"ნაციონალებს" გამჩენი არ ასვენებთ" - კვირის პალიტრა

"ნაციონალებს" გამჩენი არ ასვენებთ"

ლადო გეგეშიძე: "8 ოქტომბერს ხომ იქნება არჩევნები, აი, ამ ავადმყოფ პარტიას სწორედ იქ დავასრულებ"

"გასულ კვირას "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს: ვლადიმერ გეგეშიძესა და გიორგი გიგაურს საკრებულოს შუალედურ არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე სოლიდური თანხა გადაერიცხათ. ავთენტურია თუ არა დოკუმენტი, ამის დადგენას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი გამოძიებისგან მოითხოვს:

"ალფა ბანკის" პასუხმა ეჭვები უფრო გაგვიმყარა"

- დოკუმენტებით ირკვევა, რომ დავით ქარსელაძემ, იმავე "კალატოზამ", რუსულ "ალფა ბანკში" კორცხელის ორი "გმირის" - ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე ანგარიში გახსნა. ერთი დოკუმენტის მიხედვით, თავდასხმამდე ოთხი დღით ადრე, ანუ 17 მაისს, 16:08 საათზე, "კალა კაპიტალ ლიმიტედისგან" ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშზე 15 000 დოლარი, 17:54 საათზე კი, 10 000 დოლარი გადაირიცხა. იმავე დღეს "კალა კაპიტალ ლიმიტედისგან" გიორგი გიგაურის ანგარიშზე 10 000 დოლარი გადაირიცხა. დავით ქარსელაძე რუსეთში მცხოვრები ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია, მისი ძმა კი, ყოფილი მოჭიდავე ვასილ ქარსელაძე, კალაძის უშუალო ლობირებით თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

- "ალფა ბანკის" სათავო ოფისში განაცხადეს, რომ თქვენ მიერ გავრცელებული დოკუმენტები გაყალბებულია.

- "ალფა ბანკის" პასუხმა ეჭვები უფრო გაგვიმყარა. როგორც წესი, როდესაც ჟურნალისტები ბანკს მსგავსი კითხვით მიმართავენ, ის ოფიციალურად პასუხობს, რომ ინფორმაციას მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს მომართვის შემთხვევაში გასცემს. რაც შეეხება ავთენტურობის საკითხს, არსად მითქვამს, რომ ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტები ავთენტურია. გამოვაქვეყნე ის, რაც მომაწოდეს, დანარჩენი კი პროკურატურამ გამოიკვლიოს, თუმცა იმ ფონზე, როდესაც კახა კალაძე ამ დრომდე არ დაკითხულა, გამოძიების ეფექტურად წარმართვას ნამდვილად არ ველი. სპორტულ დარბაზებს, სადაც "ქართული ოცნების" ზონდერები ვარჯიშობენ, ქირაობს ორგანიზაცია, რომლის მფლობელიც კახა კალაძის ცოლისძმაა.

"ნაციონალებმა" სასიკვდილოდ გამიმეტეს"

"ნაციონალურ მოძრაობას" ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ლადო გეგეშიძე პასუხობს: - ვინმესგან ფულის აღება რომ მნდომოდა, თანხას ანგარიშზე ჩავარიცხვინებდი?! "ნაციონალებს" გამჩენი არ ასვენებთ, მაგრამ ვპირდები, თითოეულს მე მოვასვენებ. თუ ვინმე შეურაცხყოფას მომაყენებს, კარგად ვიცი, რასაც გავაკეთებ, 8 ოქტომბერს ხომ იქნება არჩევნები, აი, ამ ავადმყოფ პარტიას სწორედ იქ დავასრულებ.

- თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყალბი დოკუმენტები გაავრცელა, სასამართლოს რატომ არ მიმართავთ?

- რა სასამართლო, თანაც "ნაციონალებს" დიდი ხანია არავინ უსმენს.

- არც კახა კალაძის ცოლისძმის ორგანიზაცია იხდის თქვენი სავარჯიშო დარბაზის ქირას?

- კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ. მგონი, მხოლოდ ერთხელ ვნახე, ისიც აქციაზე. რეალურად, "ნაციონალებს" ჩემი ეშინიათ - მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფა ბევრს მიაყენეს, ჩემ გარდა ვერავინ ვერაფერი გაუბედა. მათთან პირადი ანგარიშიც მაქვს - 2009 წელს კარვების" აქციაზე ქალებსა და ბავშვებს "ნაციონალების" ზონდერები" გამოედევნენ, მაშინ ე.წ. სახალხო პოლიციის წევრიც ვიყავი, რომელიც აქციაზე ხალხის დასაცავად შეიქმნა. სასტიკად მცემეს, სასიკვდილოდ გამიმეტეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. "ნაციონალებს" კიდევ ერთხელ ვურჩევ - მიფრთხილდნენ.

"ჩემი ძმა გეგეშიძეს თანხას არასოდეს ჩაურიცხავდა"

ვასილ ქარსელაძე, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: - გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში კენჭს იყრიდა და ღიად დამიპირისპირდა, ამიტომ ჩემი ძმა მას თანხას არასოდეს ჩაურიცხავდა. დოკუმენტი, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა, ყალბია და ამას სასამართლოს გზით დავამტკიცებ. ცილისწამებისთვის ბევრს პასუხს მოსთხოვენ.