"ყოფილი კოლეგები მტრად განმიხილავენ"
06-06-2016
"ყოფილი კოლეგები მტრად განმიხილავენ"
"ქართული ოცნების" ყოფილი­ წევრი არმაზ ახვლედიანი­ სუს-ს თვალთვალსა და უკანონო მოსმენაში ადანაშაულებს:

- რამდენიმე ახლობელმა მითხრა, რომ სუს-ის წარმომადგენლებმა მიაკითხეს და უთხრეს, არმაზ ახვლედიანის ტელეფონი ისმინება, ამიტომ მასთან საუბრები და ურთიერთობა სახიფათოა, სამსახურშიც პრობლემები შეგექმნებათო. უცნაური ხმები მეც შემიმჩნევია ჩემს ტელეფონში. როდესაც კომპეტენტურ პირებს ვკითხე, მითხრეს, რომ ჩემი ტელეფონი ნამდვილად ისმინება.

- რატომ არ ასახელებთ ახლობლების ან სუს-ის წარმომადგენლების ვინაობას?

- მიზეზი ის არის, რომ შესაძლოა, ისინი ამის გამო უფრო
მძიმედ დაისაჯონ. არც იმის იმედი მაქვს, რომ პროკურატურა საქმეს გამოიძიებს და სუს-იც აღიარებს, უკანონოდ ვუსმენდიო.

- ფიქრობთ, ხელისუფლებისთვის იმდენად დიდ პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენთ, რომ თქვენი ახლობლების დაშინებაზე გადავიდა?

- მმართველ გუნდს რომ ჰკითხოთ, არც კი მიცნობენ, მაგრამ ამას ოქტომბერში ამომრჩეველი გადაწყვეტს. ჩემი ყოფილი კოლეგები არა
მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტად, მტრადაც კი განმიხილავენ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აჭარიდან მივიღებ, სადაც დიდი მხარდაჭერით ვსარგებლობ. "ქართულ ოცნებაში" მყოფი რეტროგრადები, მათ შორის, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე და პარტიის სხვა წევრი ქალბატონები თუ ბატონები ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, მათ თავს რამდენად დიდი უბედურება ტრიალებს - ამას ოქტომბერში ნახავენ.

არმაზ ახვლედიანის ბრალდებებს უსაფ­უძვლოდ მიიჩნევს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე:
- ამ ბრალდებების მიზანია ხელისუფლებისა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის - უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია. უსაფუძვლოდ გაკეთებულ ყველა განცხადებაზე მინისტრი გომელაური განმარტებებს ვერ გააკეთებს. რა თქმა უნდა, სუს-ს მოსმენის შესაძლებლობა აქვს, ასე ყველა სახელმწიფოში დანაშაულის გამოძიებისა და პრევენციისთვის, თუმცა ეს მხოლოდ კანონის ფარგლებში ხდება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები