"ივანიშვილის გააქტიურება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის გააქტიურება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება"

"ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მივიღებთ, შეფერხებაზე საუბარი კი ამ პროცესის შემადგენელი რგოლია"

"ოპოზიცია ეუთოს ანგარიშიდან იმ ეპიზოდებს იყენებს, სადაც მათივე განწყობაა ასახული..."

კორცხელის ინციდენტში საპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებებს "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კახა კალაძის დანიშვნით უპასუხა. რამდენად კარგი "კაპიტანი" იქნება ყოფილი ფეხბურთელი პარტიისთვის, ამას არჩევნების შედეგები გამოავლენს, მანამდე კი კითხვებს: ვის ვიხილავთ საარჩევნო სიაში და როდის წარუდგენს მას მმართველი პარტია საზოგადოებას? რა კავშირი ჰქონდა კორცხელის ინციდენტთან? - ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პასუხობს.

- საარჩევნო კამპანია დაიწყო, ოპოზიციამ რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატი უკვე წარადგინა, "ქართული ოცნების" სიაზე კი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მასში გიორგი კვირიკაშვილი და დიდი ალბათობით, მანანა კობახიძე იქნებიან. ამომრჩევლებისთვის კანდიდატების წარდგენას ხომ არ აგვიანებთ?

- პარტია ემზადება ისე, როგორც საჭიროა. ვეცდებით ამომრჩეველს გასაგებად ჩავაბაროთ ამ ოთხი წლის ანგარიში, პარალელურად, მომავალი ოთხი წლის რეალურ საფუძველზე აწყობილი სამომავლო გეგმაც გავაცნოთ და არა ფურცელზე დაწერილი დაპირებები, რასაც ჩვენი წინამორბედების დამსახურებით, ხალხი უნდობლად ხვდება. მხოლოდ დასაბუთებული პროგრამა გვექნება შემდგომი წლების შესახებ. რაც შეეხება სიას, საარჩევნო კამპანიისთვის დიდი დროა გამოყოფილი. ასე რომ, არც სიის დამუშავებას ვჩქარობთ, არც პრეზენტაციას.

- ითქვა, რომ საარჩევნო სიის სამეულში თქვენც განიხილებით. რა პრინციპით შეარჩევთ დანარჩენ წევრებს და ხედავს თუ არა გუნდი პარტიის განახლების აუცილებლობას?

- ცხადია, განახლება საჭიროა, 2012 წელს გუნდი სულ სხვა პოლიტიკურ რეალობაში შეიქმნა, ამჟამად განსხვავებული გამოწვევებია როგორც პარტიის, ისე ქვეყნის წინაშე. მოსახლეობასაც სხვა მოლოდინი აქვს, ამიტომ ცვლილებები ლოგიკურია და გადაადგილებებიც პრიორიტეტების გათვალისწინებით მოხდება. პირველ რიგში, პოლიტიკურად ეფექტიან გუნდზე ვზრუნავთ.

- საარჩევნო გარემოს სამართლიანობაზე თუ იზრუნებთ? ეუთოს ანგარიშში ხაზგასმით არის მითითებული ამომრჩეველზე შესაძლო ზეწოლაზე და საარჩევნო კანონმდებლობაზე, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მოთხოვნების მიუხედავად, ხელისუფლებამ არ შეცვალა.

- ეუთოს მისიასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ პრემიერმაც სთხოვა, არჩევნებზე დამკვირვებლების რაოდენობა მაქსიმალურად გაზარდონ. საქართველოში 26-29 აპრილს საჭიროების შემფასებელი მისია იმყოფებოდა, რათა წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის შედეგად გაეწია რეკომენდაცია ODIHR-ისთვის... გაიმართა შეხვედრები პარტიებთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებთან. ანგარიში მრავალფეროვანია და ამასთან, ასახავს პროცესების ხედვას ოპოზიციური პარტიების რაკურსიდან. მაგალითად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რა ნეგატიური ინფორმაცია მიაწოდა მისიას, ამ ნაწილის ტირაჟირებას ახდენენ... ანგარიშში დადებით ტენდენციებზეც არის საუბარი. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მაჟორიტარული ოლქების ცვლილება მოხდა, დიდწილად დაკმაყოფილდა არჩევითობის თანასწორობის პრინციპიც, გაიზარდა პარტიებისათვის გამოყოფილი საეთერო დრო და ფინანსური სანქციებიც დაკონკრეტდა. საარჩევნო კამპანიასთან, მედიასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით, დანარჩენი რეკომენდაციები ჯერ არ შესრულებულა, თუმცა პროცესში ვართ.

- სპორტსმენების "საარჩევნო ვოიაჟი" კითხვის ნიშნებს არ აჩენს?

- საარჩევნო კამპანიის პროცესში უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშიშროების ვარაუდი გამოითქვა არა შემფასებელი მისიის, არამედ პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ოპოზიცია ეუთოს ანგარიშიდან იმ ეპიზოდებს იყენებს, სადაც მათივე განწყობაა ასახული...

- კორცხელის ინციდენტზე პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, რომელიც პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს?

- ცხადია, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველა ის მოვლენა, რაც ქვეყანაში ხდება. ახალგაზრდების ზონდერებად გამოცხადება არასწორი ინტერპრეტაცია გახლდათ და მაშინვე განვაცხადე, რომ ისინი ჩვენი მხარდამჭერები არიან, ბევრი პარტიის წევრიცაა. რაც შეეხება მათ მობილიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები მხოლოდ კორცხელში არ მიმდინარეობდა, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემამ მშვიდობიანად, დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. მეტიც, ყველგან იყვნენ მობილიზებული როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა პარტიების აქტივისტები. ჩვენ უამრავი მხარდამჭერი გვყავს, სპორტსმენიც და სხვა პროფესიის წარმომადგენელიც. არავინ მალავს, რომ რთული პროცესია და ხარვეზებიც ახლავს. მთავარი საკუთარ შეცდომებზე სწავლაა.

- თუ შეცდომას ქვეყნისთვის გადამწყვეტ ეტაპზე - ვიზალიბერალიზაციის მინიჭების განხილვისას უშვებთ, ვინ უნდა აგოს პასუხი?

- შიდაპოლიტიკური ვითარება ვიზალიბერალიზაციის შეფერხებასთან კავშირში არ არის, ისე როგორც გერმანიაში, კრიმინალურ დაჯგუფებებში ქართველების რაოდენობაზე ლაპარაკი... ეს მრავალწახნაგოვანი, პოლიტიკური საკითხია. მთავარია, ჩვენი გუნდი როგორ მუშაობს ევროპაში, პარალელურად კი მოსახლეობაში იმ განწყობის შექმნაა აუცილებელი, რომ ამ შეფერხებით იზოლაციაში კი არ ვექცევით, არამედ ეს ევროინტეგრაციის პროცესში რიგითი პროცედურაა. მთავარია, საქართველოში იყოს დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე მორგებული საზოგადოება. ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მივიღებთ, შეფერხებაზე საუბარი კი ამ პროცესის შემადგენელი რგოლია. საქართველო ევროპაა და ეს არის ფაქტი, რომელსაც ჩვენი მენტალობითა და განვითარების სწორი გზით ყოველდღიურად გავამყარებთ.

- ივანიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება. იქნება თუ არა ყოფილი პრემიერი არჩევნებში გადამწყვეტი ფაქტორი?

- ცხადია, "ქართული ოცნება" ხომ ბიძინა ივანიშვილის შექმნილია, შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერებისთვის მისი გააქტიურება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.

რუსუდან შელია