენტ ტელევიზიაში მისვლა სწორი იყო?

- ჩვენ ამაზე სიამოვნებით ვისაუბრებდით ჩვენივე არხზე, ტოქშოუ "მაესტროს ფაქტორში", მაგრამ "მაესტროს ფაქტორში" არავინ დაგვიძახა.

გიორგი ისაკაძე: - სამართლებრივი პროცესები უკვე დაწყებული მაქვს და შესაბამისად, არ ვაპირებ არც საქმიანი მიმოწერის და არც სხვა დეტალების გამომზეურებას. ვიდრე დაიწყებოდა ამ თემით აპელირება, მე დავაყენე საკითხი: თუ თქვენ მზად ხართ და მართლა არ გამოძრავებთ სხვა მიზეზები, მე, გიორგი ისაკაძე, ვაცხადებ, რომ გთავაზობთ, ერთ ლარად დავრჩე ამ გადაცემების ხელმძღვანელად, ოღონდ ამ ბავშვებმა და ამ პროექტებმა გააგრძელონ მაუწყებლობა, რაზეც 2 ივნისს უარი მივიღე.

- თქვენ, როგორც გუნდის ხელმძღვანელმა, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გუნდის წევრებთან ერთად წასულიყავით "რუსთავი 2"-ში, გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობის მისაღებად...

- მე არ ვთვლი, რომ ეს უხერხული იყო, ერთი მიზეზის გამო: "მაესტროს" საზიანო რაიმე ტიპის განცხადება იქ არ გაკეთებულა, მაგრამ თუ ტელეკომპანია "მაესტროს" მესვეურები, დამფუძნებლები, დირექტორი, თანამშრომლები, რაიმეს ცუდს ხედავენ ამაში, მათ აქვთ უფლება, მიმართონ სასამართლოს, როგორც ახლა ჩვენ ვიქცევით. მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს. არაერთხელ განვაცხადე, რომ 2016 წლის 30 მაისის ჩათვლით "მაესტროში" ორწლიანი მუშაობის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ფაქტი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისა. რაც 30 მაისის შემდეგ ხდება და ბევრი სხვა რამაც, უკვე სასამართლოს საქმეა, სადაც, ბუნებრივია, ჩემი არგუმენტები მექნება. ეს არ ეხება მხოლოდ "მაესტროსა" და მის მესვეურებს. ბევრ საინტერესო პერსონაზეც ვისაუბრებ, ოღონდ - მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოზე...

ზურაბ ნაყეური, არხის გენერალური დირექტორი: - გიორგი ისაკაძე ითხოვდა ხელფასის 3 000-ლარით გაზრდას, რისი ფინანსური საშუალებაც კომპანიას არ ჰქონდა. ასევე ითხოვდა "აუთსორზე" გასვლას და ა.შ. მეტიც, ის მიუთითებდა, რომ თუ არ დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნები, მაშინ სხვა ზომებს მიმართავდა. ასეთ დროს ნებისმიერი საღად მოაზროვნე დირექტორი სწორედ ისე მოიქცეოდა, როგორც მე. მის მოთხოვნებს საფუძველი არ გააჩნდა და ამის შესახებ გიორგი ისაკაძეს მივწერე კიდეც. ეს იყო შანტაჟის მცდელობა, რომელიც აუცილებლად უნდა აღმეკვეთა... 32 თანამშრომელს კი დროებით შევუჩერე უფლებამოსილება, რისი მიზეზებიც მე უკვე არაერთხელ განვმარტე.

- დროებით რამდენ ხანს?

- დღესვე დავაბრუნებ, თუ გამარკვევენ, ჩემთან რჩებიან თუ მიდიან.

- კომუნიკაციის პრობლემაა?

- უნდა ჩამოვყალიბდეთ.

- გიორგი ისაკაძის განცხადებით, ის მზად იყო "მაესტროსთან" 1 ლარადაც ეთანამშრომლა.

- რა ლოგიკაა იმაში, რომ კაცი ხელფასის გაზრდას მთხოვს, მოგვიანებით კი აცხადებს, რომ ერთ ლარადაც იმუშავებს. ეს აბსოლუტურად არალოგიკური შემთხვევაა.

ეკა სალაღაია