"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას" - კვირის პალიტრა

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას"

როგორ აფასებენ ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებულ პროცესს საქართველოში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეები

"საქართველოს არგუმენტები, თუ რატომ იმსახურებს უვიზო მიმოსვლას, მყარია, ევროკავშირის პასუხი კი ბევრ კითხვას მიჩენს. ვერც მიგრაციასთან დაკავშირებული არგუმენტი ჩანს დამაჯერებელი"

ევროპა საქართველოს პროგრესს აღიარებს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას არ ჩქარობს და სავიზო რეჟიმის ე.წ. შეჩერების მექანიზმზე ჩამოყალიბებას ელოდება. "კვირის პალიტრა" დაინტერესდა, როგორ აფასებენ ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებულ პროცესს საქართველოში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეები, რას ფიქრობენ ისინი ჩვენს ქვეყანაზე, მათი აზრით, ვუქმნით თუ არა ევროპას საფრთხეს კრიმინალური თვალსაზრისით და ვიმსახურებთ თუ არა, გვერქვას ევროპის ნაწილი?

ამ კითხვებით თავდაპირველად საქართველოში მცხოვრებ ბრიტანელ მწერალს, ქეითი დევისს მივმართეთ, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს და ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებასაც კარგად იცნობს.

ქეითი დევისი, მწერალი: - ჩემი პასუხი ცალსახაა - საქართველო ვიზალიბერალიზაციას უპირობოდ იმსახურებს, თუმცა ისიც აუცილებელია, ხელისუფლებამ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი კრიმინალების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა შეძლოს. ამასთან, საზოგადოებას სჭირდება მეტი ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს ვიზალიბერალიზაციის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არგუმენტები ევროკავშირშიც აქტიურად ისმის, ვფიქრობ, საქართველოს საკითხის გაჭიანურება მხოლოდ კრიმინალურ საფრთხეს არ უკავშირდება. აქ პოლიტიკური ნაწილიც უნდა გამოვყოთ. ბუნებრივია, რუსეთ-გერმანიის ურთიერთობას ვგულისხმობ. შესაძლოა, გერმანიას არ სურს ვითარების დაძაბვა. ვფიქრობ, თუ საქართველო პოლიტიკური კონტექსტის გამო დაიჩაგრა, უსამართლობა იქნება. საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ვცხოვრობ, მეუღლე ქართველი მყავს და კარგა ხანია, შემიყვარდა ქართული კულტურა, საქართველოს ისტორია და ბუნება. სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ ქვეყანაში ცხოვრებისა. ამიტომაც ვიზალიბერალიზაციაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მეც მოუთმენლად ველოდები.

საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს ხორვატიელი ელვირა ანგალიც:

- საქართველოში რამდენიმე თვით ერთ-ერთ პროექტზე სამუშაოდ ჩამოვედი და გულწრფელად ვამბობ, ამ ქვეყანაზე დადებითი შთაბეჭდილებები ყოველდღიურად მიმძაფრდება. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად აღიარებს, რომ კრიმინალის თვალსაზრისით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მართალია, ეკონომიკურად ჯერჯერობით წელგამართული სახელმწიფო არ არის, მაგრამ ეს არ არის საფუძველი, ვინმემ იფიქროს, რომ ყველა ქართველი ევროპაში წასვლასა და იქ კრიმინალურ დაჯგუფებებში ჩართვას მოინდომებს. მეტიც, საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ და მხოლოდ პოზიტიური ენერგიით ვიმუხტები. კრიმინალს, როგორც რელიგიას, ეროვნება არ გააჩნია, ამიტომ მე მხარს ვუჭერ საქართველოს და როგორც ევროკავშირის მოქალაქე, დარწმუნებული ვარ, ის ევროპისთვის მომავალშიც სანდო პარტნიორი იქნება.

იტალიელი ლუკა ვერგერიო თბილისში იტალიის კულტურის ცენტრში მუშაობს და ისიც საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს:

- მე საქართველოს ვგულშემატკივრობ და ვიზალიბერალიზაციის პროცესშიც აქტიურად ვარ ჩართული - ყველა განცხადებას თვალს ვადევნებ. საქართველოს არგუმენტები, თუ რატომ იმსახურებს უვიზო მიმოსვლას, მყარია, ევროკავშირის პასუხი კი ბევრ კითხვას მიჩენს. ვერც მიგრაციასთან დაკავშირებული არგუმენტი ჩანს დამაჯერებელი. საქართველო ყველაზე სანდო პარტნიორია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირში გაერთიანებას ცდილობენ. საქართველო თურქეთზე სანდოც კია. კრიმინალზე აპელირება კი ისევ ევროპის პრობლემაა. გერმანიამ უპირველესად ქვეყნის შიგნით უნდა აამუშაოს შესაბამისი მექანიზმები და რეგულაციები. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, ამიტომ მე მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას.

ჩვენი რესპონდენტების აზრს საქართველოში მყოფი გერმანელი ჰანს ჰეინერ ბურიც იზიარებს: - რა თქმა უნდა, საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს, ამაზე გერმანიაში განსხვავებული აზრი არ არსებობს. კრიმინალზე აპელირებაც არასწორია. ეს ყველაფერი პოლიტიკური თამაშია - გერმანიას ამ მხრივ მეტი მუშაობა თურქეთთან სჭირდება და არა საქართველოსთან. მთელი ევროპა ღრმა კრიზისშია და შენგენსაც საფრთხე ემუქრება. ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურება საქართველოს შეცდომის შედეგი არ გახლავთ. ქვეყანას ამ ეტაპზე არ გაუმართლა - ეს არის და ეს. სამწუხაროდ, ეს გახლავთ რეალობა, თუმცა, იმედი მაქვს, ევროკავშირი საბოლოოდ მაინც გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

რუსუდან შელია