"სკოლებში მანდატურები შევლენ" - კვირის პალიტრა

"სკოლებში მანდატურები შევლენ"

"მოხალისე მასწავლებლები ჩვენი მოქალაქეების ოჯახებში იცხოვრებენ"

"ფეხები აქვს მომტვრეული ბავშვს, რომელიც მეთერთმეტეკლასელებმა ჰაერში ააგდეს და ხელი აღარ შეაშველეს"

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმების მეორე ტალღისთვის ემზადება. თუ ნოდია და გვარამია ლომაიას დროინდელი მემკვიდრეობისაგან გათავისუფლებას (ავეჯიც და რემონტიც კი პოსტრევოლუციური განათლების პირველი მინისტრის დროინდელი ჰქონდათ) არც ცდილობდნენ, დიმიტრი შაშკინს, ჩანს, ბევრი რამის შეცვლა უნდა. სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან:

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბევრი რამის შეცვლას აპირებთ.

- რა თქმა უნდა, ბევრ რამეს შევცვლით. სამინისტრომ ორწლიანი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა, მუშავდება ხუთწლიანი გეგმაც. გვინდა სტრატეგიული გეგმა პარლამენტმა და საზოგადოებრივმა დარბაზმაც განიხილოს.

- პრესაში წავიკითხე, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადასვლის შემდეგ წონაში მკვეთრად დაიკელით. განათლების მინისტრობა სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობაზე რთულია?

- განათლების სისტემა გაცილებით დიდია და დრო გჭირდება ამ ყველაფრის მოსაგვარებლდ. სკოლაში 600 ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს, დაახლოებით 2400 სკოლა, 80 ათასი მასწავლებელი და 30 ათასი ადმინისტრაციული პერსონალია. ასევე გვაქვს 65 აკრედიტებული და 100 ლიცენზირებული უნივერსიტეტი, 42 სახელმწიფო სპეცსასწავლებელი, სადაც ყოველწლიურად ათასამდე მოქალაქე სწავლობს. ეს სტატისტიკა კარგად წარმოაჩენს, რა სირთულესთან გვაქვს საქმე.

- როდესაც კანადიდან 1000 მოხალისე ინგლისურის მასწავლებლის ჩამოსვლის თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია, სოციალურ ქსელებში ამას შეფასება მოჰყვა, ეს ქართველ მასწავლებლებს უმუშევრად დატოვებით ემუქრებაო. რამდენად ახლოსაა ეს შეფასება რეალობასთან?

- მოხალისე მასწავლებლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს ჩეხეთში, ჩილეში, იაპონიაში. ეს პროგრამა აქამდეც ჰქონდა "მშვიდობის კორპუსს", მაგრამ მას პედაგოგების ჩამოყვანის შეზღუდული ლიმიტი აქვს. ამიტომაც დავიწყეთ ახალი პროგრამა. მოხალისე მასწავლებელი კლასში ქართველ მასწავლებელთან ერთად შევა. ამის შედეგად პედაგოგიც გამოცდილებას შეიძენს და ბავშვიც ცოდნას მიიღებს იმ მასწავლებლისაგან, რომლისთვისაც ინგლისური ენა მშობლიურია.

მოხალისე მასწავლებლები ჩვენი მოქალაქეების ოჯახებში იცხოვრებენ და სკოლის შემდეგ ბავშვებსა და მათ მშობლებთან ექნებათ ურთიერთობა. როდესაც თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებიან, ჩვენი ქვეყნის სახალხო დესპანები იქნებიან. უცხო ენის შესწავლა ყოველთვის კარგია იმ ადამიანთან ურთიერთობით, რომლისთვისაც ესა თუ ის ენა მშობლიურია. განათლება არ არის ელიტური პრივილეგია, ის ყველას ეკუთვნის.

მოხალისე მასწავლებლები ხელფასს არ აიღებენ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ისინი მხოლოდ ყოველდღიურ სამივლინებო თანხას მიიღებენ.

კანადაში ბევრი პენსიონერი მასწავლებელია, რომელთაც აქვთ ენერგია და უნდათ ცოდნა სხვებსაც გადასცენ. ასევე ჩამოვლენ ენათა ინსტიტუტის უძლიერესი დოქტორანტები და მაგისტრები, რომლებსაც ენების სწავლების განსაკუთრებული მეთოდოლოგია აქვთ.

- უსაფრთხო სკოლა ისევ პრობლემად რჩება, მოსწავლეებს სკოლაში ცივი იარაღი დააქვთ. მშობელი სკოლაში რომ უშვებს შვილს, არ არის დარწმუნებული, რომ ბავშვი საღ-სალამათი დაუბრუნდება.

- სკოლაში წესრიგი აუცილებლად დამყარდება, ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ სკოლა უსაფრთხო იყოს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროკურატურასთან ერთად ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც არასრულწლოვანებში დანაშაულის პრევენციას ითვალისწინებს. იურისტები მოსწავლეებს ლექციებს უტარებენ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.

იმისათვის, რომ სკოლაში აღარ იყოს ე. წ. "ფულის შეწერა", ვაპირებთ ბარათების შემოღებას, რომელსაც ბანკები უსასყიდლოდ გადასცემენ მოსწავლეებს. მშობელი შვილს ბარათზე ჩაურიცხავს თანხას, ამის გაკეთება მას მობილური ტელეფონითაც შეეძლება. როდესაც მშობელი შვილს ფულს აძლევს, დაზღვეული არ არის, რომ ის სიგარეტს, ნარკოტიკს ან სასმელს არ იყიდის.

ბარათების სისტემა კი ამ პრობლემას აუცილებლად მოაგვარებს. იგეგმება კიდევ ერთი სიახლეც: თუ მშობელს სურვილი ექნება, როდესაც მისი შვილი სკოლაში შევა და სპეციალურ აპარატში თავის ბარათს გაატარებს, მშობელს ტელეფონზე ტექსტური შეტყობინება მიუვა, რომ ბავშვი სკოლაში შევიდა. მშობელი შვილის სკოლიდან გამოსვლისასაც მიიღებს შეტყობინებას, რომ ბავშვმა სკოლა დატოვა.

15 აპრილიდან 10 სკოლაში მანდატურებიც შევლენ - ორი მამაკაცი და ერთი ქალი.

- იქნებ დააკონკრეტოთ, მანდატური პოლიციელია?

- მანდატურები, რომლებიც 10 საპილოტე სკოლაში უნდა შევიდნენ, ამერიკული პროგრამის ფარგლებში ამჟამად სპეციალურ კურსს გადიან. მანდატურებს არა აქვთ უფლება, ვინმე დასაჯონ. ისინი ექვემდებარებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მათ სპეციალური ფორმა და რაცია ექნებათ. მანდატურის ამოცანაა სკოლებში კონფლიქტისა და წესრიგის დარღვევის პრევენცია.

სკოლაში მათ გამოუყოფენ ოთახს, სადაც კომპიუტერი დაიდგმება და მასზე სკოლის შიდა კამერები იქნება შეერთებული. მანდატურის მოვალეობაა, შეაფასოს კონფლიქტური სიტუაცია. კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლიათ საქმის კურსში ჩააყენონ დირექტორი და რეაგირება მოსთხოვონ, ხოლო თუ მანდატური მიიჩნევს, რომ დირექტორმა ამა თუ იმ ფაქტს წაუყრუა, შეუძლია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართოს.

თუ სიტუაცია მშობლის ჩარევას საჭიროებს, მანდატურები დაუკავშირდებიან და ზომების მიღებას მოსთხოვენ. სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში მანდატურს უფლება აქვს პატრულსაც გამოუძახოს.

მანდატური კანონით დაცული იქნება და არავის ვურჩევდი, მათ შეურაცხყოფა მიაყენოს. აღდგება სკოლიდან გარიცხვის პროცედურაც.

იყო შემთხვევა, როდესაც მეთორმეტეკლასელებმა პირველკლასელი მოსწავლე ტუალეტში დაიჭირეს, ხელში ლურსმანი დააჭედეს და მიატოვეს. ეს XXI საუკუნეში, თბილისში მოხდა; დღესაც ფეხები აქვს მომტვრეული ბავშვს, რომელიც მეთერთმეტეკლასელებმა ჰაერში ააგდეს და ხელი აღარ შეაშველეს; იყო სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღის შეტანის ფაქტიც. ერთი კვირის წინ პატრულმა სკოლიდან გასვლისას დააკავა მეთორმეტეკლასელი, რომელსაც ჯიბეში ცეცხლსასროლი იარაღი ედო. საბედნიეროდ, მოსწავლე მანამდე დააკავეს, ვიდრე იარაღს გამოიყენებდა.

- დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ძალიან ღელავენ 10 გამოცდის გამო. ბევრი კითხულობს, გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები ერთად ჩატარდება თუ ცალ-ცალკე?

- ამ საკითხზე სკოლებს უკვე გავუგზავნეთ ახსნა-განმარტებითი ბარათები. ივლისში, აბიტურიენტები 4 გამოცდას ჩააბარებენ: უნარ-ჩვევებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში და მეოთხეს "ბ" დონის ტესტის შევსებისას შვიდი საგნიდან თვითონ აირჩევენ. მიმდინარე წლიდან სტუდენტი გრანტს უნარ-ჩვევების მიხედვით აღარ მიიღებს. გრანტი ყველა საგანში მიღებულ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული. უმაღლესი სასწავლებელი თვითონ ანიჭებს ამა თუ იმ საგანს მეტ ან ნაკლებ ქულას და ამის მიხედვით განისაზღვრება გრანტისთვის საჭირო ქულები.

სკოლებში ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სკოლაში აღარ დადიან. ისინი იმ სამ საგანში ემზადებიან, რომლებიც უმაღლესში მოსახვედრად სჭირდებათ. გამოდის, სკოლა, რომელიც მოსწავლეს ზოგად განათლებას აძლევს, თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ატესტატს მიიღებს ის მოსწავლე, რომელიც 10 ძირითად სავალდებულო საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს.

2011 წლის ივლისში სკოლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები საგამოცდო ცენტრებში პარალელურად ჩატარდება. როდესაც მოსწავლე გამოცდაზე აიღებს ტესტს, იქ აღნიშნული იქნება "ა" და "ბ" ვარიანტები. "ა" დონის ტესტის შევსება გულისხმობს მინიმალური კომპეტენციის გადალახვას, ხოლო ტესტის "ბ" დონე აბიტურიენტმა იმ საგანში უნდა შეავსოს, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებსაც აბარებს. და კიდევ, მოსწავლეები არა ათს, არამედ რვა გამოცდას ჩააბარებენ, - ქართული ენა და ლიტერატურა ერთი საგანია.

უნარ-ჩვევები კი, როგორც საგანი, სკოლაში არ ისწავლება. უნარ-ჩვევებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩააბარებს მოსწავლე, თუ უმაღლეს სასწავლებელში აპირებს სწავლის გაგრძელებას.

მნიშვნელოვანია, რომ მე-12 კლასში ყველა სკოლა დაიწყებს მოსწავლეების მომზადებას მინიმალური კომპეტენციის გამოცდის ჩაბარებისათვის. ზოგიერთი საგანი დამამთავრებელ კლასში აღარ ისწავლება. ამიტომ აუცილებლად მივიჩნიეთ, სკოლაში მოსწავლეებს ჰქონდეთ დამატებითი გაკვეთილები, რომ წინა წლებში ნასწავლი საგნები გაიმეორონ.