"ბიზნესმენებს ოპოზიციის დაფინანსების არ უნდა ეშინოდეთ" - კვირის პალიტრა

"ბიზნესმენებს ოპოზიციის დაფინანსების არ უნდა ეშინოდეთ"

"საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს, მაქსიმუმი გაკეთდა მის მისაღებად და სკეპტიკურად განწყობილი მხარეები ამაში უნდა დავარწმუნოთ"

ფიქრობს, რომ საქართველომ ყველა პირობა დააკმაყოფილა და ვიზალიბერალიზაციის მიღებასაც იმსახურებს, თუმცა პროცესის გაჭიანურებას ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებს უკავშირებს. შეძლებს თუ არა ქვეყანა დემოკრატიული ტესტის ჩაბარებას და როგორ განვითარდება მოვლენები წინასაარჩევნოდ, "კვირის პალიტრასთან" პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საუბრობს:

- ჩვენი პარტიის წევრი ვიქტორ დოლიძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ევროპიდან, სადაც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეხვდა. დღეს საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, თუმცა ევროპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის დარეგულირებაზეა დამოკიდებული. ეს საკითხი რამდენიმე თვეში დადებითად გადაწყდება, ამაზე ევროპაშიც არავინ დაობს.

- თქვენ არ იზიარებთ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს, რომ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ხელისუფლებამ არაკომპეტენტურად იმუშავა და პროცესზე გავლენა შიდა პროცესებმაც იქონია?

- ეს ის საკითხია, რომელზეც ყველას ერთი მთავარი მიზანი უნდა ამოძრავებდეს. საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს, მაქსიმუმი გაკეთდა მის მისაღებად და სკეპტიკურად განწყობილი მხარეები ჩვენს პოზიციებში უნდა დავარწმუნოთ. ვიზალიბერალიზაციის საკითხი ქვეყნის შიდა მოვლენებთან მიბმული ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა აუცილებელია, არჩევნები სამართლიანად, ხარვეზების გარეშე წარიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფულ შედეგს მივიღებთ და ეს ევროინტეგრაციის პროცესზეც პირდაპირპროპორციულად იმოქმედებს. ევროპა აკვირდება, რა განაჩენი დადგა ე.წ. კაბელების, ასევე "რუსთავი 2"-ის საქმეებზე და კითხვის ნიშნებიც უჩნდება. 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარების სტანდარტი დავამკვიდრეთ, ახლა ამ სტანდარტის უფრო დიდ სიმაღლეზე აყვანაა აუცილებელი - მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ დემოკრატიული საზოგადოება ვართ. ამაზე პასუხისმგებელი კი, პირველ რიგში, კვირიკაშვილია და არა ივანიშვილი ან კალაძე.

- პრემიერს რა ზომების გატარებისკენ მოუწოდებთ?

- კორცხელის ინციდენტი ქვეყნისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ორგანიზატორები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

ვიცი, კვირიკაშვილს სურს, ყველა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან გარემოში ჩაატაროს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროც დადგა - უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც არჩევნებში უშიშროებისა და სამართალდამცავების უხეშად ჩარევის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამასთან, ბიზნესმენებს არ უნდა ეშინოდეთ ოპოზიციური ძალების დაფინანსებისა, თუ სიმპათია აქვთ, კონტრიბუციის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

- დაასახელეთ მაგალითი, რომელი ბიზნესმენი ვერ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიას ხელისუფლების წნეხის გამო?

- ბიზნესმენებს ეს შიში სააკაშვილის მმართველობიდან ინერციით მოჰყვებათ, ბიზნესში კი მსგავსი თავისუფალი გარემო არასდროს ყოფილა. აუცილებელია, კვირიკაშვილმა საჯაროდ დააფიქსიროს, რომ ბიზნესმენებს არავინ გაუსწორდება ოპოზიციური პარტიების დაფინანსებისთვის, ეს ბიზნესს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.

- თქვენ პროკურატურასთან გამართული აქციის შემდეგ მორიგ აქციას 16 ივნისს აანონსებთ. ქუჩაში გამოსვლებით შედეგს მიაღწევთ?

- ციხეში უდანაშაულოების ყოფნა საზოგადოების შეურაცხყოფაა. 16 ივნისს ადვოკატები სარჩელს სააპელაციო სასამართლოში შეიტანენ, საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელია! შემდეგ რეგიონებში გადავინაცვლებთ და ხელმოწერებს შევაგროვებთ, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები გაათავისუფლოს. დარწმუნებული ვარ, ასიათასობით ქართველი პოზიციას დააფიქსირებს და პრეზიდენტიც დისკრეციას გამოიყენებს.

- გაქვთ რესურსი, რომ საზოგადოებრივი პროტესტის ქუჩაში აკუმულირება უზრუნველყოთ?

- თუ ყველანი ხელს არ გავანძრევთ, სრულ სტაგნაციამდე მივალთ. "ქართული ოცნების" ლიდერები საზოგადოებას ურცხვად არწმუნებენ, რომ ქარხნები შენდება, შემოსავლები გაიზარდა, დაუსაქმებელთა რიცხვი მცირდება, თუმცა მოსახლეობის რეალური ყოფა რადიკალურად განსხვავდება. დიდი ნაწილი დაუსაქმებელია და პერსპექტივის განცდაც აღარ აქვს. ამიტომ სურთ ტელევიზიების ჩახშობა, მაგრამ 21-ე საუკუნის საქართველოში დიქტატურა და ავტოკრატია აღარ დამყარდება. დღეს ივანიშვილი, ისევე როგორც სააკაშვილი, წარსულია, 8 ოქტომბრიდან ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან ჩვენი სწორი პოლიტიკით ამოვიყვანთ.

- თქვენი პარტიისადმი საზოგადოების მხარდაჭერა რომ შევაფასოთ, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა როგორ წარმოგიდგენიათ? მით უმეტეს, კონკურენტები გამოგიჩნდნენ პაატა ბურჭულაძისა და "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული ლიდერების სახით.

- ვნახავთ, ხალხი მხარს ვის დაუჭერს. ჩვენ ყველა ძალასთან ვითანამშრომლებთ ვინც ეკონომიკურ გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობ, მომავალ პარლამენტში პარტიებს მთავრობის შექმნაზე შეთანხმების მიღწევა მოგვიწევს.

- დაბოლოს, ქართულმა ასეულმა პოლონეთში "ანაკონდა 16"-ის წვრთნებში მონაწილეობა ვერ მიიღო, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიზეზი ჩუტყვავილა გახდა, რომელიც ორ სამხედროს აღმოაჩნდა. პარალელურად, ვრცელდება ხმები, რომ ქართველები წვრთნაზე არ დაუშვეს...

- სამწუხაროა, რომ მონაწილეობა ვერ მივიღეთ, თუმცა თავდაცვის მინისტრის განმარტებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამაჩნია. ეს ფაქტი ნატოში ინტეგრაციას ხელს არ შეუშლის, თანაც, მომავალში არაერთი სამხედრო წვრთნა გველოდება. არ უნდა შევქმნათ განწყობა, თითქოს ამ ფაქტის გამო რაღაც ფატალური მოხდა, პირიქით, ჯარის მომავალზე უნდა ვიფიქროთ.

რუსუდან შელია