"სურვილის შემთხვევაში არჩევნებში დამოუკიდებლადაც ვიყრი კენჭს" - კვირის პალიტრა

"სურვილის შემთხვევაში არჩევნებში დამოუკიდებლადაც ვიყრი კენჭს"

დავით თარხან-მოურავი: "მაჩაიძის წასვლის მიზეზი ჩვენი უარი გახდა - მას ვუთხარით, რომ სიის ხუთეულში ვერ მოხვდებოდა"

წინასაარჩევნოდ ცნობილი სახე "პატრიოტთა ალიანსსაც" გამოაკლდა - ფეხბურთელმა მანუჩარ მაჩაიძემ თანაგუნდელები პარტიაში ნიკა რამიშვილის შესაძლო გააქტიურების გამო დატოვა. როგორც თავად საკრებულოს წევრი აცხადებს, რამიშვილი ვანო მერაბიშვილის მეგობარია, დავით თარხან-მოურავის გადაწყვეტილებით კი, ის საარჩევნო სიაში უნდა ყოფილიყო.

მანუჩარ მაჩაიძე: -"პატრიოტთა ალიანსში" ერთ წელზე მეტია აბსოლუტურად გაუგებარი ვითარება მწიფდება - გამოჩნდნენ პირები, რომლებიც ჩვენ გვერდით არ უნდა მდგარიყვნენ. მაგალითად, ნიკა რამიშვილი, რომელიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, დიანა ჯოჯუას მეუღლე და ვანო მერაბიშვილის ახლო მეგობარია. ვიცი, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებთანაც, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილსა და ზურა ადეიშვილთანაც მეგობრობდა.

- თუ ნიკა რამიშვილი პარტიაში ერთი წლის წინ შეამჩნიეთ, ამ დრომდე პროტესტი რატომ არ გამოხატეთ?

- ნიკა რამიშვილზე ადრეც მსმენია, თუმცა არავის უთქვამს, რომ ის "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიაში უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, პარტიის პოლიტსაბჭოზე შევიტყვე, სადაც ითქვა, საარჩევნო სიის ლიდერებს შორის ნიკა რამიშვილიც უნდა ჩავსვათო. ნიკა რამიშვილის გაწევრებას პარტიის პოლიტსაბჭოს ათივე წევრმა მხარი ისე დაუჭირა, მის კავშირებზე კითხვაც კი არ დაუსვამთ. ჩემი თვითმიზანი პარლამენტში მოხვედრა არ გახლავთ, როგორც ამას ირმა ინაშვილი ამტკიცებს - პოლიტიკურ პროცესებში 90-იანი წლებიდან აქტიურად ვმონაწილეობდი, ასე რომ, სურვილის შემთხვევაში არჩევნებში დამოუკიდებლადაც ვიყრი კენჭს, ამის რესურსი ნამდვილად მაქვს.

დავით თარხან-მოურავი, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი: - პარტიის პოლიტსაბჭოზე საარჩევნო სიაზე საუბარი მართლაც გვქონდა, თუმცა არავის განუცხადებია, ჩვენს რიგებში ნიკა რამიშვილი შემოდისო. ეს სიცრუეა. რეალურად, პარტიიდან მისი წასვლის მიზეზი ჩვენი უარი გახდა - მას ვუთხარით, რომ სიის ხუთეულში ვერ მოხვდებოდა. არ შეიძლება ყველგან, საკრებულოსა და პარლამენტშიც, მხოლოდ მანუჩარ მაჩაიძე გვყავდეს.

- თქვენი პარტია ყველაზე მძაფრად სწორედ კოაბიტაციას აკრიტიკებს. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მეგობარი თქვენი მხარდამჭერი როგორ აღმოჩნდა?

- ნიკა რამიშვილის მშობლების მეჯვარე ვარ, მის ბაბუასაც კარგად ვიცნობდი, ჩვენ შორის ურთიერთობა პოლიტიკამდე დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდა. რაც შეეხება მერაბიშვილთან ნიკას მეგობრობას, ის "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ ლიდერთან არ მეგობრობს. დიანა ჯოჯუას მეუღლეობა კი დანაშაული არ გახლავთ, ნიკა ექვსი წლის წინ დაოჯახდა, მე კი მას დაბადებიდან ვიცნობ. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილსაც პირადად ვიცნობ, მაგრამ მისი პრეზიდენტის სკამიდან ჩამოგდება ჩემი დამსახურებაცაა. საბჭოზე მხოლოდ განვიხილეთ, როგორ და რა ფორმით შეიძლებოდა ნიკასთან თანამშრომლობა, სიაზე საუბარიც კი არ ყოფილა.

- მაჩაიძის განცხადების შემდეგ მოიხსნა ეს საკითხი პარტიის დღის წესრიგიდან?

- მაჩაიძის განცხადებები ნამდვილად ვერ შეგვაშინებდა... საერთოდ ამ საკითხზე მაჩაიძე არც კი ისაუბრებდა, ხუთეულში ყოფნის გარანტია რომ მიეღო.

რუსუდან შელია