"იმ პოლიტიკური ძალის მაჟორიტარი კანდიდატი ვიქნები, ვინც ეს პირველად შემომთავაზა..." - კვირის პალიტრა

"იმ პოლიტიკური ძალის მაჟორიტარი კანდიდატი ვიქნები, ვინც ეს პირველად შემომთავაზა..."

"დღეს რომ ისევ თბილისის მერი ვიყო, ზოგან მშენებლობის ნებართვას არ გავცემდი"

თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ვისთან მართავს ამ საკითხზე მოლაპარაკებას, როგორ აფასებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს და ამჟამინდელი მერის, დავით ნარმანიას მუშაობას? ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" ნიკო ლეკიშვილი ესაუბრა.

- არ არის გამორიცხული, პლეხანოვზე ვიყარო კენჭი. ჩვენს უბანში დიდი შეკრება იყო და ამ გადაწყვეტილების მიღება მთხოვეს. ისე, მე რაჭაზეც ვფიქრობდი... ალბათ, მაინც იმ უბანში ვიყრი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. შვიდმა პოლიტიკურმა ძალამ მთხოვა, მათი მაჟორიტარი კანდიდატი ვყოფილიყავი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.

- ჩვენ ვიცოდით, რომ "ქართული ოცნება" და პაატა ბურჭულაძის პარტია გთავაზობდათ, მათი კანდიდატი ყოფილიყავით...

- არა, სხვებიც არიან. პაატას დიდი ხანია ვიცნობ. ბევრი ღირსეული ადამიანია მის პარტიაში და ვფიქრობ, ეს ძალა პარლამენტში ბევრ დეპუტატს შეიყვანს.

- იქნებ გვითხრათ, რომელი პოლიტიკური ძალის მაჟორიტარი კანდიდატი იქნებით?

- ხომ გითხარით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ალბათ, იმ პოლიტიკური ძალის, ვინც ეს პირველად შემომთავაზა...

- ზოგიერთი თვლის, რომ ბურჭულაძის პოლიტიკური ძალა "ნაციონალების" დამფინანსებლებისგან ფინანსდება, საზოგადოების ნაწილის აზრით კი, ეს ძალა "ქართული ოცნების" მოკავშირე იქნება მომავალ პარლამენტში...

- წინასაარჩევნოდ რომელიღაც პარტიამ შეიძლება ოპოზიციური ნიშა დაიკავოს, თუმცა პარლამენტში ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს - ეს ჩვეულებრივი პროცესია. ჩემი ვარაუდით, დღეს ერთმანეთის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალები მომავალ პარლამენტში გაერთიანდებიან.

- როგორია დღეს "ქართული ოცნება" და მომავალ არჩევნებზე რა შანსი აქვს?

- რაც გაკეთდა, იმის დაუნახაობა არ შეიძლება. ხალხი შიშისა და წნეხისგან გათავისუფლდა. ადამიანებს ქონებას ძველებურად აღარ ართმევენ. კარგად ვიცი, ადრე რაც ხდებოდა. მაგალითად, ჩემი ახლობელი გააჩერეს რუსთაველზე, ჩააგდეს მანქანაში, წაიყვანეს ფინანსურ პოლიციაში და წილი დაათმობინეს. საგადასახადო სამსახური ბიზნესის დამტერორებელ ორგანიზაციად იყო ქცეული. ახლა ეს აღარ ხდება. დაფინანსდა სოფლის მეურნეობა, შეიქმნა ახალი სამსახურები, შეიძლება იმდენი არა, რამდენსაც ველოდით, მაგრამ რაღაც მაინც გაკეთდა. ვფიქრობ, ხალხიც ასე შეაფასებს, რაც არჩევნების შედეგებზეც აისახება.

- ე.ი. ყოფილი პრემიერის გახმაურებული წერილის პათოსს იზიარებთ...

- ვიზიარებ... თუმცა მე, მის ადგილზე, უფრო თვითკრიტიკული ვიქნებოდი. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მეტი უნდა გაეკეთებინა. სოფლის მეურნეობაშიც რამდენიმე კარგი კანონის მიღება შეიძლებოდა. მაგალითად, "ნაცმოძრაობამ" თავის დროზე უსინდისოდ გააუქმა კანონი, რომელიც ადგილობრივი წარმოშობის ღვინოებს განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებდა. ჩანს, მაშინ ეს ვიღაცის ინტერესებს ემსახურებოდა. ამჟამინდელ ხელისუფლებას შეეძლო, ამ საკითხისთვის ყურადღება მიექცია. კვირიკაშვილის პერსონას დადებითად ვაფასებ. ის კონსტრუქციული ადამიანია და სხვადასხვა ძალასთან შეუძლია ურთიერთობა.

- როგორც ყოფილი მერი, დავით ნარმანიას მუშაობას როგორ შეაფასებთ?

- ნარმანია ძალიან შრომისმოყვარეა. არის პრობლემები, რაც კვალიფიციური კადრების არარსებობით არის გამოწვეული. არსებობს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც სამუშაოს შესრულების ხარისხს აკონტროლებს, მაგრამ ეფექტიანი არ არის. ადრე არსებობდა სპეციალური სამსახური, რომელიც, მაგალითად, გზის დაგების პროცესს აკონტროლებდა, დღეს ის აღარ არსებობს. დღეს რა სიტუაციაა, ყველა ვხედავთ: ხშირად ერთსა და იმავე მონაკვეთზე გზა რამდენჯერმე იგება, რადგან სამუშაო უხარისხოდ არის შესრულებული. ზაჰესში ასფალტი ისე დააგეს, რომ ბორდიური არ ამოსწიეს, ე.ი. ბორდიურს დანიშნულება დაუკარგეს. ასეთი ხარვეზები არსებობს, თუმცა, ნარმანია შრომისუნარიანი კაცია.

- და რა არის მისი შრომისუნარიანობის შედეგი, რომელი წარმატებული პროექტი?

- წარმატებულ პროექტებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ეს კაცი სულ მოძრაობს და რაღაცას ცდილობს.

- წინა ხელისუფლების დროს ყოფილ მერს, გიგი უგულავას იმის გამო საყვედურობდით, რომ თბილისის განვითარება გენგეგმის გარეშე ხდებოდა. ამ თვალსაზრისით რამე შეიცვალა?

- გენერალური გეგმა 2000 წლამდე არსებობდა, მერე - აღარ და წინა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ შეეძლო ის ეკეთებინა, რასაც მოისურვებდა. ახლა თბილისს უკვე აქვს გენერალური გეგმა...

- მიუხედავად ამისა, მაინც გრძელდება ქაოსური, მახინჯი მშენებლობები...

- ამიტომაც საჭიროა ეფექტიანი ზედამხედველობის სამსახური. დღეს რომ ისევ თბილისის მერი ვიყო, ზოგან მშენებლობის ნებართვას არ გავცემდი. წინა ხელისუფლების დროს მიიღეს იდიოტური დადგენილება კოეფიციენტების მატების შესახებ. ამას მოჰყვა კამერული რაიონების გაუქმება. მაგალითად, მრგვალ ბაღთან პატარა კუნძული გვქონდა კერძო სახლებით. ახლა იქ უზარმაზარი კორპუსებია. ვაკის აუზთან ფეხით მოსიარულეთათვის შესანიშნავი პატარა დერეფანი იყო, სადაც უზარმაზარი სახლი დადგეს. მსოფლიოში: ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში და ა.შ. ხელუხლებელია კამერული რაიონები, სადაც 2-3-სართულიანზე მაღალი სახლების აშენება არ შეიძლება.

- და მაინც, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მომავალ არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი იქნებით. ჩანს, ეს პირველად ამ პოლიტიკურმა ძალამ შემოგთავაზათ...

- დიახ, პირველად მათ შემომთავაზეს.

ეკა ასათიანი