"საქართველოში არჩევნები ხელჩართული ბრძოლაა კბენით, ღრენითა და ბწკენით" - კვირის პალიტრა

"საქართველოში არჩევნები ხელჩართული ბრძოლაა კბენით, ღრენითა და ბწკენით"

"თუ ვინმე იტყვის, რომ სანდრა რულოვსს ჩემზე მეტად უყვარს საქართველო, უსინდისოა"

ვერ ასრულდა შალვა ნათელაშვილის სურვილი, მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრი შეეკრიბა. რთული მისია - ოპოზიციურ პარტიებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა და ურთიერთობის კოორდინაციის რეჟიმში გადაყვანა დაევალა გოგა ხაინდრავას, რომელსაც მიაჩნია, რომ ნოღაიდელის გამო ერთობისაგან თავის განზე დაჭერა სახეირო საქმე არ არის:

- ნოღაიდელის თემა ზედმეტად გაზვიადებულია. ეს მხოლოდ საბაბია. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ეტყობა, არის რაღაც გარემოებები, რაც არ ვიცი. ძნელი წარმოსადგენია, ხაზინის ქურდის გამო საკუთარი სახლის გადარჩენაზე თქვა უარი. სააკაშვილი და მის გარშემო შეკრებილი ხალხი, ვინც უმოწყალოდ ძარცვავს ქვეყანას, ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ერთი ნოღაიდელი, რომელიც, ჩემი აზრით, წმინდა სახელისუფლებო პროექტია. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს მცდელობა, რომ შეიქმნას ნაციონალ-მედასავლეთეებისა და პრორუსული ძალების პოლუსი და ამ მიზნით არის გამოყენებული ნოღაიდელი.

საქართველო რომ უფსკრულშია, ამის კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში გუანტანამოს სამი პატიმრის ჩამოყვანაა. როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, მისი პირადი მტერი გავხდები, ვინც არ გამოიძიებს იმ უბედურებებს, რაშიც ამ ხელისუფლებას ურევია ხელი. გუანტანამოს ეს სამი პატიმარი თანამშრომლობაზე წავიდა ამერიკის ადმინისტრაციასთან, ჩაუშვეს თანამებრძოლები და ამის გამო მტრად შერაცხა "ალ-ქაიდამ" და  სხვა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა. უსინდისო, საკუთარი ქვეყნის მტერი უნდა იყო, რომ ასეთი პირების საქართველოში ჩამოყვანას დათანხმდე.

თუ დამნაშავეები არიან, რატომ უნდა იყვნენ სატუსაღოს გარეთ?! საქართველო იმდენად დაუცველი ქვეყანაა, პრეზიდენტის სატელეფონო საუბრებიც კი ისმინება, ყველაფერი ჭუჭყიანი საცვლებივით არის გამოფენილი და ვინ მისცემს ჩემს, თქვენს, სააკაშვილისა და მერაბიშვილის შვილებს უსაფრთხოების გარანტიას, ვინ გამორიცხავს საქართველოში ტერაქტების ალბათობას? მაგრამ სააკაშვილი ყველაფერზე მიდის საკუთარი სკამის გადარჩენისათვის. სამწუხაროდ, ბრმებისა და ყრუების ქვეყანაში ვცხოვრობთ. ვინც სააკაშვილის რეჟიმს ეგუება, უსინდისო, ლაჩარი და მშიშარაა.

- ეს ბრალდება ოპოზიციასაც შეიძლება წაუყენოთ, რომელიც ვერა და ვერ ერთიანდება.

-  ოპოზიციამ რომ საერთო ენა გამონახოს, მცდელობას არ დავაკლებ, მაგრამ უკვე წარმოუდგენლად მეჩვენება ქართველების გაერთიანება. გაგრასა და სოხუმის შემოგარენში ჩვენს დებსა და ძმებს რომ ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და აწამებდნენ, იმ დროს ქართველების ნაწილს აფხაზეთისაკენ მიმავალი გზა ჰქონდა გადაკეტილი და ჩვენს შენაერთებს არ უშვებდა, რადგან შიდა ქიშპს ვიყავით გადაყოლილი. თორმეტჯერ ჩავედი ლოთი ქობალიასთან, ჯერ მტერი მოვიგერიოთ და მერე გავარკვიოთ ურთიერთობა-მეთქი.

ახლაც ასევე ვეუბნები ფორუმს, "ალიანსსა" და სხვებს, ჯერ ესენი მოვიგერიოთ, ასანთი ხელიდან წავართვათ, თორემ საბოლოოდ დაწვავენ ჩვენს სახლს, რომელსაც ორჯერ (2007 წლის 7 ნოემბერსა და 2008 წლის აგვისტოში) უკვე მოუკიდეს ცეცხლი. ეს კაცი პირდაპირ გვეუბნება, დედაბუდიანად გადაგწვავთ ყველასო.

მემარჯვენეებიც, მემარცხენეებიც, პრორუსებიც, პროდასავლელებიც და პროჩინელებიც ყველა ერთად დავიწვებით. ვისაც პოლიტიკაში უმწიკვლო ქალიშვილის თამაში უნდა, ითამაშოს, მაგრამ ვერ გამიგია, ნოღაიდელის საბაბით რატომ არ უნდა იბრძოლო შენი მომავლისათვის?

- 13 მარტის "ქრონიკით" რა გვითხრა ხელისუფლებამ?

- იმას, რაც იმ საღამოს ტელევიზიით ვიხილე, "ნაციონალური თავდასხმის გეგმა" დავარქვი. სააკაშვილმა პირდაპირ გვაჩვენა, რასაც უპირებს ქვეყანას, ოპოზიციასა და საზოგადოებას. წინასწარ გვითხრა, რომ არჩევნები გაყალბდება, რასაც გამოსვლები მოჰყვება და გაგვაფრთხილა, ცეცხლს გავხსნიო.

- რუსეთის მომხრეთა შორის თქვენც მოგიხსენიეს "ქრონიკის" სიუჟეტში.

- ძალიან კარგად იციან, რომ გამოძიებასა და მათ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ვიქნები და ამიტომაც მერჩიან. სააკაშვილი, ბეჟუაშვილები, ბენდუქიძე და მერაბიშვილი მართლაც ემსახურებიან რუსებს, ჩემი ოჯახის ოთხი თაობა კი რუსულ იმპერიალისტურ ძალას  ებრძოდა.

სააკაშვილი თავისუფალ არჩევნებს არ დაუშვებს, საბოლოო ჩეკს ის გამოწერს. არჩევნების მეორე დღეს კი რონდელი და გია ნოდია გვეტყვიან, უგულავამ გაიმარჯვაო. ირაკლი ალასანიას ისეთი პროპაგანდისტი ვიყავი, როგორიც მისი თანაალიანსელები არ ყოფილან. მათსავით ირაკლისთვის "გამოუცდელი ბიჭი" არ მიწოდებია და არც მუშტები მიბრახუნებია მაგიდაზე ზოგიერთივით, ირაკლი ალასანიამ ბოდიში მოიხადოსო.

ირაკლი მართლაც პერსპექტიული პოლიტიკოსია, მაგრამ საქართველოში არჩევნები ხელჩართული ბრძოლაა კბენით, ღრენითა და ბწკენით. ინტელექტუალურ დონეზე ჩატარებული საარჩევნო კამპანიით არა მგონია, ირაკლიმ ძალაუფლება  გამოჰგლიჯოს სააკაშვილს. მისი გულშემატკივარი ვარ და ვურჩევ, საარჩევნო კამპანია უფრო აგრესიული და ბობოქარი ჰქონდეს.

- მორაგბეებზე გაკეთებული განცხადებით ძალიან გააკვირვეთ საზოგადოება.

- ხშირად მსაყვედურობენ ჟურნალისტებთან  ცუდი დამოკიდებულების გამო. არ მოსწონთ, სახელისუფლებო სატელევიზიო არხებს საროსკიპოებს რომ ვუწოდებ. "რუსთავი 2"-მა საგანგებო სიუჟეტი მოამზადა, ვის არ გაუხარდა რუსებზე ჩვენი მორაგბეების გამარჯვებაო და მოწინააღმდეგედ მე გამომიყვანეს. არადა სწორედ ქართველი მორაგბეები არიან ისინი, ვინც საქართველოს ღირსება დაიცვეს მსოფლიო ასპარეზზე. მათი თამაშის შემყურემ ისეთი სიამაყე ვიგრძენი, მზად ვარ, ნებისმიერ ქართველ მორაგბეს ფეხები დავბანო.

თვალზე ცრემლი მადგება ხოლმე, როდესაც ვხედავ, რას აკეთებენ მოედანზე, მაგრამ უწინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, - სპორტული თვალსაზრისით ტრაპიზონში ჩატარებულ მატჩს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. იმდენად ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, გამარჯვების შანსი მინიმალური  გვაქვს.  თუ ხაზი ესმება ომის შემდგომ რუსების დამარცხებას, ეს სწორედ აგვისტოს ომის მერე მოხდა კრასნოდარში და რატომღაც მაშინ არავის უზეიმია ჩვენი მორაგბეების მართლაც მნიშვნელოვანი გამარჯვება.

17 წელია რუსებს რაგბიში ვუგებთ და რა მოხდა ახლა განსაკუთრებული, რომ ტაშ-ფანდური გაგვემართა და ტრაპიზონიდან ბათუმამდე სუფრები გაგვეშალა. ამ თამაშსა და გამარჯვებას მხოლოდ პროპაგანდისტული დატვირთვა ჰქონდა. თუ ვინმე იტყვის, რომ სანდრა რულოვსს, აღტაცებისაგან ლამის ტრიბუნიდან რომ გადმოფრინდა, ჩემზე მეტად უყვარს საქართველო, უსინდისოა და ჩაეხუტოს გულში "რუსთავი 2"-ს.

ტრაპიზონში გამართული თამაში 3 მილიონი დოლარი დაჯდა. 6 ათასი კაცი ჩაიყვანეს საქართველოდან და მინიმუმ სამი დღე დარჩნენ იქ. აჯობებდა ეს თანხა მოეხმარათ მორაგბეთა ასაშენებელი სტადიონისათვის, რომელსაც ლამის 20 წელია აშენებენ.

- რაკი ჟურნალისტები ახსენეთ, მინდა პრესაში გამოქვეყნებულ ერთ ფოტოზე გკითხოთ. გაზეთის გარეკანზე თქვენც ხართ ლევან გაჩეჩილაძესთან, ეროსი კიწმარიშვილსა და კოკა გუნცაძესთან ერთად. იქნებ გაგვიმხილოთ, რა მიზნით შედგა ეს შეკრება?

- იმ დღეს "უცნობს" უკეთებდნენ ოპერაციას გულიკო ჩაფიძის კლინიკაში. წინადღეს გულის მძიმე შეტევა ჰქონდა და ყველანი ძალიან ვნერვიულობდით. 4-5 საათი ვიყავით საავადმყოფოში. გია საოპერაციოდან რომ გამოიყვანეს, გვითხრეს, 2 საათი ნახვა არ შეიძლებაო და კლინიკის მოპირდაპირე მხარეს გადავედით სამარხვო ხინკლის საჭმელად.

იქვე ორნი ისხდნენ, ნახევარი ჭიქა წყალი და ერთი ხინკალი ედოთ მაგიდაზე. არც უთხოვიათ ნებართვა, ისე გადაგვიღეს სურათი და მერე გვითხრეს, სააგენტოდან ვართო. ვუთხარი, რადგან ვანო მერაბიშვილი პურმარილის ფულს არ გაძლევთ, ჩვენ დაგპატიჟებთ-მეთქი. სახინკლეში ხუთი კაცი  ვისხედით, სამარხო ხინკალს ვჭამდით და რა მოხდა ისეთი, რომ გაზეთში თანაც პირველ გვერდზე დიდი ამბით დაბეჭდეს?