"ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი, მაგრამ შემოთავაზებაზე უარს ვამბობ" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი, მაგრამ შემოთავაზებაზე უარს ვამბობ"

"სააკაშვილისგან შემოგვითვალეს: ან "რუსთავი 2"-ს დათმობთ, ან "ტრუსიკებით" დაგტოვებთო"

"გვინდა, არხი კრიტიკული იყოს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე მიბმული"

ოცდაორწლიანი არსებობის მანძილზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა არაერთი მფლობელი თუ ხელმძღვანელი გამოიცვალა. გავიდა წლები და "რუსთავი 2"-ის მფლობელის ვინაობა დღესაც სადავოა - სააპელაციო სასამართლომ საქალაქო მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ტელეკომპანიის წილების მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში აღიარა. რა ეტაპები განვლო ტელევიზიამ დაარსებიდან დღემდე, ტელეკომპანია""რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი იხსენებს:

- "რუსთავი 2"-ის ისტორია 1993 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მე, ჯარჯი აქიმიძემ და ეროსი კიწმარიშვილმა რუსთავში ტელევიზიის დაფუძნება გადავწყვიტეთ. მანამდე ეროსი და ჯარჯი გაზეთსაც უშვებდნენ, თუმცა მედიასაქმეში მაინც გამოუცდელები ვიყავით. ეთერში პირველად 1994 წლის 1-ელ ივნისს გავედით. სახელისუფლებო წრეები არხით პირველივე დღეს დაინტერესდნენ - აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდისთვის განსხვავებულ პროდუქტს ვქმნიდით. პირველად ჯერ კიდევ რუსთავში მაუწყებლობისას დაგვხურეს - მაშინდელი გუბერნატორი ლევან მამალაძე ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, თუმცა გაფართოება მოვახერხეთ და თბილისში გადმოვედით. თბილისში პირველად ანძის დირექტორმა დაგვირეკა, უნდა გაგთიშოთო. მას შემდეგ უშიშროება გვატერორებდა...

- თუმცა 2003 წელს გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად გამოცხადდით.

- 2004 წლის დასაწყისში დამფუძნებლების ხედვები ერთმანეთს აღარ დაემთხვა. მე და ჯარჯი ვფიქრობდით, რომ კრიტიკულ ტელევიზიად უნდა დავრჩენილიყავით, ეროსი მიიჩნევდა, რომ ახალ ხელისუფლებას მხარში უნდა ამოსდგომოდა. ასე რომ, ეროსისთან კონტაქტი 2004 წლის მარტში გავწყვიტეთ, ორი თვის განმავლობაში ერთმანეთს არც კი შევხმიანებივართ. ერთხელ ეროსიმ დამირეკა, სააკაშვილს ჩვენთან ტელევიზიის მომავალზე საუბარი სურსო. ვუპასუხე, რომ სააკაშვილთან საუბარს არ ვაპირებდი. მერე ვანო მერაბიშვილსა და ზურა ადეიშვილთან დალაპარაკებას გვთავაზობდნენ. 29 მაისს ეს შეხვედრა შედგა, სადაც ტელევიზიის დათმობა შემოგვთავაზეს. სიმბოლურ ერთ დოლარს ახსენებდნენ და ასეთი წინადადება ჰქონდათ - ეროსი დარჩება, შენ და ჯარჯი ტელევიზიიდან წადითო. საუბარი დავასრულეთ და კარი გამოვიჯახუნეთ. ამის შემდეგ ორი მანქანა მუდმივად დაგვყვებოდა, გვისმენდნენ, შავნიღბიანი პირები გვითვალთვალებდნენ. ადეიშვილს დავურეკე, რა ხდება-მეთქი? არაფერი ვიციო... მოგვიანებით შევხვდი და მითხრა, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდით და პრობლემა არ იქნებაო. როდესაც ჩვენი დათანხმება არ გამოუვიდათ, გაკოტრების მექანიზმი ამოქმედდა. მართალია, 2004 წლის თებერვალში ტელეკომპანიას დავალიანება ჰქონდა, მაგრამ ეს გაკოტრების მიზეზი ნამდვილად არ იყო. არ ვიცი, როგორ, თუმცა 2004 წლის მაისში დავალიანება ათჯერ, დაახლოებით 9 მილიონამდე გაიზარდა. ერთმა თანამშრომელმა დამირეკა, ქიტოშვილი (ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე), ბუღალტერიაში რაღაც ქაღალდებზე მუშაობსო. მთავარი პრობლემა იყო ისიც, რომ MDLF-ისგან მიღებული სესხის გარანტად ჩვენი მეორე კომპანია "ჯორჯიან ონლაინი" იყო ჩადებული, ასევე ჩემი და ჯარჯის სახლები. სააკაშვილისგან შემოგვითვალეს: ან "რუსთავი 2"-ს დათმობთ, ან "ტრუსიკებით" დაგტოვებთო.

- ქიბარ ხალვაში როდის გამოჩნდა?

- აღმოჩნდა, რომ ტელევიზია ვინმე პაატა კარსანიძისთვის უნდა გაგვეფორმებინა, რომელიც ბათუმში "ხრუშჩოვკაში" ცხოვრობდა და, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ კომპანიის მფლობელი აღმოჩნდებოდა. მეორე დღეს ნოტარიუსთან ხალვაში დაგვხვდა, გვითხრეს, კარსანიძე აღარ არის მფლობელი, ახალი მესაკუთრე ხალვაშიაო. ქიბარმა მე და ჯარჯის გვითხრა, თქვენს ფინანსურ ვალდებულებებს მე ავიღებო. ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 1.200.000-ის ვალდებულებისგან ვთავისუფლდებოდით და სესხს ის დაფარავდა. ცოტა ხანში კი ტელევიზიით ვიგებ, რომ ხალვაშიც იმავე სისტემის მსხვერპლი აღმოჩნდა - ბიზნესი დაუწვეს და ქვეყნიდანაც გააქციეს.

- ითქვა ისიც, რომ ქიბარ ხალვაშმა 7 მილიონი ეროსი კიწმარიშვილსაც გადაუხადა...

- ქიბარმა მეც მითხრა, ეროსის 7 მილიონი გადავუხადეო, მაგრამ მტკიცებულებაა მნიშვნელოვანი და არა ზეპირი საუბარი. ეროსი ამტკიცებდა, ქიბარს არაფერი მოუციაო, მაგრამ კითხვა ჩნდება - თუ ეროსის ტელევიზია იძულებით წაართვეს, ჩვენგან განსხვავებით, მას პრობლემები რატომ არ ექმნებოდა? პირიქით, სავაჭრო პალატის ხელმძღვანელად დანიშნეს, მოგვიანებით რუსეთში საქართველოს ელჩიც გახდა.

- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელევიზიის მესაკუთრედ ხალვაში რჩება. თუ "რუსთავი 2" უკანონოდ წაგართვეს, რატომ არ დაობთ?

- ქიბარმა თქვა, რომ შეთანხმებისთვის მზად არის და ტელევიზია მხოლოდ თავისთვის არ სურს. თუმცა, თუ ქიბართან ვერ შევთანხმდით, მისი გამარჯვება საქმეს ჩვენც გაგვიმარტივებს და საჭიდაო მხოლოდ მასთან დაგვრჩება.

- თუ სასამართლო პროცესი არჩევნებამდე დასრულდა, ივანიშვილი კომპენსაციას გთავაზობთ, რომ ტელეკომპანიაში მენეჯმენტი არჩევნებამდე არ შეიცვალოს. ამაზე თანახმა ხართ?

- ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი, მაგრამ ამ წინადადებაზე უარს ვამბობ. ამ ეტაპზე მთავარია სამართლიანობის აღდგენაა. გვინდა, არხი კრიტიკული იყოს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე მიბმული.

რუსუდან შელია