”ამ ხელისუფლებას ”სახტად დატოვების რეჟიმში” ვყავართ და გონზე მოსასვლელ დროს არ გვიტოვებს” - კვირის პალიტრა

”ამ ხელისუფლებას ”სახტად დატოვების რეჟიმში” ვყავართ და გონზე მოსასვლელ დროს არ გვიტოვებს”

"ეს იყო ფსიქოტრონული იარაღი, რომელმაც არაერთი ინფორმაცია დალექა ჩვენს ტვინში"

ნატოს წარმომადგენელმა 13 მარტის მოდელირებულ "ქრონიკას" არაგონივრული და უსარგებლო უწოდა. ქართველი საზოგადოებისათვის ეს ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, ჯერაც ვერ გამოსულა შოკიდან. რა ჩაიდო ამ გადაცემით ქართველი ხალხის ცნობიერებაში და რისთვის გვამზადებს ხელისუფლება? - ამ თემებზე პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე გვესაუბრება:

- 13 მარტის მოდელირებული "ქრონიკის" მსვლელობისას ქუთაისის ბრიგადაში (და სხვაგანაც) განგაში გამოცხადდა. პირად შემადგენლობას იარაღი დაურიგდა, ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში იყო. საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებშიც, რომელიც ახალგორსა და ცხინვალში არიან დისლოცირებული. რეალური იყო საფრთხე, კონფლიქტი განახლებულიყო. რამდენადაც ვიცი, ამ გადაცემამ აღაშფოთა თავდაცვის მინისტრიც.

ეს იყო ფსიქოტრონული იარაღი, რომელმაც არაერთი ინფორმაცია დალექა ჩვენს ტვინში. ხელისუფლებამ თავში ჩაგვიდო, რომ არჩევნებს მოიგებს, ოპოზიცია დამარცხდება და თუ ამის გამო ხალხი ქუჩაში გამოვა, ვიღაც გაისვრის.

- ითქვა, მოდელირებულ "ქრონიკაზე" ამერიკელი კონსულტანტებიც მუშაობდნენო.

- არა მგონია. ძალიან დაბალი დონის ნამუშევარი იყო. ამ სიუჟეტით ხელისუფლებამ გვითხრა, არჩევნების დათმობას არ ვაპირებ, თუნდაც ამას ქვეყნის სტაბილურობა შეეწიროს და  რუსი ტანკით შემოვარდესო. სააკაშვილმა ასევე აღიარა, რომ ხალხის უნდობლობას  გრძნობს.

მოდელირებული "ქრონიკის" მიხედვით, თუ პროცესების ესკალაცია დაიწყო, ოპოზიცია გაერთიანდება და რუსეთის საქმეს გააკეთებს.   ძალიან მარტივი ასახსნელია ალასანიასთვის გადასმული წითელი ხაზიც. ეს 25-ე კადრის ეფექტისთვის სჭირდებოდათ. თავში ჩაგვიდეს, ადგილობრივ არჩევნებზე ალასანია  გადახაზეთო. ასე რომ, არც ალასანია დაინდვეს.

ამის შემდეგ მოდელირებულ "ქრონიკაში" ჩნდება სხვა სცენარი: აჩვენებენ შავნაბადის ბატალიონის დახოცილ ჯარისკაცებს და აცხადებენ, კოკოითის თავს დაესხნენო. პარალელურად რუსული არხები გადმოსცემენ, კოკოითის  ქართველი ჯარისკაცები დაესხნენო. ქართული მხარე თავს იცავს განცხადებით, რომ რამდენიმე დღის წინ შავნაბადის ბატალიონის რამდენიმე ჯარისკაცი დაიკარგა. ისინი რუსებმა მოიტაცეს და პროვოკაცია მოაწყვესო.

ნუთუ ასეთი დაუცველია ქართველი ჯარისკაცი? თუ "ქრონიკას" დავუჯერებთ,  არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რუსეთმა ამგვარი პროვოკაცია თბილისიდან 30 კილომეტრში მოგვიწყოს და  კიდევ ერთი ომი გადავიტანოთ. მოდელირებული "ქრონიკის" შემდეგ კიდევ უფრო დაუცველები გავხდით. შეიძლება დაიჭირონ ქართველი ჯარისკაცი, ქათამივით მოკლან და მერე თქვან, ამან ტერაქტი მოაწყოო და ცხინვალის ცენტრში თავადვე ააფეთქონ რაღაც.

ამის მერე თანდათან იკვეთება ხელისუფლების მეთაურის შიში. სიუჟეტში მედვედევი აცხადებს, ჯარები უნდა დავძრა საერთაშორისო დამნაშავის შესაჩერებლადო. მარტო სააკაშვილს ერჩის.  მხოლოდ ფსიქიკური  პრობლემის მქონე დაუშვებს, რომ ერთი სახელმწიფოს პრეზიდენტმა მეორე ქვეყნის პრეზიდენტის ლიკვიდაციის მიზნით ომი დაიწყოს.

შემდეგ მოდელირებულ "ქრონიკაში" შემოდის მესიჯი - საქართველოს ნეიტრალიტეტისა და დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ. მთელი ოპოზიციური სპექტრი, ალასანიას გარდა, ცხინვალშია ჩასული. ნოღაიდელის (და შემდეგ ბურჯანაძის) სახით შეიქმნა ბუა და ამაში ოპოზიციურმა სპექტრმაც შეასრულა როლი.

ეს იყო გზავნილი ოპოზიციისთვის, თუ ნოღაიდელი და ბურჯანაძე დაელაპარაკებიან ოსებს, მოღალატეებად გამოცხადდებიან და დანარჩენებმაც იცოდეთ,  თქვენც ამ კონტექსტით მოგიხსენიებთ, ყველას მიგაბამთ მეხუთე კოლონასო.

ხელისუფლება ამ გზით ცდილობს საზოგადოებისა და ოპოზიციის  დათითოკაცებას.

- მოდელირებული "ქრონიკის" ყველაზე მგრძნობიარე ეპიზოდი ჯარის მტრის მხარეს გადასვლა იყო. ეს რაღას ემსახურებოდა?

- ჯარს ყოველთვის შთააგონებენ, რომ გაიმარჯვებს. მოდელირებულ "ქრონიკაში" კი ვნახეთ მტრის მხარეს გადასული ბატალიონები. მოდელირებულ ვარიანტშიც კი არ დაუშვეს, რომ თავდაცვის სამინისტრომ საბრძოლო სულისკვეთება გამოავლინა. ნაცვლად იმისა, ეთქვათ, მობილიზაცია გამოცხადდა, ჩვენმა მეომრებმა  ფრონტი გაშალეს, მოწინააღმდეგის შენაერთებს შემოჭრის უფლება არ მისცეს და ბრძოლა ცხინვალის ტერიტორიაზე გადაიტანესო, გვითხრეს, - ჯარის ნაწილი  გადავიდა მტრის მხარეს, მოწინააღმდეგე თბილისისკენ მოიწევს და ბრძოლა მცხეთასთან მიმდინარეობსო. საწყალ ხელისუფლებას ისღა რჩება, რომ იატაკქვეშეთში მიდის და პრეზიდენტი იქიდან მოგვიწოდებს: დანო და ძმანო და ა.შ....

სად იყო მთავარსარდლის გამოსვლა, პრეზიდენტის ბრძანება შეიარაღებული ძალებისათვის, მოწოდება - არც ერთი ნაბიჯი უკან, ჩვენ უკან თბილისიაო. არავითარი კომენდანტის საათის გამოცხადება, შს სამინისტროსთვის გაცემული ბრძანება და  პარლამენტის შეკრება. წარმოგიდგენიათ, მოდელირებულ "ქრონიკაშიც" კი არ ჩანდა, რომ საქართველო სახელმწიფოა. არავინ აიღო პასუხისმგებლობა ტრაგედიის გამო. ეს რომ ვერ ნახა მოსახლეობამ, იმიტომაც ჩავარდა პანიკაში, დაინახა, რომ არც პატრონი ჰყავს და არც არავინ არის პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ამ გოგო-ბიჭების სათამაშო და  დროის სატარებელი გახდა ეს ქვეყანა.

არ გაგიკვირდათ, მოდელირებულ "ქრონიკაში" განმუხურში პრეზიდენტის არაჩვეულებრივი გმირობის მსგავსი მაგალითი რომ არ ჩაურთავთ? ეტყობა, გორში გაქცევის შემდეგ განმუხურისმაგვარი გმირობა მოდელირებულ გადაცემაშიც ვეღარ შეიტანა სააკაშვილმა. გორის მერე ვეღარ დაგვაჯერებს, რომ ტანკს ლულას მოუღუნავს.

2003 წლიდან ამ ხელისუფლებას "სახტად დატოვების რეჟიმში" ვყავართ. ესეც ტერორის ერთგვარი ფორმაა. გონზე მოსასვლელ დროს არ გვიტოვებს. ქართველი ხალხი მძევლად აიყვანა ხელისუფლებამ.

ხომ ხედავთ, გარბის ქართველი საქართველოდან?! თუ ასე გაგრძელდა, 25 წლის მერე საქართველო ქართველებისაგან დაიცლება.