"კისერი უტეხიათ, თუ უნდათ, სტრასბურგში მიჩივლონ"
13-06-2016
"კისერი უტეხიათ, თუ უნდათ, სტრასბურგში მიჩივლონ"
დიმიტრი მოსულიშვილი: "შენ პროვოკატორი, მექრთამე, უსინდისო და ნაძირალა ხარ"

ალეკო ელისაშვილი: "შენ საზოგადოების მტერი ხარ, არაკაცი და არამზადა"


გასული კვირა საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილისთვის დაპირისპირებითა­ და შეხლა-შემოხლით დატვირთული აღმოჩნდა. ალეკო ელისაშვილმა­ მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი­ დიმიტრი მოსულიშვილი ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, - მთავარი არქიტექტორი არის ცნობილი მექრთამე, მთელი არქიტექტურის სამსახური გაიხრწნა მექრთამეობ­ითო. საპასუხოდ მოსულიშვილმა განაცხადა, რომ ელისაშვილმა საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა,­ რითიც შელახა მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთა
საქმიანი რეპუტაცია და ცილისწამებისთვის მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

ამის შემდეგ ელისაშვილი და მოსულიშვილი ერთმანეთს საკრებულოში დაუპირისპირდნენ. "შენ საზოგადოების მტერი ხარ, არაკაცი­
და არამზადა. შენ ციხეში უნდა იჯდე", - მიმართა ელისაშვილმა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს. მოსულიშვილმა­ კი მას "პროვოკატორი, მექრთამე,­ უსინდისო და ნაძირალა, ქალაქის­ და საზოგადოების მტერი" უწოდა. ამ შემთხვევაში საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა, მაგრამ იმავე საღამოს პირდაპირ ეთერში ელისაშვილმა და "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილმა წევრმა სოსო მანჯავიძემ ხელჩართული ბრძოლა გამართეს მოსულიშვილის "მექრთამედ" მოხსენიების გამო.

"კვირის პალიტრა" ალეკო ელისაშვილს დაუკავშირდა: - "რეკრეაციულ ზონა 1"-ში, ნუცუბიძის #26-ში, ე.წ. "ხრუშჩოვკის" წინ მდებარე სკვერში გაცემულია სამშენებლო ნებართვა. აქ სამშენებლო ნებართვის გაცემა არ შეიძლება, მხოლოდ საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობაა ნებადართული, არადა, მოსულიშვილმა ამგვარი ნებართვა გასცა. როცა საკრებულოში იყო მოსული, რამდენჯერმე მშვიდად ვურჩიე, - გააუქმეთ-მეთქი.
ნარმანიასაც ვთხოვე, ამ ხალხს ერთად შევხვდეთ-მეთქი, მაგრამ ცალ ყურში შეუშვა და მეორიდან გამოუშვა. არადა, ნუცუბიძის #26-ის მცხოვრებნი ამაოდ ცდილობენ მთავარ არქიტექტორთან და ნარმანიასთან შეხვედრას, წერილებს წერენ, მართავენ აქციებს. ეს 2 კვირაა, ინვესტორი ჩაარჭობს ბოძებს, ხალხი დამირეკავს და ამოაძრობს ბოძებს. არის ხელჩართული ბრძოლა. კიდევ ერთი დეტალი: სულხან ცინცაძის #63-ში (ყოფილი საბურთალოს ქ. #85. იპოდრომთან მდებარე ეკლესიის მახლობლად) მშენებლობის ნებართვაა გაცემული - კლდის მასივი უნდა მოიჭრას და აშენდეს 14-სართულიანი სახლი. ამ კლდის მოჭრა არ შეიძლება, რადგან საირმის ქუჩის მხრიდან იშლება და ნაშალი იქვე "ხრუშჩოვკას" აცვივა. მის" გასამაგრებლად საბურთალოს გამგეობა ნახევარ მილიონს ხარჯავს.­ გამაგრების ნაცვლად, კლდის დანგრევის ნებართვაა გაცემული. რაც მთავარია, მშენებლობის ნებართვაში მშენებლის მიერ 5 სართული არის მოპარული.

სულხან ცინცაძის #63-ში (ყოფილი საბურთალოს ქ. #85). კლდის მასივი უნდა მოიჭრას და აშენდეს 14-სართულიანი სახლი

- რას გულისხმობთ?

- საირმის ქუჩა მაღლაა, ცინცაძისა - დაბლა. პროექტში წერია, თითქოს ეს პროექტი ხორციელდება საირმის ქუჩიდან, ანუ ნულოვანი წერტილი საირმის ქუჩიდანაა. სინამდვილეში პროექტი ცინცაძის ქუჩიდან, დაბალი მხრიდან შენდება - პროექტს 5 სართული ემატება. შესაბამისად, იპარავენ და იტყუებიან. ამას კი ხელს აწერს არქიტექტურის სამსახური. თუ აქამდე ხალხს არავინ ეკონტაქტებოდა, ჩემი და მოსულიშვილის ჩხუბის შემდეგ შეატყობინეს, - ნარმანიასთან ხართ დაბარებულიო. მთავარ არქიტექტორს მაინცდამაინც უნდა ვაგინო, რომ ხალხს ყურადღება მიაქციონ?!

მოსულიშვილი ზოდელავას მერობის დროს მუშაობდა არქიტექტურის სამსახურში და პროფესიულ წრეებში ყველამ იცის, რომ იყო მექრთამე. ახლა მთავარ არქიტექტორად მხოლოდ იმიტომ დანიშნეს, რომ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ექსპერტის - ვასიკო მაღლაფერიძის სიძეა და ჩანს, რაც იცოდა, იმის კეთება განაახლა.

- მოსულიშვილი ამბობს, ელისაშვილმა ან წარმოადგინოს მერიაში კორუფციის დამადასტურებელი ფაქტები, ან საჯაროდ ბოდიში მოიხადოსო.

- მეტი რა ფაქტები უნდა - "რეკრეაციულ ზონა-1"-ში აქვს გაცემული სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ნებართვა. ფულს როგორ იღებს, ამის გარკვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეა. კი ბატონო, სარჩელი შეიტანოს, ოღონდ, სხვა მექრთამეების მსგავსად, ჩემთან ბრძოლის რიგში ჩადგეს. მე ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და კისერი უტეხიათ, თუ უნდათ, სტრასბურგში მიჩივლონ.

"კვირის პალიტრამ" არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, დიმიტრი მოსულიშვილთანაც სცადა დაკავშირება, მაგრამ არქიტექტურის სამსახურის პიარის თანამშრომელმა ქართლოს თეთრაულმა გვაუწყა, ბატონმა დიმიტრიმ თავისი სათქმელი ბრიფინგზე უკვე თქვაო.

ამის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილ წევრ სოსო მანჯავიძეს დავუკავშირდით:
- როდესაც დეპუტატი მაღალი თანამდებობის პირს ეთერში მექრთამეობაში ადანაშაულებს, ასეთ შემთხვევაში ან ერთი უნდა წავიდეს ციხეში, ან - მეორე. ეს ვთქვი ერთ-ერთ გადაცემაშიც, რამაც ელისაშვილი გააღიზიანა და ახლა მე დამწამა ცილი - თითქოს ფული შემიჭამია და ირმა ინაშვილს პარტიიდან გამოვუგდივარ. ირმა ინაშვილმა კი სოციალურ ქსელში ეს ფაქტი უარყო.

- ელისაშვილს არც მოსულიშვილისადმი ბრალდებებში ეთანხმებით?

- თუ ელისაშვილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ამჩნევდა, მიემართა პროკურატურისთვის. მსგავსი სიცრუის კამპანიაში ბატონი ელისაშვილი პირველად არ გახლავთ შემჩნეული.

ეკა სალაღაია
s.o.s
20 ივნისი 2016 13:41
ჯიგარი ხარ ალეკო ძმაო, ისე ცოტა უფრო კარგად უნდა მოგედო მაგისთვის ყბაში.მართალი კაცი ხარ ალეკო.
eko
18 ივნისი 2016 22:52
ერთი კაცის ხელით დაწერილი კომენტარები.ელისაშვილის ერთი პროცენტი რომ გქონდეთ ამ დღეში არ ვიქნებოდით,
kaxi
18 ივნისი 2016 20:11
ვეღარ გაძღენ არქიტექტურის სამსახურის ხალხი რას გავს თბილისი ყველგან 12-14 სართულიანი შენობები წამოჭიმეს, მალე მანქანით კი არა ფეხითაც ვეღარ გაივლის ადამიანი. საცობების გარდა კიდევ არის კანალიზაციის და სასმელი წყლის პრობლემები. გამწვანება ყველგან უარყოფილია, მთავარია სარფიანათ გაიყიდოს საცხოვრებელი და საოფისე ფართები. საბურთალოზე და ვერა-ვაკეში კი იყიდება კარგათ. მშენებელს თეთრი კარკასი 150 დოლარი უჯდება და 800 დოლარათ ყიდის. კარგ მოგებას ნახულობენ. თბილისი უსახურ ბეტონის მასას დაემსგავსა.

რედაქტორის რჩევით